ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა

ურალოღლუ: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა განაახლა

აბდულკადირ ურალოღლუ

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, აბდულკადირ ურალოღლუმ 25 მაისს X-ზე დაწერა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზამ მუშაობა განაახლა.

აქამდე რკინიგზის საქართველოზე გამავალ მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

"ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ხელახლა გაიხსნა! ჩვენი რკინიგზა, რომელიც "ერთი გზისა და ერთი სარტყლის" ინიციატივის მნიშვნელოვანი ნაწილია, აზერბაიჯანიდან გადის და ჩვენს ქვეყანამდე მოდის. ჩვენი პირველი ექსპორტის გადამტანი მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიძრა. ჩვენ რკინიგზით შევასრულეთ 1 470 000 ტონა ტვირთის გადაზიდვა. ჩვენი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზი უფრო მეტად გაზრდის ზანგეზურის დერეფნის ეფექტიანობას." – წერს თურქი მაღალჩინოსანი.

25 მაისს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გავლით მატარებელმა თურქეთში 632 ტონა პლასტმასის ტვირთი 20 ვაგონით ჩაიტანა. როგორც თურქულ მედიაში წერენ, საქართველოს მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროცესი 20 მაისს დასრულდა. 

ამ წლის თებერვალში თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის დროს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ახლო მომავალში აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა.

გასული წლის 15 მაისს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთი დროებით დაიხურასაქართველოს რკინიგზაში ამბობდნენ, რომ მიზეზი მონაკვეთზე არსებული სარემონტო სამუშაოები იყო.

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის, "მარაბდა კარწახის" სარკინიგზო მონაკვეთზე, მშენებელი კონტრაქტორი კომპანიის,"დსს აზერბაიჯანის რკინიგზების ფილიალი საქართველოში", ოფიციალური წერილის თანახმად, 15 მაისის 00:00 საათიდან შეიზღუდა სარკინიგზო მიმოსვლა. მატარებელთა მოძრაობის შეწყვეტის მიზეზი არსებულ მონაკვეთზე გენერალური კონტრაქტორის მიერ მშენებლობის ტემპების დაჩქარება და შემჭიდროებულ ვადებში პროექტის დასრულებაა." – ამბობდნენ გასულ წელს საქართველოს რკინიგზაში.

2022 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ 2017 წელს გახსნილ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტში დამატებით 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდებოდა, ხოლო მისი გამტარუნარიანობა 1 მილიონიდან 5 მილიონ ტონამდე გაიზრდებოდა.

საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე მუშაობა 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი - 2008 წელს. საქართველოს მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში გაიარა. პროექტის შეფერხების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი თურქეთის მხარეს რკინიგზის მშენებლობის დაბალი ტემპი იყო. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე პირველი მატარებელი 2017 წლის ოქტომბერში დაიძრა. მას შემდეგ პროექტი სატესტო რეჟიმში მუშაობდა. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 826 კილომეტრია, აქედან 254 კილომეტრი საქართველოზე გადის.

2019 წელს თურქეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შესაძლოა, რუსეთის რკინიგზას დაკავშირებოდა. საქართველოს მთავრობაში ამბობდნენ, რომ პროექტში სხვა მონაწილის ჩართვა სამივე ქვეყანასთან უნდა შეთანხმდეს.

 

კომენტარები