თავდასხმა კროკუს სითი ჰოლზე

ვინ არიან კროკუსის ტერაქტის საქმის მეცხრე და მეათე ფიგურანტები

ნაზრიმადა ლუტფულოი და იაკუბჯონი იუსუფზოდა

კროკუს სითი ჰოლის ტერაქტის საქმეზე დაკავებული 11 პირიდან 10-ის პროცესი უკვე ჩატარდა და ათივე წინასწარ პატიმრობაში რჩება. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა მეცხრე და მეათე ფიგურანტების ვინაობა და ის, თუ რაში სდებენ მათ ბრალს.

29 მარტს მოსკოვის ბასმანის სასამართლომ 22 მაისამდე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მეცხრე ფიგურანტს – ნაზრიმადა ლუტფულოის. მას, როგორც დანარჩენ გასამართლებულებს, ბრალად ედება ტერორიზმის მუხლის დარღვევა. ლუტფულოის საგამოძიებო კომიტეტი ბრალად სდებს ტერორისტების დაფინანსების სქემაში მონაწილეობას.

როგორც ტელეგრამ-არხი SHOT-ი წერდა, ლუტფულოი ტაჯიკეთის მოქალაქეა. ის 24 წლისაა. დროებით დარეგისტრირებული იყო მოსკოვის რაიონ გოლიანოვოში. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია РИА Новости წერდა, რომ ეს ადამიანი იყო დაკავებული "გამომწვევი და თავხედური" ქცევისთვის კროკუსის შენობასთან, ტერაქტის მომდევნო დღეს, რისთვისაც მას თავდაპირველად 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.

სასამართლო პროცესის განმავლობაში ლუტფულოი იმ პოზაში დარჩა, რა პოზაშიც შეიყვანეს. მთელი განხილვის განმავლობაში ის იყო წელში მოხრილი და თავდახრილი.

28 მარტს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრ ბასტრიკინმა ტერაქტის საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, დაკავებული მონაწილეობდა "ტერორისტული დაფინანსების სქემაში". 29 მარტს რუსეთის ძალოვანმა სტრუქტურებმა ჩხრეკა ჩაატარეს კრიპტობირჟა Beribit-ის ოფისში, მოსკოვში. ტელეგრამ-არხები ამ ფაქტს სწორედ კროკუსზე თავდასხმის საქმეს უკავშირებდნენ.

რაც შეეხება მეათე ფიგურანტს, რომელიც წინასწარ პატიმრობაში ასევე 22 მაისამდე იქნება, ის ასევე ტაჯიკეთის მოქალაქეა. მას ჰქვია იაკუბჯონი იუსუფზოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მტკიცებით, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე ეჭვმიტანილმა თანამზრახველს საკუთარი საბანკო ბარათიდან გადაურიცხა ფული, რათა კროკუსზე თავდამსხმელები დაბინავებულიყვნენ. თანხის ნაწილი, საგამოძიებო კომიტეტის თქმით, იუსუფზოდამ ერთ-ერთ თავდამსხმელს ტერაქტის შემდეგ გადაურიცხა.

იუსუფზოდასაც ბრალად ედება ტერორიზმი. РИА Новости-ის წყაროს ცნობით, ეჭვმიტანილი 25 მარტს დააკავეს მოსკოვში, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, რისთვისაც, თავდაპირველად, 12-დღიანი პატიმრობა მიესაჯა.


22 მარტის ღამეს რუსეთის დედაქალაქის მახლობლად, მოსკოვის ოლქში, კრასნოგორსკში მდებარე "კროკუს სითი ჰოლის" საკონცერტო დარბაზში, სულ მცირე, სამი შეიარაღებული პირი შეიჭრა. მათ შენობაში მყოფ მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორ ისვრიან საკონცერტო დარბაზში თავდამსხმელები და როგორ იმალება ხალხი. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანან დაღუპული ადამიანებიც.

თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს, Renault-ის მარკის თეთრი ავტომობილით. ხანძრის შედეგად განადგურდა საკონცერტო დარბაზის ზედა სართულები. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 144-ია. ტერაქტში მონაწილე პირები 23 მარტს დააკავეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სპეცსამსახურების თანამშრომელი მოჭრილ ყურს პირში ტენიდა. 24 მარტს კი გავრცელდა ფოტო, რომელშიც კიდევ ერთ თავდამსხმელს აწამებდნენ. ფოტოში ჩანს ფარიდდუნ შამსუთდინი, რომელიც ძირს, შარვალჩახდილი გდია. მას ერთ-ერთ ფეხზე ადგას რუსი ძალოვანი. ფოტოში ჩანს ელექტრომოწყობილობაც, რომლის სადენებიც, სავარაუდოდ, კროკუს სითი ჰოლზე თავდამსხმელის სასქესო ორგანოზეა შეერთებული.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მომხდარს პირადად მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გამოეხმაურა. მისი მტკიცებით, გაქცეული ტერორისტები, რომლებიც დააკავეს, უკრაინის საზღვრის მიმართულებით მიდიოდნენ და მეზობელ ქვეყანაში გადასვლას აპირებდნენ. ამას უარყოფს უკრაინა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS), კერძოდ ე.წ. ხორასნის ვილაიეთმა აიღო. ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა მედიამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც თავდასხმას "ბოლო წლებში ყველაზე დაუნდობელი" უწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ მათ სამიზნეს ქრისტიანები წარმოადგენდნენ.

ავღანეთიდან მოსკოვამდე – რა არის ISIS-ის ხორასნის ვილაიეთი

7 მარტს აშშ-ს საელჩო რუსეთში საკუთარ მოქალაქეებს პოტენციური თავდასხმის შესახებ აფრთხილებდა. საკუთარ მოქალაქეებს ასევე აფრთხილებდნენ სხვა დასავლური საელჩოებიც.

რუსეთის ცნობით, ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია 11 პირი, აქედან 4 უშუალოდ შემსრულებელია. ტაჯიკეთის ოთხ მოქალაქეს: დალერჯონ მირზოევს, მუროდალი რაჩაბალიზოდას, ფარიდდუნ შამსუთდინსა და მუჰამადსობირ ფაიზოვს მოსკოვის ბასმანის მოსკოვის სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა. მათ ბრალი სრულად აღიარეს. სასამართლო პროცესზე ოთხივე ეჭვმიტანილს ეტყობოდა ცემის კვალი.

რუსეთმა ტერაქტში უკრაინა ოფიციალურად დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მათთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) მეთაური, ვასილი მალიუკი გადაეცათ. მოსკოვს კვლავ არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. СБУ-ში მათ განცხადებას ცინიკური უწოდეს.

კომენტარები