რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

არ მგონია, რომ ტრამპის ხელახლა არჩევა უკრაინას გაწირავს – ფერგიუსონი

Symposium.org

ცნობილმა ისტორიკოსმა და ჰუვერის ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა, ნილ ფერგიუსონმა რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის დახმარების მზარდ მხარდაჭერასა და ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში აშშ-ს მხრიდან უკრაინის დახმარების პერსპექტივებზე ისაუბრა. ამის შესახებ მან მედია Intelligence Squared-თან ილაპარაკა

ისტორიკოსის თმით, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაცია იზოლაციონისტურ პოლიტიკას არ გაატარებს, რადგან მისი სავარაუდო წევრები გაზრდილ სამხედრო ჩართულობას უფრო მეტად უჭერენ მხარს, ვიდრე დემოკრატები. ფერგიუსონმა ასევე თქვა, რომ რესპუბლიკურ პარტიაში იზოლაციონისტური დამოკიდებულება ამჟამად კნინდება და საბოლოოდ, "ჩამოიშლება". 

რესპუბლიკური პარტიის ის ნაწილი, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი პაკეტი შეაფერხა, ფერგიუსონმა "სასარგებლო იდიოტებად" მოიხსენია. 

"ისინი მეორე ცივ ომში სასარგებლო იდიოტები იყვნენ". - თქვა ფერგიუსონმა წამყვანის კითხვის საპასუხოდ.

ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ უკრაინის დახმარების პაკეტს, წინააღმდეგობის მიუხედავად, წარმომადგენელთა პალატა საბოლოოდ მაინც მხარი დაუჭირა, რაც ნაწილობრივ სპიკერ მაიკ ჯონსონის გადაწყვეტილების შედეგი იყო. ფერგიუსონმა თქვა, რომ ჯონსონი წარსულში იზოლაციონისტებს ემხრობოდა, მაგრამ სადაზვერვო ბრიფინგის შემდეგ აზრი შეიცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იზოლაციონისტური პოზიცია ნელ-ნელა დაკნინდება.

"საბედნიეროდ, სპიკერმა მაიკ ჯონსონმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საინტერესოა, რომ ის, ვინც მათთან იდგა და მანამდე უკრაინის დახმარების წინააღმდეგ ხმაც ჰქონდა მიცემული, გამოვიდა, უკრაინის დახმარების მხარდასაჭერად შემართებით სავსე სიტყვა წარმოთქვა და კანონპროექტს მხარი დაუჭირა. რატომ გააკეთა ეს? რადგან სადაზვერვო ბრიფინგს დაესწრო და ძალიან შეშინდა, რადგან მაიკ ჯონსონი უცებ მიხვდა იმას, რისი მოყოლითაც დავიწყე, რომ არსებობს მსხვილმასშტაბიანი გლობალური ღერძი, რომელიც არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ახლო და შორ აღმოსავლეთში და, სხვათა შორის, სხვაგანაც მოქმედებს და საფრთხეს წარმოადგენს ყველასთვის, ვისაც დემოკრატიის, თვითმმართველობის, კანონის უზენაესობისა და ინდივიდუალური თავისუფლების იდეალების სწამს. ასე რომ, თუ მაიკ ჯონსონს შეუძლია რეალობის დანახვა, მგონია, რომ დროთა განმავლობაში იზოლაციონისტები დაიფანტებიან, როგორც 30-იანებში ქნეს (რედ. მეორე მსოფლიო ომის დროს)". - თქვა ფერგიუსონმა. 

ისტორიკოსმა ახლანდელ იზოლაციონისტებსა და მეორე მსოფლიოს ომის დროინდელ იზოლაციონისტებს შორის პარალელი კიდევ ერთხელ გაავლო და თქვა, რომ მომავალში აშშ-ს როლთან დაკავშირებით იზოლაციონისტობა "ძალიან ცუდად გამოჩნდება". 

"იზოლაციონისტობა ძალიან ცუდ გადაწყვეტილებად გამოჩნდება. ტაკერ კარლსონმა თავისი რეპუტაცია გაინადგურა, ნიჭიერი ტელეწამყვანი იყო, მოსკოვში მგზავრობით და პუტინთან ჩაწერილი სიკოფანტური ინტერვიუთი თავი მასხრად აიგდო, Lord Haw-Haw-ს მსგავს (რედ. მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთში ფაშისტი პროპაგანდისტი) ფიგურად იქცა". - თქვა ფერგიუსონმა 

ფერგიუსონის თქმით, ისრაელზე თავდასხმის შემდეგ რესპუბლიკურ პარტიაში უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით აზრის ცვლილების ტენდენცია არსებობს, რადგან პოლიტიკოსები ხვდებიან, რომ ეს ორი მოვლენა დაკავშირებულია.

