ახალი კინორუკა - ტაილანდი

ლამბერტ უილსონი და გრან-პრის მფლობელი ქსავიე ბუვუა
ბიძია ბუნმი ცდილობს, სიკვდილის წინ სამყაროს საიდუმლოებებს ჩაწვდეს. ამაში მას გარდაცვლილი მეუღლის სული და მაიმუნის სახით მოვლენილი შვილი ეხმარება. ნაცნობ გმირებთან ერთად შუაგულ ტყეში, გამოქვაბულში შედის, გამოქვაბულში, რომელიც ყველაფერი საწყისის სიმბოლოა... „ჯენჯირა: იქნებ დრო გჭირდება, რათა შენი თვალები ამ სიბნელეს შეეჩვიოს? - ბიძია ბუნმი: ეს გამოქვაბული... თითქოს საშოა! აქ დავიბადე, ოღონდ ეს სულ სხვა ცხოვრებაში მოხდა. არ ვიცი, ვინ ვიყავი მაშინ: ადამიანი თუ ცხოველი, ქალი თუ კაცი...” – აი, ასე სიურრეალისტურად იწყება წლევანდელი კანის ოქროს პალმის მფლობელი ტაილანდელი რეჟისორის აპიჩატპონგ ვირასეტაკულის ფილმი „ბიძია ბუნმი, რომელსაც ახსოვს თავისი წინა ცხოვრება”, ფილმი, რომლის გამარჯვება ზღაპრებში მომხდარი სასწაულივითაა ტაილანდური კინოსთვის და სამუდამოდ დაამახსოვრდებათ კინომანებს, მათ, ვისთვისაც კანის 63-ე კინოფესტივალის შედეგები ნამდვილი შოკი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვარაუდითაც ბევრს ვარაუდობდნენ, აქა-იქ გარიგებებზეც საუბრობდნენ (ეს განსაკუთრებით ეხებოდა მიხალკოვის ფილმს ანუ სარკოზი-მედვედევის ვითომ საიდუმლო ჩანაფიქრს) და ყოველდღიური ბეჭდური გამოცემები შედეგების გამოცნობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, ტიმ ბარტონმა ყველა პირღია და გაოგნებული დატოვა. პრიზიორი ფილმები თითქოს ისე, თამაშ-თამაშით აირჩიეს. აი, თვალდახუჭული, თითს რომ დაადებ რაიმეს და ოპა... აბა, ვნახოთ, რა ამოვიდა!..
დაჯილდოების შემდეგ პრესკონფერენციაზე საოცარი სცენა გათამაშდა. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვა: რატომ მიეცით მთავარი პრიზი ამ ტაილანდურ ფილმს?! გინდა თუ არა, აგვიხსენით, რა მოგეწონათ ამ ფილმშიო. დაწყებას ვერავინ ბედავდა. სიჩუმე ბარტონმა დაარღვია - ბენისიო, მიდი, უპასუხეო. მეე? - დაიბნა უცებ პუერტორიკოელი დელ ტორო. ხუთი წუთით სრული სიჩუმე ჩამოვარდა. დელ ტოროს მიშტერებული ჟურნალისტები უშედეგოდ ველოდით პასუხს. ისიც დაჟინებით გვიმზერდა და, ვინ იცის, რა უტრიალებდა საწყალს თავში. ნერვიულობდა. ბოლოს ვიღაცა ახარხარდა კიდეც. „კარგი ფილმია. და, საერთოდ, ყელში ამოვიდა ამდენი ჰოლივუდი. სწორედ ის მომეწონა, რომ ეს რეჟისორი არ ბაძავს დასავლეთს, იმას, რასაც ყველა აკეთებს,” - მდგომარეობიდან გამოიყვანა ბარტონმა მსახიობი. არ ვიცი, წლევანდელი კანის ჟიურის წევრებიდან ყველას უჭირდა თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმა, მაგრამ ფაქტია, რამდენჯერაც პრესამ მათ არჩევანის დასაბუთება სთხოვა, ყველა მუნჯდებოდა. ბოლოს თხოვნაც დაგვჭირდა: ძალიან გთხოვთ, უნდა დავწეროთ და იქნებ შეძლოთ ლაპარაკი!
