NATO

ორბანის თქმით, უნგრეთი NATO-ს წევრობის სტატუსში ცვლილებების შეტანას განიხილავს

OMAR MARQUES/GETTY IMAGES

უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთი NATO-ს წევრობის სტატუსის გადახედვასა და ახალი განსაზღვრების შედგენაზე მუშაობს, რომელიც სხვა წევრი ქვეყნების პირობებისგან განსხვავებული იქნება და ქვეყანას საშუალებას მისცემს, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებაზე უარი თქვას. 

"ჩვენი იურისტები და ოფიცრები მონდომებულად მუშაობენ, რათა მოვნახოთ გზა, თუ როგორ შეიძლება უნგრეთმა თავისი NATO-ს წევრობა შეინარჩუნოს ისე, რომ მისი ტერიტორიის გარეთ ალიანსის ქმედებებში მონაწილეობის მიღება არ მოუწიოს". - თქვა ორბანმა. 

ორბანმა თქვა, რომ უნგრეთი უერთგულებს NATO-ს მისიას, თავდასხმის შემთხვევაში თავისი წევრები დაიცვას, მაგრამ შიშობს, რომ უკრაინის, არაწევრი ქვეყნის, სამხედრო დახმარება შესაძლოა უფრო ფართო სამხედრო ჩართულობაში გადაიზარდოს. 

პრემიერის თქმით, უნგრეთი არ იზიარებს შეფასებას, რომ რუსეთი უკრაინის შემდეგ NATO-ს აღმოსავლეთ ნაწილს დაესხმება. ის ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი "ორ სლავურ ქვეყანას" შორის ომად უნდა მოიაზრებოდეს.

პარალელურად, NATO-ს სამუშაო ჯგუფები ომში სამხედრო ალიანსის როლის გაფართოებაზე მსჯელობენ. ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი, როგორც წევრი ქვეყანა, ამ დისკუსიებში მონაწილეობს, მაგრამ რამდენადაც უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არ ემხრობა, ფაქტობრივად "არამონაწილე წევრია". მისივე თქმით, უნგრეთისთვის ფორმალური უფლების მინიჭება, რომ გამოეთიშოს პროცესს, ახალი ცნება იქნება.

"ისეთი სიტუაციაა, რომ თან იქ ვართ და თან არა. არ ვიცი რამდენი ხნით შეიძლება ეს შენარჩუნდეს". - თქვა ორბანმა. 

ორბანმა ამის შესახებ NATO-ს მიერ უკრაინის დახმარების პაკეტზე მუშაობის პარალელურად ისაუბრა. პაკეტი ალიანსის ლიდერებს ივლისში, ვაშინგტონში სამიტზე წარედგინებათ და, სავარაუდოდ, NATO-ს უკრაინული ჯარის წვრთნასა და იარაღის მიწოდების კოორდინირებაში უფრო დიდ როლს მიანიჭებს. 

ამჟამად უნგრეთი NATO-ს ტერიტორიის გარეთ ალიანსის ორ მისიაში მონაწილეობს - ერაყსა და კოსოვოში. 

NATO-ს წევრ ქვეყნებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ნებისმიერ სამხედრო მისიაში მონაწილეობაზე უარი თქვან, მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალური ჩართულობა ყოველთვის წახალისებულია.

მანამდე, 1 თებერვალს ევროკავშირის ლიდერები უკრაინისთვის €50-მილიარდიან დახმარების გამოყოფაზე საბოლოოდ შეთანხმდნენ მას შემდეგ, რაც უნგრეთი ინიციატივას თვეების განმავლობაში ბლოკავდა. 2023 წლის ბოლოს პრემიერმინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრეთისთვის შეჩერებული ფინანსური დახმარების ნაწილობრივი აღდგენა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერაში გაცვალა, თუმცა €50-მილიარდიანი პაკეტი, რომელიც ბლოკის 27-ვე წევრის მხარდაჭერას საჭიროებდა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩებოდა.

კომენტარები