რუსული კანონი

გლობალური ომის პარტიის პრემიერი კობახიძე ელჩებს დებატებში იწვევს

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე
საქართველოს მთავრობა

რამდენადაც სერიოზულია კობახიძის განცხადება, იმდენად სერიოზულია ჩვენი სათაური

დიდი ხანია ქართული ოცნება გლობალური ომის პარტიის შესახებ ლაპარაკობს, მაგრამ აქამდე არც ერთხელ უთქვამს ვისგან შედგება ეს პარტია და ვინ არის მისი ლიდერი. ბოლო დროის მოვლენებმა ამ საიდუმლოს ფარდა ახადა. დღესავით ნათელია, რომ ეს პარტია თავად ქართული ოცნებაა და რომ ივანიშვილის მეთაურობით ის მთელ ცივილიზებულ სამყაროსთან სამკვდრო-სასიცოცხლო კონფლიქტშია შესული. 

საკუთარი ახირებებისა თუ ჰალუცინაციების ტყვეობაში მყოფ ივანიშვილს ყველგან მტრები ელანდება და ყველასთან დაპირისპირებაშია.

პრობლემა ისაა, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი კონფლიქტი არაა, ამ გლობალურ ომში მის მიერ მიტაცებული ქართული სახელმწიფოც ჩართო. ჩვენდა უნებურად ვიქეცით საზარბაზნე ხორცად წინასწარვე განწირულ კონფლიქტში.

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ს, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს რუსული კანონის შეფასებისას დიპლომატიური სტანდარტების დარღვევაში ადანაშაულებს და კანონპროექტის გარშემო პროცესების "გამჭვირვალობისათვის" მათ საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.

"საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს - ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ". - წერს კობახიძე Facebook-ზე.

ეს წერილი ისევეა კობახიძის, როგორც 2013 წელს ევროპარლამენტარების კრიტიკაზე უსუფაშვილის საპასუხო წერილი, რომელშიც, ივანიშვილის თქმითვე, "ყველა აქცენტი" პირადად მისი გაკეთებული იყო.

კომენტარები