საუკეთესო რეჟისურაში პალმა გადაეცა მატიო ამალრიკს. მაგრამ ეს გამარჯვება მატიოს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. დარწმუნებული ვარ, ჟიური სულ იმ პუტკუნა, ვულგარული და ერთობ სასაცილო ქალებით მოიხიბლა, მთელი ფილმი ტიტლიკანები რომ დარბოდნენ, კურტუმოებს იქნევდნენ და ფუმფულა ძუძუებზე მიმაგრებულ მაიმუნობებსაც ერთობ ოსტატურად ათამაშებდნენ. ჟიურის სპეციალური პრიზი წილად ხვდა აფრიკელი რეჟისორის მაჰამატ-სალეჰ ჰაროუნის ფილმს „ადამიანი, რომელიც ყვირის”. მიუხედავად იმისა, რომ მამა-შვილის ურთიერთობაზე გადაღებული ეს ფილმი ნამდვილად გამოირჩევა იმისგან, რასაც ზოგადად „აფრიკული კინო” ჰქვია, „სპეციალური პრიზი” სხვა არაფერია, თუ არა უბრალო ახირება - „მოდი, აფრიკულ კინოს გადავცეთ პალმის რტო! ჰა? რას იტყვი?!”
„რა სიამოვნებაა, რა სიამოვნებაა, რა სიამოვნებაა,”- ასე დაიწყო თავისი ცრემლნარევი გამოსვლა ჟულიეტ ბინოშმა, რომელსაც კიაროსტამის ახალმა ფილმმა პალმის რტო მოუტანა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. სანამ ნარცისიზმში გადავარდნილი ბინოში სიტყვით გამოდიოდა და თავისი ცხოვრების მამაკაცებს მისი ატანისთვის მადლობას უხდიდა, თვალებით ნამდვილ „მარგალიტებს” - ლესლი მენვილს და იუნ იუნგ ჰის ვეძებდი, კანის ფავორიტებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არავის გახსენებია. საწყენია, რომ ორივე მსახიობის ოსტატობამ ასე „უკვალოდ” ჩაიარა კანში, მაშინ როდესაც მამაკაცის როლისთვის ჟიურიმ პრიზი ორად გაყო. ქალების შემთხვევაში კი ეს „გაყოფა” რატომღაც დაივიწყეს.
2010 წლის კანის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის გვარები ბარტონმა სულ ბლუყუნ-ბლუყუნით გამოაცხადა - ჰავიერ ბარდემი და ელიო ჯერმანო! „ა მი კომპანიონ ი მი ამორ პენელოპა,”- დაიძახა სცენიდან ბარდემმა და პალმა, რაც შეიძლება, მაღლა ასწია. ამაზე ყველამ ღრმად ამოიკვნესა და, როგორც ერთმა, თავი მიატრიალა პენელოპასა და ბარდემის დედისკენ, რომლებიც კიდევ დიდხანს ჩახუტებულები ტიროდნენ დარბაზში.
ჩვენ კი, სანატრელი გვარების მოლოდინში, სულ რიხინ-რიხინით ჩაგვძახეს - პალმ დ’ორ... აპიჩატპონგ ვირასეტაკულ! ერთადერთი ნუგეში ლიი ჩანდ დონგის სახელის გაგონება იყო. მისი ბრწყინვალე „პოეზია” (რომელიც გაცილებით მეტს იმსახურებდა) მხოლოდ საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდა. ვერაფერს იტყვი, სევდიანი საღამო გამოვიდა. რამდენიმე აფრიკელისა და ტაილანდელის გარდა, ხტუნვა-ცეკვის გუნებაზე არავინ იყო. სამწუხაროა, რომ პალმა ვერ დაიმსახურეს ვერც მაიკ ლიმ და ვერც ერაყის ომის თემაზე გადაღებულმა კენ ლოუჩის „ირლანდიურმა მარშრუტმა”. ლოზნიცას „ჩემი ბედნიერება”, რომელიც ასევე იმსახურებდა აღნიშვნას, უყურადღებოდ დარჩა. წლევანდელი კანი ხომ მთლიანად ტაილანდურ-აფრიკულ „რეალობაში” ჩაიძირა.
ჩრდილში მოექცა რუსი კინორეჟისორი ნიკიტა მიხალკოვიც, რომელიც ქალიშვილთან (ნადია მიხალკოვა, რომელიც ფილმში მის შვილს თამაშობს) ერთად ბევრს პოზიორობდა პაპარაცების წინ და წითელ ხალიჩაზეც გაბადრული დააბიჯებდა. მაგრამ მიხალკოვს ვერც პუტინთან „ჩაეპიწიემ” უშველა და ვერც გადაღებებზე მედვედევის დასწრებამ. 50-მილიონიანი პატრიოტული ბლოკბასტერი დაფნა-გვირგვინის გარეშე, უხმაუროდ წაიღო სამშობლოში. „დიდი აურზაური არაფრის გამო”, „ფაშიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ფაშისტი იდეოლოგი”, „აი, რა მოაქვს მთავრობასთან ძმაკაცობას” და, უბრალოდ, „ჩვენ არ გვიყვარს მიხალკოვი” - ასეთი ციტატებით მოიხსენია მსოფლიო პრესამ რუსი კინორეჟისორის ფილმი „მზით გათანგულნი 2”.
