მოსკოვი-ბერლინი, პარიზის გარეშე

სარკოზი, პუტინი და მერკელი
ფრანგი ფილოსოფოსი ანდრე გლუქსმანი გაზეთ ველტთან ინტერვიუში საუბრობს ფრანგულ-გერმანული კავშირის დაშლის მიზეზების შესახებ. მისი აზრით, გერმანიის და საფრანგეთის ურთიერთობები იყო ევროკავშირის მთავარი მამოძრავებელი ძალა და ამ ურთიერთობების გაურესება ძალიან ცუდად იმოქმედებს მთლიანად ევროკავშირზე. ურთიერთობების გაცივების მთავარ მიზეზად, გლუქსმანი ბერლინის მოსკოვისკენ - ანუ პარიზისკენ ზურგით - შებრუნებას ასახელებს. ფილოსოფოსი ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის ევროპის კრიზისის მთავარი მიზეზი.
ანდრე გლუქსმანისთვის, სხვა მკვლევარებისაგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან არ ასოცირდება. იგი მეცხრამეტე საუკუნის გერმანულ-რუსულ ურთიერთობებს იხსენებს. გლუქსმანის განცხადებით, ბერლინის მოსკოვისკენ შეტრიალება ჯერ კიდევ გერჰარდ შროდერის დროს დაიწყო. არსებობდა იმედი, რომ ანგელა მერკელი ამ პოლიტიკას შეცვლიდა, თუმცა იგი საპირისპიროდ მოიქცა - მოსკოვ-ბერლინის ურთიერთობა მეტად ინტენსიური გახდა, პარიზთან ურთიერთობის ხარჯზე.
„მეგონა, რომ ის (მერკელი) რამეს შეცვლიდა, მაგრამ „ჩრდილოეთის ნაკადი” ისევე დარჩა, როგორც იყო. მას მალე „სამხრეთის ნაკადი” დაემატება. ან, მაგალითად, ავიღოთ ფრანგული და გერმანული კომპანიების თანამშრომლობა ატომური ენერგეტიკის სფეროში. გერმანულმა სიმენსმა უარი თქვა ფრანგულ არევასთან თანამშრომლობაზე და რუს ოლიგარქებთან ერთად დაიწყო მუშაობა. ახლა კი ჩვენ მთელ მსოფლიოში ერთმანეთის კონკურენტები ვართ, ერთ მხარეს - საფრანგეთი, მეორე მხარეს კი - გერმანია და რუსეთი,” - განაცხადა ინტერვიუში ფილოსოფოსმა.
ანდრე გლუქსმანის თქმით, გერმანია აღარ ფიქრობს ევროკავშირის კატეგორიებით. მას არც გაკოტრების პირას მყოფი საბერძნეთი აინტერესებს და არც საფრანგეთი. გერმანიას ახალი ინტერესები აქვს: რუსეთი და მისი მოდერნიზაცია. თუმცა, ახალი ამ კონცეფციაში არაფერია. ეს ყველაფერი გერმანელი პრინცესის, მოგვიანებით კი რუსეთის დედოფლის ეკატერინე მეორის დროინდელ სიტუაციას ჰგავს.
ანდრე გლუქსმანმა აგრეთვე გაიხსენა თუ როგორ მოხდა მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის ინდუსტრიალიზაცია, გერმანიისა და ბალტიის ქვეყნების დახმარებით. ამ ყველაფრის განმეორება კი გულუბრყვილობად მიიჩნია. ამასთანავე, ბერლინის პოლიტიკას რუსეთის მიმართ მან ნეოკოლონიალიზმი უწოდა და ეს უკანასკნელი ევროკავშირის მთავარი პრინციპების ღალატში დაადანაშაულა.
გლუქსმანის აზრით, ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნების გზა ყველა წევრი სახელმწიფოს ინტერესებზე დაფუძნებულ, ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავებაზე გადის. ბერლინმა უარი უნდა თქვას რუსეთთან ამ სფეროში თანამშრომლობაზე, როდესაც ამას პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან.



 

კომენტარები