ყოფილი პრეზიდენტის შვილის მოულოდნელი გამარჯვება

კვირას, 3 ოქტომბერს ბოსნიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ბევრი რამ უნდა განესაზღვრა. მაგალითად – ქვეყანა უახლოესი 4 წლის განმავლობაში ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზით წავიდოდა თუ უფრო ღრმა კრიზისში ჩაეფლობოდა.
ქვეყნის მოქალაქეებს და კანონმდებლებს 3 სხვადასხვა დონეზე პრეზიდიუმის გუნდის 3 წევრისათვის ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ. ისინი 1995 წლიდან წარმოადგენენ ბოსნიის მთავრობას. მათ ეროვნული ნიშნით სერბი, ხორვატი და ბოსნიელი (მუსლიმი) მოსახლეობიდან ირჩევენ.
ძალაუფლების ამგვარი დაყოფის მიზეზი მწვავე ეთნიკური დაპირისპირება გახდა. დაძაბულობა კოალიციური მთავრობის საშუალებით ერთგვარად შერბილდა.
ქვეყნის პრეზიდიუმის ერთ-ერთი ყოფილი წევრი – პარტია „ბოსნია და ჰერცოგოვინისთვის” ბოსნიის წარმომადგენელი ჰარის სილაჯიჩი (ბოსნიელი მუსლიმი) ისევ იმედოვნებდა არჩევნებში გამარჯვებას. ის დემოკრატიული მოქმედების პარტიის კანდიდატმა ბაქირ იზეტბეგოვიჩმა დაამარცხა. ახლადარჩეული ლიდერი ბოსნიის ომისდროინდელი პრეზიდენტის, ალია იზეტბეგოვიჩის ვაჟია. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილაჯიჩის უმთავრესი მიზანი სერბეთის რესპუბლიკის გაუქმება და ბოსნიის ერთი კონსტიტუციის ქვეშ გაერთიანება იყო. უმცროსი იზეტბეგოვიჩი კომპრომისული ურთიერთშეთანხმების მომხრეა. ამიტომაც, მიუხედავად არცთუ მაღალი წინასაარჩევნო რეიტინგისა, პრეზიდიუმის წევრად სწორედ ის აირჩიეს.
ნაბოიშა რადმანოვიჩი, დემოკრატიული მოქმედების პარტიის წვერი და სერბეთის წარმომადგენელი, ქვეყნის ერთ-ერთ თანამმართველად აირჩიეს. მისი პარტია სერბული ნაწილის ცალკე სახელმწიფოდ გამოყოფის მომხრეა. პარტიის მეთაურმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა – მილორად დოდიკმა Wall Street Journal-ისათვის წინასაარჩევნოდ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ, მისი აზრით, 15 წელიწადში ბოსნია-ჰერცოგოვინა, როგორც სახელმწიფო, აღარ იარსებებს.
მესამე გამარჯვებული გახლავთ მლადენ ივანიჩი. ის ხორვატების წარმომადგენელია დემოკრატიული პროგრესის პარტიიდან. ის უფრო აქტიურად ცდილობს ბოსნიასთან დაკავშირებით რეალური გადაწყვეტილების მიღებას.
3 ოქტომბრის არჩევნები 1995 წლის შემდეგ რიგით მე-6 არჩევნები იყო ქვეყანაში ომის დასრულების შემდეგ. მასში მონაწილეობას 50-მდე პოლიტიკური პარტია და კოალიცია იღებდა.
 

კომენტარები