პირველი ნაბიჯი ჯანდაცვის ევროპეიზაციისკენ

ბარაკ ობამა და ჯო ბაიდენი, კანონის მიღების შემდეგ
219 მომხრე 212-ის წინააღმდეგ. ამერიკული საზოგადოების დიდი ნაწილის და რესპუბლიკელების აზრის უგულებელყოფით, დემოკრატებმა ბოლო დროის ყველაზე სადავო ჯანდაცვის კანონი მიიღეს. ხმის მიცემის პროცესში დემოკრატების პოზიციაც კი არაერთგვაროვანი იყო. 34-მა დემოკრატმა ობამას რეფორმის წინააღმდეგ მისცა ხმა. ამერიკის ისტორიაში პირველად, მსგავსი მასშტაბის რეფორმა, რესპუბლიკელების სრული წინააღმდეგობის ფონზე, მაინც დაკანონდა. ობამას ინიციატივას არც ერთმა რესპუბლიკელმა არ მისცა ხმა.
პოლიტიკური ოპონენტების აზრის იგნორირების გარდა, დემოკრატებმა ამერიკული საზოგადოების უმრავლესობის აზრიც არ გაითვალისწინეს. გელაპის, რასმუსენისა და სი-ენ-ენ-ის კვლევებით, ობამას რეფორმა ამერიკელების უმრავლესობისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. სი-ენ-ენ-ის გამოკითხვით, ამერიკელების 56%-ს არ სურდა ჯანდაცვის სფეროს ფედერალურ კონტროლში გადასვლა, ხოლო მთავრობის უფლებამოსილების გაზრდას რიგითი ამერიკელები საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევდნენ.
ობამას გუნდს ჯანდაცვის სფეროს გარდაქმნისას ორი, ექსპერტთა შეფასებით, ერთმანეთის გამომრიცხავი მიზანი ამოძრავებდა: ერთი მხრივ, ჯანდაცვის ხარჯების შემცირება, მეორე მხრივ, დაუზღვეველი მოქალაქეებისთვის დაზღვევის უზრუნველყოფა.
ჯანდაცვის კანონი ითვალისწინებს 32 მილიონამდე დაუზღვეველი ამერიკელის დაზღვევას სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი სამედიცინო პროგრამებით. ღარიბი მოსახლეობის დასახმარებლად კი სახელმწიფო მის მიერვე დაფინანსებულ პროგრამა მედიქ ეიდს აფართოებს და წლიურ 88 ათას აშშ დოლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახებს სახელმწიფო ჯანმრთელობის დაზღვევის სუბსიდირებას სთავაზობს. დემოკრატებს სურთ, მოსახლეობის 95% ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფილი იყოს 2019 წლისთვის, რაც, ოპონენტების აზრით, არსებული ეკონომიკური პრობლემებისა და ფედერალური ხარჯების მკვეთრი ზრდის ფონზე არარეალურია.
მართალია, ახალი კანონით, სადაზღვევო კომპანიები 20 მილიონზე მეტ მომხმარებელს შეიძენენ, მაგრამ მძიმე სახელმწიფო რეგულაციები მათ მაინც არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდებს. რეფორმის შედეგად საავადმყოფოებს მეტი პაციენტი ეყოლებათ, რაც ექიმების დეფიციტის თემასაც დააყენებს დღის წესრიგში. გარდა ამისა, ობამას ინიციატივით მიღებულ ჯანდაცვის სისტემას, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემებისთვის დამახასიათებელი ბიუროკრატიული ბარიერები და მოუქნელობა შეზღუდავს.
ასე მაგალითად, კანადასა და დიდ ბრიტანეთში ჯანდაცვის მომსახურება უფრო ხელმისაწვდომი და იაფია, ვიდრე ამერიკულში. ორივე შემთხვევაში თითქმის ყველა სამედიცინო სერვისის მფლობელი არის სახელმწიფო. მასვე ეკუთვნის მონოპოლია ექიმების დაქირავებისა და მათი ანაზღაურების რეგულირების კონტექსტშიც. მაგრამ მსგავს პრაქტიკას თავისი ფასი აქვს: მოქნილობა და ეფექტურობა. მაგალითად, კანადაში ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას მოქალაქეთა 27%-ს 4 თვეზე მეტ ხანს უწევს ლოდინი, ბრიტანეთში პაციენტთა 38%-ს ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახავად 4-5 თვე სჭირდება, აშშ-ში კი მხოლოდ პაციენტთა 5%-ი ხდებოდა ბიუროკრატების “მსხვერპლი”. მრავალი ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის კანონმაც შესაძლოა ამერიკული საზოგადოება ბიუროკრატიული აპარატის „მსხვერპლად” აქციოს.
ეკონომიკურ-ფინანსური საფრთხეების გარდა, ჯანდაცვის კანონი აშშ-ს საკონსტიტუციო კრიზისის საფრთხის წინაშეც აყენებს: სახელმწიფო მოქალაქეებს აიძულებს, ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მთლიანი შემოსავლის 2.5%-ის ოდენობის ჯარიმას დააკისრებს. 3000 დოლარის ოდენობის ჯარიმა შეეხება იმ დამქირავებლებსაც, რომლებიც საკუთარ თანამშრომლებს დაზღვევით არ უზრუნველყოფენ. ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა უფლება ფედერალურ მთავრობას, აიძულოს მოქალაქე, შეიძინოს ჯანმრთელობის დაზღვევა? ამერიკის კონსტიტუციით - არა.
ვირჯინიის იუსტიციის მინისტრის აზრით, ჯანდაცვის კანონი ეწინააღმდეგება ვირჯინიის შტატის ჯანდაცვის თავისუფლების აქტს, რომლის მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება, მოქალაქეს ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა აიძულოს. იგივე აზრზეა სამხრეთ კაროლინის იუსტიციის მინისტრი ჰენრი მაკმასტერიც. მაკმასტერის შეფასებით, ეს ქმედება არაკონსტიტუციურია, რადგან ის ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის მეათე შესწორებას, რომლითაც სახელმწიფოს ეკრძალება ადამიანებისთვის მათი ნების საწინააღმდეგოდ რაიმეს ყიდვის იძულება. მაკმასტერის შეფასებით, პრეზიდენტისა და მისი გუნდის ეს ქმედება სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და თავისუფლების შეურაცხყოფაა.
ჯანდაცვის რეფორმის დაკანონებით, პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება საზოგადოების პოლარიზების ფასად, თუმცა, კანონი 2014 წლიდან შევა ძალაში. მანამდე ობამას წინ ორი არჩევნები აქვს: 2010 წლის ნოემბერში - კონგრესის შუალედური, 2012 წელს კი - საპრეზიდენტო.


 

კომენტარები