ევროპული საქართველლო

პრეზიდენტის ქარტია – რას და რატომ უჭერს მხარს ევროპული საქართველო

პრეზიდენტის ქარტია - რას და რატომ უჭერს მხარს ევროპული საქართველო:

  •  რეფორმების ერთიანი ხედვა და არა ერთიანი სია - ერთობა მრავალფეროვნებაში და მეტი არჩევანი ხალხს
  • შეთანხმება ხელისუფლების დანაწილებაზე და ერთ ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის დაუშვებლობაზე
  • ამომრჩევლების მანდატის მოპოვებამდე თანამდებობების განაწილებისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის უტოპიური იდეის უარყოფა

მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დაწყებიდანვე, ევროპული საქართველო პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს შორის შინაარსის გარშემო დისკუსიისა და შეთანხმების აუცილებლობაზე საუბრობს - ჩვენი მკაფიო პოზიცია იყო და არის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების უზრუნველსაყოფად, არსებითად მნიშვნელოვანია, პარტიებს შორის დისკუსია და შეთანხმება იმ საბაზისო ცვლილებებზე, რაც ხელისუფლების გადარჩევის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

ამასთანავე, ჩვენ თავიდანვე საზიანოდ მივიჩნევდით მავნებლურ კამპანიას ყველა ოპოზიციური პარტიის ერთმანეთთან შერწყმაზე, ერთიანი სიის ფორმირებისა და არჩევნებამდე კონკრეტულ გვარებზე შეთანხმებით ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების შესახებ, რომელსაც არ ექნება ამომრჩევლის მანდატი - ყველა მსგავსი შეთანხმება გააძლიერებდა რეჟიმის პროპაგანდას და შეზღუდავდა მოქალაქეების არჩევანს.

სწორედ ეს იყო პრეზიდენტის მთავარი გზავნილი "ქართული ქარტიის" წარდგენისას - "ერთობა ერთიანობის გარეშე" ანუ არა ერთიანი სია, არამედ რეფორმების ერთიანი ხედვა, რაც გულისხმობს პარტიების შეთანხმებას არა ერთიანი სიის, არამედ იმ საბაზისო შინაარსის გარშემო, რაც რუსული რეჟიმის გადარჩევის შემდეგ ცვლილებებმა უნდა შეიძინოს.

ეს არ ნიშნავს, რომ პარტიები ყველაფერზე შეთანხმდებიან - მეტიც, პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მონახაზი არ შეიცავს ბევრ მნიშვნელოვან მიმართულებას - მაგალითად, რეალური თვითმმართველობის ჩამოყალიბებას, კერძო საკუთრების პრიორიტეტს, განათლების და ჯანდაცვის რეფორმას, მთავრობის ზომისა და გადასახადების შემცირებას და კიდევ ბევრ სხვა ისეთ მიმართულებას, რომელიც ევროპულ საქართველოს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყნის არსებითი წინსვლისთვის და რომელთა განსახორციელებლად ამომრჩევლის მხარდაჭერა უნდა მოვიპოვოთ.

თუმცა პრეზიდენტის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული ქარტია მოიცავს იმგვარ საკითხებს, რომელზე შეთანხმებაც დაეხმარება ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილების ამოცანებს და ხელს შეუწყობს რეჟიმის პროპაგანდის შედეგად ცვლილების მიმართ მოქალაქეებში კულტივირებული შიშისა და უნდობლობის განეიტრალებას.

ქარტიაში მოცემული საკითხებიდან ნაწილი, მაგალითად, ჩანაწერი ნაფიცი მსაჯულთა ინსტიტუტის გაფართოების შესახებ კონკრეტულია, ნაწილი, მაგალითად, ჩანაწერი სუს-ში და შსს-ში არსებული ძალაუფლების დეკონცენტრაციაზე, უფრო ზოგადი ხედვაა და რეფორმის შინაარსის დაზუსტებაც დამატებითი დისკუსიის შედეგად უნდა მოხდეს.

თუმცა მისი მთავარი გზავნილი ადეკვატურად პასუხობს არსებულ გამოწვევებს: პარტიების მხრიდან იმის დემონსტრირება, რომ განსხვავებული ხედვების პირობებში, მათ შეუძლიათ შეთანხმება საბაზისო ნაბიჯებზე, ამ შეთანხმებაზე კი პოლიტიკური ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტის, პრეზიდენტის მხრიდან პასუხისმგებლობის აღება არის მნიშვნელოვანი და დროული გზავნილი ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილების ხელშესაწყობად.

ქარტიაში მოცემული საკითხების მიღმა, ყველანაირი საუბარი პარტიებს შორის მომავალ მთავრობაზე ან მით უმეტეს, ე.წ. ყბადაღებულ ტექნიკურ მთავრობაზე წინმსწრებად შეთანხმების შესახებ არის საზიანო უტოპია და მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში მსგავსი არაფერი წერია - ერთიანი სიისა და ტექნიკური მთავრობის ლობისტების მხრიდან ქარტიის ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია არის ამ საზიანო იდეების ხელახლა აქტუალიზების მცდელობა და ეწინააღმდეგება შემოთავაზებული ქარტიის სულისკვეთებას.

ქარტიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ვხვდებით მხოლოდ შემდეგ ჩანაწერს: "მთავრობა, რომელიც ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზე იქნება პასუხისმგებელი, წარდგენილი იქნება საქართველოს პრეზიდენტის მიერ".

ამ ჩანაწერის არასწორი ინტერპრეტაციისთვის იყენებენ პრეზიდენტის მიერ პრეზენტაციაზე წარმოთქმულ შემდეგ სიტყვებს: "ეს იქნება მთავრობის სრულიად ახალი მოდელი, ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებისგან დაკომპლექტებული მთავრობა".

ეს პრეზიდენტის შეფასებაა, ქარტიის ტექსტში მსგავსი ჩანაწერი არ გვხვდება, თუმცა ამ საკითხის გამოყენება იმ შთაბეჭდილების შესაქმნელად, თითქოს პარტიებს კოალიციური მთავრობის ფორმირების პროცესში წონა არ ექნებათ, მხოლოდ რეჟიმის პროპაგანდას ეხმარება.

შეთანხმების პარალელურად, სწორედ ამომრჩევლები გადაწყვეტენ, რომელ პარტიას რა წონა ექნება მომავალი მთავრობის ფორმირების პროცესში, პრეზიდენტი კი თავისი როლით დამზღვევის ფუნქციას შეასრულებს, რაც მნიშვნელოვანია.

დაბოლოს, ერთადერთი საკითხი, რომელზეც რეზერვაციები მაქვს, არის ვადა, რომელიც პრეზიდენტმა ქარტიაში მოცემული რეფორმების განხორციელებისთვის მიუთითა, მათი საგაზაფხულო სესიამდე დასრულების თაობაზე.

ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელი რეფორმების განხორციელებას უფრო დიდი დრო დასჭირდება, თუმცა ეს განსხვავება არაარსებითია იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებთან შედარებით, რასაც ევროპული საქართველო უჭერს მხარს.

კომენტარები