რუსული კანონი

ზახაროვა: დემოკრატია სწორედ ამერიკის ჯორჯიაში არ არსებულა და არა საქართველოში

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ კიდევ ერთხელ დაიცვა საქართველოში რუსული კანონი და საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა დეზინფორმაციული შინაარსის ტექსტი, თითქოს აშშ-ში ჯორჯიის გუბერნატორს საკუთარი შტატი საქართველოში აერია და ვეტო დაადო კანონს, რომელიც FARA-ს მსგავსი იყო.

ზახაროვას მტკიცებით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და სენატი საქართველოში დემოკრატიას "კოშმარს უწყობენ".

რას წერს ზახაროვა?

სანამ ენტონი ბლინკენი და აშშ-ს სენატი საქართველოში დემოკრატიას კოშმარს უწყობენ, ჯორჯიაში რაღაც ადგილზე არაა.

რა ხდება?

აპრილში შტატ ჯორჯიის სენატმა მიიღო და ხელმოსაწერად გაუგზავნა გუბერნატორს საკუთარი კანონპროექტი N368 უცხოელ აგენტთა შესახებ, რითიც აჩვენა თავდასხმა დემოკრატიის ყველა ფრონტზე.

ამის შემდეგ, ასე დაემთხვა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომელშიც აკრიტიკებდნენ "კრემლის მიერ შთაგონებულ კანონს "უცხოურ გავლენაზე", რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება."

ამის შემდეგ, შტატის გუბერნატორმა, როგორც ჩანს, წაიკითხა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და გაკვირვებულმა, რომ მის საკუთარ ჯორჯიაში "კრემლის შთაგონება" ფეხს იკიდებდა, ვეტო დაადო შტატის სენატის მიერ მიღებულ კანონს უცხოელ აგენტთა შესახებ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ცუგცვანგში აღმოჩნდა. რადგან შტატ ჯორჯიაში კემპის ვეტოს გამო უცხოელ აგენტებზე კანონი საბოლოოდ ვერ მიიღეს. საქართველოში კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურა დაიწყო. გამოვიდა, რომ დემოკრატია სწორედ ამერიკის ჯორჯიაში არაა და არა საქართველოში და ახლა ვაშინგტონში არ ესმით, რა უქნან საკუთარ სირცხვილს.

გახსოვთ, ადრე რამდენი დასცინოდა ამერიკელებს, რომლებიც საკუთარ ტვიტებში საქართველო და ჯორჯია ერთმანეთში ერეოდათ? როგორც ჩანს, ეს უკვე არა საგარეო, არამედ აშშ-ს საშინაო პოლიტიკის პრობლემად იქცა.

რა მოხდა სინამდვილეში ჯორჯიაში?

2024 წლის 2 აპრილს ჯორჯიის სენატმა რესპუბლიკელ გუბერნატორ ბრაიან კემპს ხელმოსაწერად გაუგზავნა კანონპროექტი N368, რომელიც უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის (FARA) შტატის იურისდიქციისთვის განკუთვნილ ვერსიას შექმნიდა. ზახაროვას გამოქვეყნებულ ტექსტში რამდენიმე ტყუილი წერია.

პირველ რიგში, კანონპროექტი ინიციირებული არ ყოფილა გუბერნატორი ბრაიან კემპის მიერ, ის ჯორჯიის ადგილობრივმა სენატორმა, რიკ უილიამსმა წარადგინა. რაც შეეხება დროის სხვაობას, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება 1-ელ მაისს გამოქვეყნდა, ჯორჯიის გუბერნატორმა კანონპროექტ N368-ს კი ვეტო 7 მაისს, 6 დღის შემდეგ დაადო.

რაც შეეხება მთავარ ტყუილს, თითქოს ჯორჯიის გუბერნატორმა შტატი და ქვეყანა ერთმანეთისგან ვერ გაარჩია და ვეტო კანონპროექტ N368-ს გაკვირვების გამო დაადო, საქმე ბევრად უფრო მარტივადაა – კანონპროექტ N368-ზე ვეტოს დადება გუბერნატორს თავად კანონის წარმდგენმა, რიკ უილიამსმა სთხოვა იმიტომ, რომ ის იურიდიულად გაუმართავი იყო. ამ კანონმდებლობას პირებისთვის, რომლებიც არ არიან აშშ-ს მოქალაქეები, უნდა აეკრძალა ჯორჯიაში საარჩევნო კანდიდატებისა და კამპანიის დაფინანსება. კანონად მიღების შემთხვევაში რეგისტრაცია მოუწევდათ იმ უცხოელებსაც, რომლებსაც შტატში სხვადასხვა ბიზნესით არიან დაკავებული.

კანონს გავლენა ექნებოდა არა მხოლოდ უცხოურ კომპანიებზე, არამედ ამერიკელებზეც, რომლებიც უცხოური კომპანიებიდან იღებდნენ სარგებელს, ასევე არაკომერციულ ორგანიზაციებზე, აკადემიურ ინსტიტუტებზე, რელიგიურ დაწესებულებებსა და სხვებზე, რადგან FARA-სგან განსხვავებით ტექსტი არ მოიცავდა გამონაკლისებს, რომლებსაც კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის გავლა არ მოუწევდათ.

სწორედ ამ მიზეზით, ამ კანონის მიღება საზოგადოებაშიც და ბიზნესის წარმომადგენლებშიც გაურკვევლობას გამოიწვევდა და საჭირო გახდებოდა სხვადასხვა ბიზნესწარმომადგენლებს გაევლოთ დამატებითი ბიუროკრატიული პროცედურები. თანაც უცხოეთის მოქალაქეებისთვის საარჩევნო კამპანიების დაფინანსება FARA-თი, რომელიც ფედერალური კანონია, ისედაც შეზღუდულია. როგორც თავად გუბერნატორმა კემპმა თქვა, კანონპროექტის წარმდგენის სურვილს ზემოხსენებული გაუგებრობის წარმოქმნა არ წარმოადგენდა.

 

კომენტარები