სამყარო გისოსებს მიღმა

 გამომცემლობა „მერიდიანი’’ 2010 წელი  

იოსიფ ბროდსკი, რომლისთვისაც სატუსაღოს საკანი უცხო არ ყოფილა, წერდა: „ციხე – არსებითად, უკმარისობაა სივრცისა, ანაზღაურებული დროის სიჭარბით”.
ციხესა და ლიტერატურაზე საუბრისას წიგნის მოყვარულ კაცს, რუსი დისიდენტი პოეტის გარდა, მარკიზ დე სადი, ოსკარ უაილდი ან ო’ჰენრი გაახსენდება. ვინმეს შეიძლება ჭოლა ლომთათიძეც კი მოაგონდეს, მაგრამ იშვიათად ვფიქრობთ ისეთ ადამიანებზე, იქ მოხვედრილები ამ დროის სიჭარბეს ფურცელზე გადატანილი (კეთილხმოვანი იდიომი არ გეგონოთ – პერსონალურ კომპიუტერს ჯერ გისოსებში ფეხი არ მოუკიდებია) წუხილით რომ ავსებენ და მერე ამ ფურცლებს, უკეთეს შემთხვევაში, საოჯახო არქივი თუ ინახავს.
დემოკრატიულ ინიციატივათა ცენტრმა, კერძოდ, ნიკა ჩხარტიშვილმა გადაწყვიტა, ქართველი პატიმრების შემოქმედება, ლექსი იქნებოდა ეს, ნოველა თუ ესკიზი, ერთ წიგნში მოექცია. ბესო ხვედელიძე, გიორგი ზანგური, ზურაბ ნიჟარაძე პროექტის ინიციატორთან ერთად თვეების განმავლობაში აგროვებდნენ მასალას. პროექტი განხორციელდა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდულ საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით.
კრებულს „სამყარო გისოსებს მიღმა” უწოდეს და ათონელის თეატრში მისი პრეზენტაცია გაიმართა. ფორმატი მარტივი იყო, დეკორაციაც სადა – დაახლოებით ისეთი, როგორც ციხის კედლებს შეესაბამება. ორი მსახიობი მონაცვლეობით გადმოსცემდა ათასგვარ გულისშემძვრელ ამბავს.
ბუნებრივია, მსჯავრდებულთა ტექსტების გაცნობისას არავინ დაიწყებს კრიტიკოსის სათვალით კირკიტს (თუმცა, არაერთი დასამახსოვრებელი ფრაზა შეგხვდებათ). აქ უმთავრესი, რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ის დიდი და უცნაური ტკივილია, რაც გისოსებს აქეთ მცხოვრებთათვის ხშირად მიუწვდომელი და გაუგებარი რჩება.
წიგნი ერთგვარი სტენოგრამაა ჩვენთვის შეუმჩნეველი მაჯისცემისა. თუ სადმე გადააწყდებით, აუცილებლად წაიკითხეთ. ამ ადამიანების მონათხრობი მართლაც რომ ახალ სამყაროს აღმოგაჩენინებთ.

 

კომენტარები