თავისუფლება სამედიცინო პროფესიას!

ჰიპოკრატე
ევროკომისიის ოფიციალურ საიტზე არის რუბრიკა ევრო-მითები. რუბრიკის მიზანია გააბათილოს ჭორები ევროკავშირში მოქმედი მარეგულირებელი წესების შესახებ. ერთ-ერთი გავრცელებული ჭორი ყოფილა, თითქოს მოღუნული კიტრის რეალიზაცია აკრძალულია და მოხრის რკალი არ შეიძლება აღემატებოდეს 10 მილიმეტრს. ოფიციალური განმარტების თანახმად ეს ტყუილია, რადგან ევროკავშირში მხოლოდ კიტრის კალიბრაციის წესები ყოფილა დადგენილი.

მაშინ როდესაც სახელმწიფოების მიერ კიტრის კალიბრაციის წესების დადგენა იუმორი კი არა, რეალობაა, გასაგები ხდება, რომ ნამდვილი მემარჯვენეებიც კი ექიმის პროფესიის და საერთოდ სამედიცინო სფეროს სახელმწიფოს კონტროლისაგან გათავისუფლებაზე იშვიათად ოცნებობენ. თუმცა თუ სადმე ამის შესაძლებლობა არსებობს, მინდა მჯეროდეს, რომ ეს ადგილი საქართველოა. რაც შეეხება თემას, მას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე რიგითი ეკონომიკური სექტორის ან კონკრეტული პროფესიის ადამიანების პრობლემების გადაწყვეტაა. თუ შევძელით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესახებ სწორი გადაწყვეტილებების მიღება, სხვა პრობლემების მოგვარებაც არ გაგვიჭირდება.

2460 წლის წინ ჰიპოკრატემ კუნძულ კოსზე დააარსა სკოლა, რომლის მრავალრიცხოვან კურსდამთავრებულებს ჰქონდათ ეკონომიკური ინტერესი გამოეგონებინათ პროფკავშირი. პროფკავშირის წესდებას ეწოდა ჰიპოკრატეს ფიცი, რომელიც ითვლება, რომ ჰიპოკრატეს სიკვდილის შემდეგ შეიქმნა და ჰიპოკრატეს სახელს ჩრდილს არ აყენებს. ფიცს საუკუნეების განმავლობაში სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ დებდნენ. ფიცის დადება პროფკავშირში ახალი წევრის მიღების ცერემონიის ნაწილია. ფიცში ორი საინტერესო ადგილია. პირველის მიხედვით, მნიშვნელოვანი იყო წევრების რაოდენობის ხელოვნური შეზღუდვა. ახალ წევრებად რეკომენდებული იყო საკუთარი და მასწავლებლის შვილების მიღება. არაექიმების წრიდან მიღებულს ლამის ხატზე უნდა დაეფიცა, რომ ის პროფკავშირის ერთგული იქნებოდა. პროფკავშირი, განათლების მიღების ბარიერის მეშვეობით, სამედიცინო ბაზარზე სპეციალისტების მუდმივი დეფიციტის შენარჩუნებას ახერხებდა, რაც მათ შემოსავლებს კი ზრდიდა, მაგრამ ადვილი შემოსავლის მიღების მსურველებსაც უქმნიდა ცდუნებას, დაეწყოთ მსგავსი საქმიანობა. ამიტომ ექიმები საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ კონკურენტ ექიმბაშებს.

პროფესიის არჩევის თავისუფლების პირობებში ბრძოლის მეთოდები შეიცვალა. მიხვდნენ, რომ მომხმარებლის ხარჯზე სახელმწიფოსთან გარიგებით მიზანი უფრო მარტივად მიიღწევა. სამედიცინო საქმიანობის დაწყების გზაზე აღმართული ბარიერები ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულად დაძლევადია. კანონით დადგენილია ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ვადით სწავლის ვალდებულება, საქმიანობის უფლების მიღება ხდება სახელმწიფოსაგან, შემდეგ „უწყვეტი სწავლება”. ყველაფერი ერთად სახელმწიფოსაგან საქმიანობის უფლების ძალიან ძვირად ყიდვის ფორმაა.
ჰიპოკრატეს ფიცის მეორე საინტერესო წესი ეხება ექიმების და ქირურგების შეთანხმებას ერთმანეთის საქმეში ცხვირის ჩაყოფაზე უარის თქმის შესახებ. ექიმები იფიცებოდნენ, ქირურგიული პაციენტი რომც იტანჯებოდეს და შეგვეძლოს მისი შველა, ხელს არ მოვკიდებთო. საინტერესოა ამ პრიმიტიული შეთანხმების პროგრესი. დღეს ქართული სახელმწიფო 21 სპეციალობაში, 62 მომიჯნავე სპეციალობაში და 168 სუბსპეციალობაში საქმიანობის უფლებას გასცემს. თუ ექიმი სხვა სპეციალისტის „კუთვნილ” ავადმყოფს დაეხმარება, მიუხედავად მკურნალობის თუნდაც პოზიტიური შედეგისა, სახელმწიფო მას 1000 ლარით დასჯის.

