ერთჯერადი ჭიქებით, სადღეგრძელოს გარეშე

8 მაისს მზე დილიდანვე აენთო. გაზაფხულს მონატრებულმა თბილისელებმა ადრიანად გაიღვიძეს და ქალაქს მიაშურეს. ალბათ ამიტომაც იყო, რომ უკვე შუადღისთვის კუს ტბის გზა - ველური იასამნებით ზღაპრულად აყვავებული სერპანტინი - როგორც მანქანების, ისე ფეხით მოსიარულეთა ჯაჭვით უჩვეულოდ გადაიტვირთა. ეთნოგრაფიულ მუზეუმში სტუმრებს დილიდანვე ღვინით სავსე ბოცებით ელოდნენ.
გასული ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ჟურნალის ბოლო გვერდი ღვინის ფესტივალის მოახლოებას იუწყებოდა. ტაბულას, თბილისის მერიის, კომპანია Slow Food Tbilisi-სა და ამინდის ხელშეწყობით, საქართველოს ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა 8 მაისს საქართველოში პირველ „ახალი ღვინის ფესტივალს” უმასპინძლა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი, მუზეუმთან ერთად, გახლდათ ღვინის კლუბი, საინფორმაციო უზრუნველყოფა განახორციელეს რადიოსადგურებმა უცნობმა და ნაცნობმა, ასევე, გაზეთ 24 საათის საკვირაო დამატებამ - მარანი Weekend.
ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ჩვიდმეტმა დიდმა კომპანიამ და მცირე მარანმა და ოცდაერთმა ოჯახმა კახეთიდან, ქართლიდან, იმერეთიდან, გურიიდან და რაჭა-ლეჩხუმიდან. ღვინის კლუბი თითქმის სამი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ფესტივალისთვის ოჯახების ღვინოები შეერჩია, სტუმარი იშვიათი ჯიშების საინტერესო არჩევანით უზრუნველეყო ან დაავადებული ღვინოების მონაწილეობა აღეკვეთა. ახალი ღვინის ფესტივალის ძირითადი პირობის თანახმად, მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ახალგაზრდა ღვინო ანუ 2009 წლის მოსავალი. მსგავსი ფესტივალები იმართება იტალიაში - Vino Novello და ესპანეთში - Festival Vino Nuevo, საფრანგეთში კი - Beaujolais Nouveau, რომელიც, 1970-იანი წლებიდან მოყოლებული, ფართომასშტაბიანი ეროვნული მოვლენაა.
საკუთარ ან საზიარო კარვებში განთავსებული კომპანიები და მეღვინეები სტუმრებს უფასოდ სთავაზობდნენ ღვინის დაჭაშნიკებას. კარვების უმრავლესობას, ღვინოსთან ერთად, მცირე მისაყოლებელი - შოთი პური, გუდის ყველი, ჩურჩხელა, თხილეული და ნუგბარიც ჰქონდა გამოფენილი. რესტორანმა ნაცნობმა მაყალი გააჩაღა და ღორის მწვადს ჯერ 6 ლარად, შემდეგ 12-ად და ბოლოს შამფურს, სამი ნაჭერი მწვადით, უსირცხვილოდ, 15 ლარად ყიდდა. ალბათ, ეს იყო ერთადერთი უსიამოვნო დისონანსი, სხვა მხრივ ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე ფესტივალის მსვლელობაში, რომლის ერთადერთი მიზანი ღვინისა და მეღვინეობის გამოცდილების გაზიარება გახლდათ.
მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა მეღვინეებისა და ღვინის მოყვარულების ნაკადი. განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ე.წ. მესამე სექტორმა, სადაც ოჯახის ღვინოები და იშვიათი ჯიშები იყო წარმოდგენილი: ოცხანური საფერე (ამირან ვეფხვაძე, იმერეთი), თეთრა და ხვანჭკარა (კონსტანტინე რატიანი, რაჭა), ალადასტური (ლაშა ღლონტი, გურია) ბლანტი მირონისებრი ღვინო ქიშმიშისა და მსხლის მდიდარი ტონებით.
ფესტივალის წამყვანი მიკროფონით მიდიოდა თითოეულ მონაწილესთან, ღვინოს აგემოვნებდა და ესაუბრებოდა, რითაც მეღვინეს საშუალება ეძლეოდა, საკუთარი გამოცდილება ფესტივალის სტუმრებისთვის გაეზიარებინა ან თავის კარავთან ღვინის დასაჭაშნიკებლად მიეპატიჟებინა. უცხოელებს შორის რატომღაც გერმანელები ჭარბობდნენ. ღვინის სუნით დამთვრალი ბავშვები მხიარული ყიჟინით დარბოდნენ ახლად აბიბინებულ მოლზე, აყვავებული ხეების ჩრდილებში ოჯახებით ამოსული თბილისელები მცირე სუფრებს უსხდნენ. ჰაერი გაზაფხულის ყვავილობით, ღვინითა და მზით იყო გაჯერებული. ეს იყო ძალზე ცივილური, გნებავთ, დემოკრატიული მოვლენა; ახალი ღვინის ფესტივალმა მთელი საქართველოს მეღვინეობა და ღვინის მოყვარულობა, დიდი და პატარა, ერი და ბერი გააერთიანა. რაც მთავარია, ეს ყველაფერი მიმდინარეობდა მშვიდად, ხალხმრავლობა არ გადაზრდილა ხმაურიან ღრეობასა და უწესრიგო ლოთობაში.
საღამოს 6 საათისთვის კარვების დაშლა დაიწყეს. მონაწილეები ზანტად აბინავებდნენ დაცარიელებულ ბოცებსა და ბოთლებს. ბევრმა სტუმარმა იქვე მდებარე რესტორან რაჭისუბანს მიაშურა ან ქალაქის სხვა რესტორანში გააგრძელა ქეიფი. მზითა და ღვინით დაღლილმა ოჯახებმა კი ადრიანად მიაშურეს თავიანთ სადგურებს.

ახალი ღვინის ფესტივალი 2010
ორგანიზატორი: ღვინის კლუბი www.vinoge.com
თარიღი: 8 მაისი, 2010
ადგილი: საქართველოს
ეთნოგრაფიული მუზეუმი
საათები: 11:00 - 18:00
სპონსორები: თბილისის მერია, Slow Food Tbilisi, ტაბულა
საინფორმაციო უზრუნველყოფა: რადიოსადგურები: უცნობი,
ნაცნობი, მარანი Weekend.
ღირებულება: უფასო

 







 

 

კომენტარები