რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა პეკინში ჩატარებულ შეხვედრებზე წლების განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების მიუხედავად ახალი გაზსადენის შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
კრემლმა განაცხადა, რომ ჩინეთთან "ციმბირის ძალა 2"-ის ერთობლივი გაზსადენის პროექტზე ქვეყნების ლიდერებმა "ზოგად შეთანხმებას" მიაღწიეს, თუმცა მასშტაბური პროექტის ძირითადი დეტალები და განხორციელების ვადები ჯერ კიდევ შესათანხმებელია.
რუსეთი და ჩინეთი წლების განმავლობაში აწარმოებენ მოლაპარაკებებს ამ გაზსადენზე, რომელმაც რუსული ბუნებრივი აირი ჩრდილოეთ ციმბირის საბადოებიდან მონღოლეთის გავლით ჩინეთში უნდა მიაწოდოს, თუმცა გაზის ფასებთან და მშენებლობის პირობებთან დაკავშირებით შეთანხმება კვლავ არ არსებობს.
ამჟამად რუსეთიდან ჩინეთში მხოლოდ ერთი გაზსადენი, "ციმბირის ძალა 1" ფუნქციონირებს, რომელსაც აღმოსავლეთ ციმბირიდიან ჩინეთში წელიწადში 38 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი გადააქვს.
20 მაისს პუტინის ვიზიტის დროს ხელმოწერილ და კრემლის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნავთობისა და გაზის შესახებ შეთანხმებები ნახსენები არ ყოფილა.
"არსებობს შეთანხმება მარშრუტთან და პროექტის მშენებლობის ფორმატთან დაკავშირებით. ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, მაგრამ ზოგადად ასეთი შეთანხმება უკვე არსებობს" - უთხრა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას.
თუმცა, პესკოვის თქმით, გაზსადენის განხორციელების კონკრეტული ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.
დაგეგმილი 2 600-კილომეტრიანი "ციმბირის ძალა 2" მონღოლეთის გავლით ჩინეთში წელიწადში დაახლოებით 50 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს გადაიტანს.




