რუსული კანონი

ყირგიზეთმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" კანონი მიიღო

ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჟაპაროვი
REUTERS/Amr Alfiky/ File photo

ყირგიზეთმა "უცხოეთის გავლენის აგენტების" შესახებ რუსული კანონი მიიღო. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, სადირ ჟაპაროვმა მოაწერა.

კანონპროექტი სახელმწიფოს მხრიდან არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციების დამატებით კონტროლსა და შემოწმებას ითვალისწინებს.

კანონში გამოყენებულია რუსეთის მიერ 2012 წელს მიღებული "უცხოეთის აგენტების" კანონში არსებული მუხლები და ენა. დამოუკიდებელი ყირგიზი ჟურნალისტების თქმით, ახალი კანონი თითქმის ანალოგიურია რუსეთში მოქმედი კანონისა, მსგავსების წილი 69.2%-ს შეადგენს.

ამასთან, კანონში დამატებით განსაზღვრულია ვალდებულებები უცხოური დაფინანსების მიმღები იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ.

ყირგიზეთის პრეზიდენტის ოფისის განმატებით კი, კანონი შემუშავებულია იმისთვის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა"უფრო გამჭვირვალე" გახდეს.

კანონის თავდაპირველი ვერსია რიგ შემთხვევებში პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა 20 თებერვალს კანონპროექტიდან ხსენებული მუხლი ამოიღეს.


არასამთავრობო ორგანიზაციების "ფინანსების გამჭვირვალობაზე" ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, "უცხოური გავლენის აგენტი" ჩანაცვლდება ტერმინით - "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია". კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება.

2023 წლის 7 მარტს ქართული ოცნების მიერ რუსული კანონი პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. აქცია ჩატარდა 8 მარტის საღამოსაც, რომელზეც, წინა დღის მსგავსად, საპოლიციო ძალებმა მონაწილეების დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ასევე, 9 მარტის დილის 06:00 საათზე სპეცრაზმმა აქციის დარბევა დაიწყო - გაარღვიეს ბარიკადები, რომლებიც მოქალაქეებმა მათგან დასაცავად ააშენეს. დარბევისას ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს.

10 მარტს, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის, მოქალაქეების პროტესტისა და რუსთაველზე გამართული მასშტაბური აქციების შემდეგ პარლამენტმა რუსული კანონი II მოსმენით ჩააგდო.

კომენტარები