აშშ-ს სენატმა სკოტ ბესენტი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაამტკიცა.
კენჭისყრის შედეგების მიხედვით, ბესენტის კანდიდატურას 68 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, აქედან 52 რესპუბლიკური, ხოლო 15 დემოკრატიული პარტიიდან იყო. ხოლო დამტკიცებას მხარი 28 დემოკრატმა და ერთმა დამოუკიდებელმა სენატორმა არ დაუჭირა.
62 წლის ბესენტი ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკის ძლიერი მხარდამჭერია, რაც გადასახადების შემცირებასა და მაღალი ტარიფების დაწესებას მოიცავს. დემოკრატებისა და ზოგიერთი ეკონომისტის აზრით, ამგვარმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ფედერალური რეზერვის მიერ ინფლაციის კონტროლის პროცესში მიღწეული პროგრესი დააზიანოს.
მისი დამტკიცების სხდომაზე ბესენტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ გადასახადების 4 ტრილიონი დოლარით შემცირების გეგმის ვერ შესრულება, რომელსაც წლის ბოლოს გასდის ვადა, "კატასტროფა" იქნება ამერიკელი საშუალო კლასისათვის და რომ ტარიფების დაწესება დაეხმარება უსამართლო სავაჭრო პრაქტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში, გაზრდის შემოსავლებს და გააძლიერებს აშშ-ს მოლაპარაკების პოზიციას საერთაშორისო დონეზე.
ის ასევე შეეწინააღმდეგა იმ აზრს, რომ ტრამპის პოლიტიკა ინფლაციას გაზრდის. მისი თქმით, ადმინისტრაციის სურვილი, გაზარდოს ნავთობის წარმოება, ხელს შეუწყობს ფასების შემცირებას.
ბესენტმა დამტკიცების სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობის ხარჯები "გადაჭარბებულია", თუმცა უცნობია, რამდენად შეძლებს ის ამ ხარჯების შეზღუდვას. იგი მხარს უჭერდა ტრამპის დაპირებას, რომ შეზღუდვა არ უნდა შეხებოდა სოციალურ დაზღვევასა და პენსიას, რაც ფედერალური ბიუჯეტის ყველაზე მსხვილ ხარჯებს წარმოადგენს.
"სკოტი მხარს დაუჭერს ჩემს რეფორმებს, რაც აშშ-ს კონკურენტუნარიანობას გაზრდის და არასამართლიან სავაჭრო დისბალანსს შეაჩერებს. იგი იმუშავებს, რომ შექმნას ეკონომიკა, რომელიც ზრდას წინა პლანზე დააყენებს, განსაკუთრებით, ჩვენი სამომავლო მსოფლიო ენერგეტიკის დომინირების გზით. ბესენტი კვლავ დაუბრუნებს ამერიკას სიმდიდრეს". - თქვა ტრამპმა მისი კანდიდატურის წარდგენისას ნოემბერში.
62 წლის ბესენტი იელის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამავე უნივერსიტეტში რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკას ასწავლიდა.
ბესენტი ჯორჯ სოროსის Soros Fund Management-ში მთავარი საინვესტიციო ოფიცერი იყო და მილიარდერის პორტფოლიოს განაგებდა. ამ პოზიციაზე იგი 2011-2015 წლებში მუშაობდა. ამ დროის განმავლობაში ბესენტი მილიარდობით ღირებულების ინვესტიციებს ზედამხედველობდა და მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ფონდის ფინანსური სტრატეგიების დასახვასა და მიღწევაში.
ამას გარდა, 16 იანვარს ბესენტმა კონგრესში გამართულ მოსმენაზე ამერიკელ სენატორებს უთხრა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები "საკმარისი მასშტაბების არ იყო".
სკოტ ბესენტის თქმით, იგი "100%-ით" დაუჭერს მხარს რუსეთისთვის, განსაკუთრებით რუსული ნავთობის მწარმოებლებისთვის, მეტი ამერიკული სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, თუ მომავალი პრეზიდენტი ამას მოითხოვს.





