რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გამორიცხულია – შოლცი უკრაინაში Taurus-ის რაკეტების გაგზავნაზე

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი
Michele Tantussi/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა, ბუნდესტაგში კანონმდებლებისთვის მიმართვისას თქვა, რომ უკრაინაში Taurus-ის ტიპის გერმანული ფრთოსანი რაკეტების გაგზავნა "უპასუხისმგებლობა იქნება".

კანცლერის თქმით, რაკეტების მიწოდება მხოლოდ პროცესში გერმანელი პერსონალის ჩართვით იქნება შესაძლებელი, ეს კი "გამორიცხულია".

"ეს არის ხაზი, რომლის გადაკვეთა მე, როგორც კანცლერს, არ მსურს". - თქვა მან.

ექსპერტების მიერ არაერთხელ გაკეთებული განმარტების მიუხედავად, რომ გერმანული ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას და დაპროგრამებას ადგილზე გერმანელი სამხედროების ჩასვლა არ სჭირდება, როგორც ჩანს, შოლცი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

"მთავარი ისევ ისაა, რომ თითოეული გადაწყვეტილება ყურადღებით განვიხილოთ... ჩვენ ვენდობით უკრაინას და სწორედ ამიტომაა ევროპულ ქვეყნებს შორის გერმანია უკრაინისთვის იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი". - თქვა შოლცმა პასუხად კრიტიკაზე, რომ მისი მთავრობა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ ენდობა.

პარლამენტის წინაშე კანცლერის გამოჩენას წინ უძღოდა გასულ კვირაში გერმანელი მაღალჩინოსნების აუდიოჩანაწერების გაჟონვა. ისინი უკრაინაში Taurus-ის რაკეტების გაგზავნის ჰიპოთეტურ გადაწყვეტილებას განიხილავდნენ.

საკითხთან დაკავშირებით შოლცის პოზიცია სამთავრობო კოალიციაში უთანხმოებას იწვევს. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა 11 მარტს მთავრობას მოუწოდა, Taurus-ის რაკეტების უკრაინაში გაგზავნა "ინტენსიურად განიხილოს". ოპოზიციონერი ქრისტიან-დემოკრატები საკითხის გადასაწყვეტად პარლამენტში კენჭისყრის ჩატარებასაც ითხოვენ.

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა უკრაინას უკვე გადასცეს თავიანთი წარმოების ფრთოსანი რაკეტები, Storm Shadow და SCALP. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ კიევისთვის ATACMS-ების დამატებითი რაოდენობის გადაცემასაც გეგმავს.

კომენტარები