აურზაური არაფრის გამო

გადატვირთვის პოლიტიკის ფარგლებში, ამერიკის მიერ რუსეთისკენ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ამ უკანასკნელის მეზობლების მზარდ შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ამ რეგიონის მოქალაქეებს ხშირად ეუფლებათ განცდა, რომ თავისუფალი სამყაროს ლიდერი მათ ბედის, უფრო სწორად კი ყოფილი დამპყრობლის ანაბარა ტოვებს.
ევროპული პოლიტიკის შემუშავებისას ობამას ადმინისტრაციას რამდენიმე ფაქტორის შეჯერება უხდება:
ერთის მხრივ, მისი მთავარი პრიორიტეტი ამერიკელი ამომრჩევლის სოციალური დაკვეთის შესრულებაა - შეერთებული შტატების დიდი რეცესიიდან გამოყვანა და ბოლო 30 წლის მანძილზე ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონის შემცირება
საქმეს ისიც ართულებს, რომ ამ პრობლემის მოგვარების ტრადიციული მემარცხენე რეცეპტი - ახალი სახელმწიფო ხარჯები და რეგულაციები მემარჯვენე ცენტრისტული განწყობების მქონე საშუალო კლასის სულ უფრო მზარდ წინააღმდეგობას აწყდება. ეს კი ობამას რეიტინგის უპრეცედენტო კლებას იწვეს, რაც თავის მხრივ თეთრ სახლს მსოფლიო პოლიტიკაში მანევრის ველს მნიშვნელოვნად უზღუდავს.
საგარეო პოლიტიკური სტრატეგიის შემუშავება ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება. ობამას, ერთის მხრივ, ბირთვული განიარაღების, გლობალური დათბობისა და მსგავსი საკითხებისადმი საკუთარი მემარცხენე ბაზის მუდმივი სიყვარულის მხედველობაში მიღება უხდება. მეორეს მხრივ, საგარეო პოლიტიკური წნეხის შემცირებას ცდილობს. ამ მიზნის მისაღწევად, მისი იგი პოტენციური თავის ტკივილის გამომწვევ ქვეყნებთან უმნიშვნელო დათმობებზე მიდის, რათა დაძაბულობის შემცირების გზით, თავიდან აიცილოს რომელიმე რეგიონში ისეთი საერთაშორისო კრიზისის განვითარება, რომელიც ამბიციურ საშინაო პრიორიტეტებს მოწყვეტდა.
სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ ობამას გადაწყვეტილება, რუსეთთან ბირთვული ნარჩენების გადამუშავების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაციის პროცედურის განახლების შესახებ. 123 შეთანხმების სახელით ცნობილ დოკუმენტს, 2008 წლის მაისში მოაწერეს ხელი, მაგრამ რუსეთ-საქართველოს ომის გამო ბუშის ადმინისტრაციამ იგი თაროზე შემოდო.
ობამას სიტყვები, რომ საქართველო სარატიფიკაციო პროცედურების დამაბრკოლებელ გარემოებად აღარ უნდა იქნას მიჩნეული, ადმინისტრაციის მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. მართალია, ეს სიტყვები მხოლოდ ამ კონკრეტულ შეთანხმებას და არა ზოგადად ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებს ეხებოდა, მაგრამ ოპონენტებმა მისი განზოგადება მოახდინეს და განაცხადეს, რომ ობამას საგარეო პოლიტიკა აჩენს კითხვებს, აბნევს მეგობრებს და ასუსტებს ამერიკისადმი მოკავშირეთა ნდობას, რასაც ლოგიკურად მოჰყვება მსოფლიოში პოლიტიკური გავლენის შემცირება.
ამ თემაზე, ტაბულა ესაუბრა ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის სპეციალურ თანაშემწეს და ამჟამად ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს. ის მთავარ პრობლემად თეთრ სახლის აპარატის დაუდევრობას მიიჩნევს, რომელმაც ვერ მოახერხა მარტივი აზრი ისე გამოეთქვა, რომ ფუჭი აჟიოტაჟი არ გამოეწვია.
მიუხედავად ამისა, უილსონი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავს, ვინაიდან თავად 123 შეთანხმება საქართველოს არანაირად არ ეხება, ხოლო ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში არ შეცვლილა - ამ საკითხში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კვლავაც გადაულახავი წინააღმდეგობები რჩება.
უილსონი ეთანხმება გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ რუსეთთან გაუმჯობესებული ურთიერთობები ობამას ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვას საქართველოს ინტერესები, როგორც ორმხრივ ურთიერთობებში, ისე ჟენევის ფორმატში.
ცოტა ადრე, იგივე აზრი გამოთქვა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰენრი კისინჯერმა - თუ ამერიკას სურს ფლობდეს ბერკეტებს, რომელიმე სახელმწიფოზე გავლენის მოსახდენად, საჭიროა ამ ქვეყანასთან კარგი თუ არა, ნორმალური ურთიერთობა მაინც ჰქონდეს.
კრიტიკოსები კი მიიჩნევენ, რომ რუსეთის მსგავსი ქვეყნები, მათთან კეთილი ჟესტების ენაზე საუბარს, ახალგაზრდა პრეზიდენტს სისუსტედ და გამოუცდელობად ჩაუთვლიან, რამაც ისინი უფრო აგრესიული ქმედებებისკენ შეიძლება წაახალისოს. ისინი ამბობენ, რომ გადატვირთვის პოლიტიკამ საკუთარი თავი უკვე ამოწურა და დროა მისი გადატვირთვაც მოხდეს.



 

კომენტარები