რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bloomberg: აშშ-ს კონგრესში უკრაინის დახმარების განხილვა, შესაძლოა, კიდევ გადაიდოს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი
Bill Clark / CQ Roll Call via AP file

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების განხილვა შესაძლოა აპრილის შუა რიცხვებამდე ვერ მოხერხდეს.

რესპუბლიკური პარტიის ორმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მაიკ ჯონსონი ჯერ კიდევ ცდილობს, უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი თანაპარტიელების გადმობირების გზები იპოვოს.

მანამდე, მაიკ ჯონსონმა 31 მარტს განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უკრაინის დახმარების შემცველი კანონპროექტის განხილვას კონგრესმენები სამუშაო პროცესის განახლებისთანავე დაიწყებენ. თუმცა, მისი თქმით, პაკეტში "მნიშვნელოვან სიახლეებს" მოელოდა.

Fox News-თან გაკეთებული ინტერვიუში ჯონსონმა უკრაინის დახმარების რამდენიმე სავარაუდო გზა განიხილა. ერთ-ერთ მაგალითად მან უკრაინისთვის სესხის მიცემა დაასახელა, რათა უკრაინის დახმარების საკითხში შედარებით კონსერვატორი კონგრესმენების მხარდაჭერა მოიპოვოს.

კიდევ ერთი გზა, ჯონსონის აზრით, მაიკლ მაკკოლის მიერ წარდგენილი უკრაინის დახმარების კანონპროექტია ("REPO for Ukrainians Act"), რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანს აძლევს ნებართვას, რუსეთისა და რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის ჩამორთმეული აქტივები უკრაინის დახმარებისთვის გამოიყენოს.

თუმცა რესპუბლიკელი მაღალჩინოსნების თქმით, მაიკ ჯონსონი უკრაინის დახმარების პაკეტის საკითხზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს არ დალაპარაკებია, შესაბამისად, მათი თქმით, მომავალი კენჭისყრისთვის დახმარებაზე საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება რთული იქნება.

ორმა რესპუბლიკელმა ლიდერმა ასევე თქვეს, რომ ლოჯისტიკურად დახმარებაზე შეთანხმება ამ შაბათ-კვირას ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა დაჩქარებული წესით გატანის მცდელობამ შესაძლოა კანონმდებლობის ჩავარდნა გამოიწვიოს.


აშშ-ს სენატმა 13 თებერვალს გამართული კენჭისყრით დაამტკიცა 95.3 მილიარდი დოლარის საგარეო დახმარების კანონპროექტი, თუმცა, ახლა კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატაში გადაიგზავნება, სადაც მის დამტკიცებას, დიდი ალბათობით, დაბრკოლებები შეექმნება.

მიღებული პაკეტი მოიცავს $60 მილიარდს უკრაინის, $14.1 მილიარდს ისრაელის, 4.8 მილიარდს კი ინდო-წყნარ ოკეანეთში პარტნიორების, მათ შორის, ტაივანის მხარდასაჭერად. კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია 9.2 მილიარდი დოლარი ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დახმარებისთვის.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თქმით, კონგრესის ქვედა პალატას ვერ აიძულებენ, მიიღოს სენატის მიერ დამტკიცებული კანონი, რომელიც უკრაინისა და ისრაელის დახმარებას მოიცავს. 

როგორც აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა აღნიშნა, ამის მიზეზი ისაა, რომ კანონი არ მოიცავს აშშ-მექსიკის საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული საკითხებს, რაც რესპუბლიკელებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.

კომენტარები