რუსული კანონი

Meta: ფაქტებს დამოუკიდებელი გადამმოწმებლები აფასებენ, ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო

ფაქტ-მეტრი (Fact Check) ფაქტების გადამოწმების პროგრამის შესახებ გაჟღერებულ ბრალდებებზე Meta-ს განცხადებას ავრცელებს.

ფაქტ-მეტრის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების წევრებისა და მხარდამჭერების მიერ Facebook-ზე გავრცელებული ბანერები მოინიშნა როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, ფაქტ-მეტრი არაერთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა.

"მას შემდეგ რაც ფეისბუქზე გავრცელებული ბანერები მოინიშნა როგორც ცრუ ინფორმაციის შემცველი, "ფაქტ-მეტრი" არაერთი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების და თავდასხმის ადრესატი გახდა" – წერს ფაქტ-მეტრი. 

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ Facebook-ი ე.წ. "გლობალურ ომის პარტიასთან" არის დაკავშირებული.

Meta-ს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პლატფორმაზე განთავსებულ მასალას არა Meta-ს თანამშრომლები, არამედ დამოუკიდებელი გადამმოწმებლები  აფასებენ. მსგავსი ბრალდებების გავრცელება კი ტყუილია და სახიფათოა.

"საქართველოში და მსოფლიოს გარშემო, Meta თანამშრომლობს დამოუკიდებელ ფაქტების გადამმოწმებლებთან, რომლებიც სერტიფიცირებულნი არიან მიუკერძოებელი გაერთიანებების, ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის & ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის მიერ. დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებლები, და არა Meta-ს თანამშრომლები, განსაზღვრავენ თუ რა მასალას შეაფასებენ. მსგავსი ბრალდებები არის ტყუილი და სახიფათო" – ვკითხულობთ განცხადებაში. 

factcheck.ge არის Facebook-ის კონტრაქტორი ქართული ორგანიზაცია, რომელიც სოციალურ ქსელში დეზინფორმაციას ებრძვის და შესაბამის ფეისბუქ-პოსტებს ვერდიქტს ანიჭებს. ორგანიზაცია პოსტებისთვის ცრუ ინფორმაციის იარლიყის მინიჭების გარდა აქვეყნებს მასალას, თუ რატომ არის აღნიშული პოსტი სიყალბე. factcheck-ი ასე მოიქცა რუსულ კანონთან დაკავშირებული სახელისუფლებო ქარდების ყალბ ინფორმაციად მონიშვნის დროსაც. ქარდი, რომელიც მოინიშნა, პოზიტიურად წარმოაჩენდა კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და ირწმუნებოდა, რომ კანონი არა რუსული, არამედ ევროპულია.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ფაქტჩექერები ცალკეული პირის მიერ გამოქვეყნებულ ფოტოს დეზინფორმაციად მონიშნავენ, Facebook-ის ალგორითმი ავტომატურად პოულობს სხვადასხვა მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებულ ამავე ვიზუალურ მასალას და ადებს გაფრთხილებას, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

Facebook-ის მფლობელ კომპანია Meta-სთან დადებული კონტრაქტის მიხედვით, დამოუკიდებელ ფაქტჩექერებს არ აქვთ უფლება, რომ ცრუ ინფორმაციის იარლიყი მიანიჭონ პოსტებს, რომლებიც პოლიტიკოსთა მიერ არის გამოქვეყნებული. თუ პოლიტიკოსის პოსტი ალგორითმის მიერ ავტომატურად მაინც მოინიშნება, შესაძლებელია შეზღუდვის მექანიკურად მოხსნა. სწორედ ამიტომ მოეხსნა გაფრთხილება ცრუ ინფორმაციის შესახებ ქართული ოცნების დეპუტატი დიტო სამხარაძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტსაც.

კომენტარები