დარბაზში შესულებმა უცებ აღმოვაჩინეთ, რომ არც გენერალი კოტოვი (ნიკიტა მიხალკოვი) მომკვდარა, არც მისი ცოლი (ინგებორგე დაპკუნაიტე), არც ქალიშვილი (ნადია მიხალკოვა) და, საერთოდ, არავინ! ყველა ცოცხალი და უბედურია. მაგრამ რას არ გააკეთებს კაცი შვილის სიყვარულის გამო?! თან რუსი გენერალი?! თუ საჭიროა, მთელ ბატალიონებს გადაუვლის ტანკით, მის ბორბლებში ჩაყოლილ „ხორცებს” გიჩვენებს და ცეცხლმოკიდებულ ქალებსაც დაგანახებს. და რისთვის ეს ყველაფერი? ა ხრენ ევო ზნაეტ! მოუნდა და გააკეთა. ამ ყველაფერს კი ძალიან უბრალოდ - „მამა-შვილის სიყვარულზე” გადაღებული ფილმი უწოდა. ფაშისტური იდეოლოგიის მქონე რეჟისორის ამ ბრტყელ, პლაკატურ ფილმში პატრიოტული ციტატებიც უხვადაა და იდეა - „მაინც რა დრო იყო, მთელი საბჭოთა კავშირი გვერდით რომ ვედექით ერთმანეთს”, ლაიტმოტივად გასდევს ფილმს. თუ პირველ სერიაში („მზით გათანგულნი”, რომელიც 1994 წელს გამოვიდა და ოსკარით აღინიშნა) „ყოვლად უძლიერესი” სტალინია, მეორე სერიაში ეს სახე უფალი ღმერთით ჩაანაცვლა. და ახალი ხატის სიძლიერის წარმოჩენამ იმდენად გაიტაცა, რომ დაემსგავსა ფანატიკოს მრევლს, საღ აზრს მოკლებულ ავადმყოფს, რომელიც, სიბრალულის გარდა, არაფერს იმსახურებს. „ტარანტინო - იუმორის გარეშე” - ასე უწოდა მის ფილმს ერთმა ცნობილმა გერმანულმა გამოცემამ. მე თუ მკითხავთ, მიხალკოვის ტარანტინოდ მოხსენიება, თუნდაც ამ კონტექსტში, ძალიან ხმამაღალი გამონათქვამია.
„თქვენ, ადამიანი, რომელიც ფილმებში ებრძვით ტოტალიტარიზმს, ტოტალიტარული მეთოდებით მართავთ რუსეთის კინოკავშირს. როგორ ახერხებთ ამას?” - გაისმა პრესკონფერენციაზე, რომელზეც მიხალკოვის მიმართ გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულების გარდა, არაფერი იგრძნობოდა. - “ა გდე ფაკტი? ია ვას სპრაშივაიუ, გდე?- ოდნავ აწითლებულმა კითხვა შეუბრუნა ჟურნალისტს, - ია ტოჟე მოგუ სკაზატ, ჩტო ია ვას ვ ოტელე გოლაი ვიდელ!” ესეც შენ კონტრპასუხი! საკუთარ ქმედებებზე ხომ დიდი ხანია აღარავინ სთხოვს პასუხს. საუკუნეებია, ბაყბაყდევივით აზის რუსეთის კინოკავშირს და, მრავალი საჩივრის მიუხედავად, „პრეზიდენტის ძმაკაცი” ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს „მეფობას”. „შეიძლება ამ ფულით ჩვენ 20 ფილმი გადაგვეღო, მაგრამ ეს ის არ არის, რაც კინოინდუსტრიას გადაარჩენს,” - თქვა მიხალკოვმა, - მიყვარს არტჰაუსი, მაგრამ არც ესაა მთავარი კერძი; ეს ხამანწკებია! ხალხს კი სჭირდება პური, კარაქი და ძეხვი, ესე იგი, ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ.”
ჰო, აი, აქ ბატონი მიხალკოვი მართალია. ხამანწკების გემოს გაგებამდე ჯერ კიდევ დიდი გზა არის.




 

კომენტარები