"მას შემდეგ, რაც თავდასხმა ისრაელზეც იყო და უკრაინაზეც, მრავალი რესპუბლიკელი აზრს იცვლის. როცა ხვდები, რომ ეს მოვლენები დაკავშირებულია და უბრალოდ ვერ ამოირჩევ, განაცალკევებ, ასე ვთქვათ, უკრაინას ვერ გაწირავ და ისრაელს ვერ დაეხმარები, როცა იაზრებ, რომ დაკავშირებულები არიან, იზოლაციონისტური პოზიცია ჩამოიშლება". - თქვა ფერგიუსონმა.

კითხვაზე, შენარჩუნდება თუ არა ეს ტენდენცია ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დროს, ფერგიუსონმა უპასუხა, რომ დასავლეთში გავრცელებული მოლოდინები ტრამპის ადმინისტრაციის შესახებ მცდარია და ტრამპი "ჭეშმარიტი იზოლაციონისტი" არ არის.

"ახლა არ მგონია მოიგოს... მაგრამ თუ თავიდან გაიმარჯვებს, სახელმწიფო მდივნად ტაკერ კარლსონი არ დაინიშნება, არც მერჯორი ტეილორ გრინი იქნება ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი. ადამიანები, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციას დააკომპლექტებენ, იქნებიან მაიკ პომპეო, მეტ პოტინჯერი - ძალიან ბევრია, ვის ჩართულობასაც მეტნაკლებად თავდაჯერებულად შეიძლება მოველოდეთ, შესაძლოა ბრიჯ ქოლბინი... ეს ადამიანები უფრო მეტად არიან "ქორები" (რედ. სამხედრო ძალის გამოყენებას მეტად უჭერენ მხარს), ვიდრე დემოკრატები, ისინი რეალურად დემოკრატებს იმისთვის აკრიტიკებენ, რომ უკრაინას, ისრაელსა და ტაივანს არასაკმარისად ეხმარებიან. მაიკ გალაჰერისა და მეტ პოტინჯერის ნაწერი, რომელიც ახლახან დაიბეჭდა Foreign Affairs-ში, აკრიტიკებს ბაიდენის ადმინისტრაციას არასაკმარისი "ქორობის" გამო და არ მგონია, რომ ტრამპი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული თვალსაზრისით იზოლაციონისტია, ჭეშმარიტ იზოლაციონისტს წარმოადგენს. [...] არ მგონია სწორი, მოველოდეთ, როგორც ხალხი ხშირად ელის, რომ ტრამპის ხელახლა არჩევა უკრაინას გაწირავს". - თქვა ფერგიუსონმა. 

ფერგიუსონმა ასევე თქვა, რომ ტრამპის შესაძლო პრეზიდენტობისა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხი სხვანაირად ჩანს დასავლეთსა და უკრაინაში. მისი თქმით, უკრაინელები მიიჩნევენ, რომ ბაიდენი ესკალაციას ერიდება.

"მახსოვს ამას უკრაინელ მინისტრთან განვიხილავდი, არ ვიტყვი, რომელი მინისტრი იყო, ერთ-ერთ-ერთ მინისტრთან, რომელმაც თქვა, რომ წლის განმავლობაში ხალხი აფრთხილებდათ ტრამპის შესახებ, მაგრამ დახმარება ბაიდენის მმართველობის დროს შეჩერდა და რომ ძალიან ბევრი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა, რადგან ბაიდენი სიტუაციის ესკალაციას ერიდება.

ამიტომ, როდესაც კიევში ხარ საკითხი ისეც არ ჩანს, როგორც ლონდონში და უცნაურად ნაკლებად ღელავენ ტრამპზე, ვიდრე დასავლეთ ევროპაში". - თქვა ფერგიუსონმა. 


შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ უკრაინის დახმარების კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

მანამდე, მაიკ ჯონსონი ამბობდა, რომ კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს.

იგი ამ პოზიციას იმით ხსნიდა, რომ კანონპროექტი აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხს არ მოიცავდა, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

თუმცა 16 აპრილს ჯონსონმა განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში ისრაელისა და უკრაინის დახმარების კანონპროექტებს ამ კვირაში ერთმანეთისგან განცალკევებით განიხილავენ. ხოლო $95-მილიარდიან კანონპროექტში აშშ-მექსიკის საზღვრის უსაფრთხოების საკითხი განხილული არ იქნება.

ჯონსონის თქმით, წარმომადგენელთა პალატაში ერთდროულად განიხილავენ ერთმანეთისგან განცალკევებულ 4 კანონპროექტს, რომლებიც ისრაელი-უკრაინის გარდა ტაივანისა და აშშ-ს ინდო-წყნარი ოკეანეთის მოკავშირეების დახმარებას, ასევე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებსაც მოიცავს.

კომენტარები