დაზვერვის ეროვნულ დირექტორად ობამამ გენერალი ჯეიმს კლაპერი წარადგინა

ბარაკ ობამა და ჯეიმს კლაპერი
შაბათს ბარაკ ობამამ აშშ-ს ეროვნული დაზვერვის ოფისის ახალ დირექტორად ჯეიმს კლაპერი წარადგინა. იგი აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალია. ბოლოს კლაპერი ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისთან არსებული სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსად მუშაობდა.
69 წლის გენერალი ჯეიმს კლაპერი ვიეტნამის ომის ვეტერანია, დაზვერვაში მუშაობის 45-წლიანი გამოცდილებით. დაარსებიდან - 2004 წლიდან - ამ ოფისმა უკვე სამი დირექტორი გამოიცვალა. მანამდე ამ თანამდებობაზე მუშაობდნენ: ჯონ ნეგროპონტე, ჯონ მაკკონელი და დენის ბლერი.
ჯეიმს კლაპერის სამხედრო წარსული დემოკრატი სენატორების უკმაყოფილების მიზეზად იქცა. სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი დაიან ფეინშტეინი მიიჩნევს, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობა სამოქალაქო პირმა უნდა დაიკავოს. იგივე კომიტეტის რანგით პირველი რესპუბლიკელი სენატორების, კიტ ბონდისა და პიტ ჰოეკსტრას შეფასებით, კლაპერი თეთრი სახლის კონტრტერორიზმის მრჩევლის, ჯონ ბრენანისა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ლეონ პანეტას ჩრდილში მოექცევა. სწორედ ბრენანსა და პანეტასთან დაპირისპირება გახდა ობამას ადმინისტრაციასა და ეროვნული დაზვერვის ყოფილ დირექტორს, დენის ბლერს შორის განხეთქილების ერთ-ერთი მიზეზი.
კლაპერის კანდიდატურის მთავარი მხარდამჭერია აშშ-ს თავდაცვის მდივანი რობერტ გეიტსი, ვისთან ერთადაც კლაპერი პენტაგონში მუშაობდა ბუშის ადმინისტრაციის უკანასკნელ წელს.
სამხედრო და სამოქალაქო დაზვერვის სამსახურებს შორის დაპირისპირება წლების მანძილზე მიმდინარეობს. ამ წინააღმდეგობის გამოძახილია ის, რომ სამხედრო დაზვერვის სააგენტოები დაზვერვის სამსახურების ცენტრალიზაციას ეწინააღმდეგებიან, ხოლო სამოქალაქოები - ეროვნული დაზვერვის დირექტორად სამხედრო პირის დანიშვნას.
კლაპერის კანდიდატურის ოპონენტთა აზრით, სამხედრო-საჰაერო ძალების გადამდგარი გენერალის დანიშვნით - ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე - ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშობა. მათი აზრით, კლაპერი, თავის საქმიანობაში, უპირატესობას მისთვის კარგად ნაცნობ, სამხედრო დაზვერვის სააგენტოებს მიანიჭებს.
მემარცხენეები კლაპერს 2004 წელს ერაყის ომის ერთ-ერთ თანაავტორად მიიჩნევენ. 2003 წლის ოქტომბერში, ბუშის ადმინისტრაციაში მუშაობისას, სწორედ კლაპერმა დაადასტურა ინფორმაცია ერაყიდან სირიის მიმართულებით ბირთვული იარაღის უტყუარი გადინების შესახებ. მაშინ კლაპერი გეოსივრცული დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა. სამსახურს, რუკებსა და სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით, სადაზვერვო ინფორმაციის მომზადება ევალებოდა.
2004 წელს კლაპერის სახელს დაუკავშირდა დაპირისპირება მაშინდელ თავდაცვის მდივან დონალდ რამსფელდთან. სამხედრო დაზვერვის მდივნად მუშაობისას კლაპერმა გააჩერა რამსფელდის პროექტი - „ტალონი”, რომელიც 11 სექტემბრის შემდეგ შეიქმნა და ემსახურებოდა ინფორმაციის მოძიებას ომის შეურიგებელ მოწინააღმდეგეთა შესახებ. „ტალონის” მონაცემთა ბაზაში ხვდებოდნენ ამერიკის მოქალაქეებიც, რომლებიც ომის საწინააღმდეგო პროპაგანდას ეწეოდნენ. მალევე კლაპერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს.



 

კომენტარები