მოქეიფე ქართველები, ირანის შაჰი და ფრანგი ფოტოგრაფი

 საიდან აღმოჩნდა ლაღი ქართველების ულამაზესი ფოტოები ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაში ან თეირანის „გოლესთანის” სასახლის საცავში და კონკრეტულად როდის იმოგზაურა ფრანგმა ფოტოგრაფმა ჟან რაულმა საქართველოში, ამას გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში იკვლევენ.
ფოტოები ეთნოგრაფიული ხასიათისაა, ჩოხიანი ქართველებისა და ჩიხტიკოპიანი მანდილოსნების ნადიმები, ჟანდარმთა შეიარაღებული რაზმები თუ საქართველოში მცხოვრებ ებრაელთა უნიკალური პორტრეტები სოფლის პეიზაჟების ფონზეა გადაღებული.
ჟან რაულის ამ უნიკალური ფოტოებისგან შექმნილი ფოტოალბომის ერთადერთი ეგზემპლარი საგანგებოდ ირანის შაჰის ნასერ ედ-დინისთვის დამზადებულა მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, როგორც დიპლომატიური ჟესტი რუსეთის იმპერატორის მხრიდან.
„ამ კაცის შესახებ ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში საფრანგეთიდან ჩასულა რუსეთში და ცნობილი ფოტოსტუდია გაუხსნია, - ყვება ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე, - ბევრს მოგზაურობდა. მისი ფოტოების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ყოფილა სინას მთაზე, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს ბულგარეთში მოხვედრილა, ეთნოგრაფიული სურათების დიდი ნაწილი გადაღებული აქვს რუსეთის იმპერიის აღმოსავლეთში და აღმოსავლეთ ევროპაში. ცხოვრების ბოლოს სამშობლოში – საფრანგეთში დაბრუნებულა და მე-19 საუკუნის ყველა პრესტიჟულ ფოტოენციკლოპედიაშია შესული. ცნობილია, რომ მისი ალბომის შემდეგ, რომელიც საქართველოს ეძღვნება, გამოსულა ჟან რაულის ფოტოების ორტომეული, რომელშიც ქართველთა ამ პორტრეტების ნაწილია შესული და ეს ორტომეული ვაშინგტონის კონგრესის ბიბლიოთეკაშია დაცული. ასე რომ, ფრანგი ფოტოგრაფის კვალს მივყვებით და კვლევა გრძელდება”.
რაც შეეხება თავად შაჰს. ნასერ ედ-დინი ყაჯართა სამეფო დინასტიის მეოთხე და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შაჰია, რომელიც გამოირჩეოდა ირანში ევროპულ კულტურასთან ინტეგრაციის მცდელობით. ის შესანიშნავად ფლობდა ფრანგულს, ევროპაში საკუთარი ვოიაჟიც კი აღწერა და 1874 წელს ლონდონში გამოსცა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლების London News-ში კი შემორჩენილია დიდ ბრიტანეთში მისი ვიზიტის უნიკალური ილუსტრაციები - მაგალითად, შაჰისა და დედოფალ ვიქტორიას შეხვედრა, ლონდონში მის პატივსაცემად გამართული წვეულება და ა.შ.
მისი მოღვაწეობის დროს ირანში შეიყვანეს ტელეგრაფი, გაიხსნა კლასიკური ფრანგული სკოლა და, რაც მთავარია, ევროპიდან ნასერ ედ-დინს ჩამოაქვს მუსულმანური კულტურისთვის უცხო იდეა - გოლესთანის სასახლეში შექმნას სურათების გალერეა და მუზეუმი.
შაჰის ევროპულმა მისწრაფებებმა, რა თქმა უნდა, გააღიზიანა ირანელი ფუნდამენტალისტები და მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ ბაბისტების სექტიდან. ბოლოს ის ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდა კიდეც და 1896 წელს გოლესთანის სასახლის კომპლექსში დაკრძალეს.
„უკვე გაფორმდა ხელშეკრულება გოლესთანის სასახლის მუზეუმსა და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტს შორის. იმედია, ჩვენ იქ მუშაობის საშუალება მოგვეცემა და კიდევ ბევრი აღმოჩენის მომსწრე გავხდებით საქართველოს ისტორიიდან,” - ამბობს გიორგი სანიკიძე.
მე-19 საუკუნის ქართველების ამ ფოტოებს მიღმა ბევრი რამ იმალება. იქნებ ამ დღეებში თქვენც შეიაროთ ვერნისაჟის საგამოფენო სივრცეში. რა იცით, რას აღმოაჩენთ ძველ, დროისგან გაცრეცილ ფოტოებში...

კომენტარები