კარგი ექიმი თავიდან იძენს პროფესიულ უნარს თეორიული და პრაქტიკული განათლებით, ხოლო შემდეგ მთელი კარიერის მანძილზე ამ უნარის მუდმივი გაუმჯობესებით არის დაკავებული. ბუნებრივია, ამისათვის სერიოზული მოტივაცია სჭირდება.

წარმოვიდგინოთ, რომ უმაღლეს სამედიცინო სასწავლებლებს შეეძლოთ მიიღონ ნებისმიერი რაოდენობის სტუდენტი და შესთავაზონ მრავალფეროვანი, სხვადასხვა ხანგრძლივობის სასწავლო პროგრამები. სწავლის პერიოდში ახალგაზრდების შეცდომებზე პასუხისმგებლები მათი გამოცდილი კოლეგები იქნებიან. თუმცა დამოუკიდებელი პრაქტიკა შესაძლებელია სტუდენტობის დროსაც, როდესაც ისეთ რამეს აკეთებ, რაშიც კომპეტენტური უკვე ხარ და შედეგზე თვითონ ხარ პასუხისმგებელი, ხოლო სტუდენტობა 50 წლის ასაკშიც შესაძლებელია. რეალურ ცხოვრებაში ყველა ექიმი სწავლობს, როდესაც მკურნალობის ახალ მეთოდს ითვისებს. პაციენტისათვის შედეგს ყოველთვის ექიმების ცოდნის დონე არ განსაზღვრავს. მნიშვნელოვანია როგორ არის ორგანიზებული რთული სამედიცინო მომსახურება საავადმყოფოში. ამიტომ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის შემთხვევაში ექიმი და მისი დამქირავებელი უნდა თანხმდებოდნენ პასუხისმგებლობის განაწილების შესახებ.

არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას არ ექნება სურვილი დაიქირაოს ექიმი, რომლის შეცდომებმაც შეიძლება გააკოტროს დაწესებულების მეპატრონე. არავინ მიმართავს ექიმს თუ მისი კვალიფიკაციის შესახებ სანდო ინფორმაცია არ ექნება. ექიმების მხრიდან ფინანსური რისკების შესამცირებლად ბუნებრივი გახდება საექიმო შეცდომის დაზღვევაზე მოთხოვნის გაზრდა და მომსახურების სტანდარტიზაციაზე ზრუნვა. უკანასკნელი ბუნებრივად შექმნის მკურნალობის ე.წ. გზამკვლევების და პროტოკოლების შემუშავების მოტივაციას.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ნაცვლად, რომელიც თითქოს ექიმის ცოდნას ამოწმებს, ექიმს დამქირავებლისათვის და საექიმო შეცდომის დამზღვევი ფინანსური ინსტიტუტისათვის მოუწევს საკუთარი კომპეტენციის მტკიცება.

მაინც რა უნდა ქნას სახელმწიფომ? საუბედუროდ, ბევრის აზრით, მთავრობისათვის არაფრის კეთება არაპოპულარულია. სახელმწიფოს აქამდე რომ არაფერი ეკეთებინა, მცირე ვარიაციებით ჯანდაცვის სისტემა დაახლოებით აღწერილის მსგავსი გვექნებოდა. ცნობილია, რომ სამედიცინო ინდუსტრიის დიდი ნაწილი მონაწილეობს საბიუჯეტო ფულით მოსახლეობისათვის ნაყიდი სამედიცინო მომსახურებას წარმოებაში. თუ სახელმწიფომ მაინც რამე უნდა გააკეთოს, ჩემი აზრით, ყველაზე ნაკლებად მავნებელი იქნება, თუ ბიუჯეტის ხარჯზე მომსახურების წარმოების მსურველები აიღებენ ვალდებულებას:

1. მომსახურების დაწყებამდე გააცნონ მომხმარებლებს, მკურნალობის რომელი სტანდარტით აპირებენ სარგებლობას;
2. ზიანის მიყენების შემთხვევაში არბიტრაჟში, სასამართლოში თუ ჯანდაცვის სამინისტროში შესთავაზონ დავების განხილვა;
3. ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში აცნობონ მომხმარებლებს რა მოცულობით იღებენ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
ამის პარალელურად, სულ მცირე:

1. გაუქმდეს ექიმობის უფლების გაცემა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგების მიხედვით;
2. გაუქმდეს საექიმო სპეციალობების შემაძრწუნებლად გრძელი ნუსხა;
3. სამედიცინო განათლების მიღების ვადები გახდეს მოქნილი.

ამის შემდეგ სამედიცინო მომსახურების საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლები არჩევანს გავაკეთებთ არა მხოლოდ ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციის, სადაზღვევო კომპანიების მომსახურების ლიმიტების ზომის ან საავადმყოფოების რემონტის დონის მიხედვით, არამედ გვექნება ბევრად უფრო გასაგები ორიენტირები ვის შეიძლება ვანდოთ ჩვენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

კომენტარები