ქალთა საერთაშორისო დღე

რატომ და როდიდან აღინიშნება 8 მარტი?

ქალთა საერთაშორისო დღე

რატომ და როდიდან აღინიშნება 8 მარტი?

დღეს 8 მარტს ბევრგან აღნიშნავენ, როგორც ქალთა საერთაშორისო დღეს, მათ შორის ჩვენთანაც, საქართველოში, სადაც ის სახელმწიფო დღესასწაულად და უქმე დღედ არის გამოცხადებული. 

სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ქალთა დღეს სახელმწიფო დღესასწაულად აღიარებენ, არიან: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, მონტენეგრო, კუბა, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზებეკეთი, ავღანეთი, ჩინეთი (მხოლოდ ქალებისთვის), კამბოჯა, ვიეტნამი, ლაოსი, ნეპალი, ბურკინა ფასო, ერიტრეა, გვინეა-ბისაუ, მადაგასკარი (მხოლოდ ქალებისთვის), უგანდა და ზამბია.

შემთხვევითი არაა, რომ ამ სიაში მრავალი ქვეყანა სსრკ-ს ყოფილი წევრია, სოციალისტური ისტორია აქვს ან დღესაც სოციალისტურია, რადგან ქალთა საერთაშორისო დღის ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალისტურ მოძრაობასთან და რუსეთის რევოლუციასთან. 

თავდაპირველად, ქალთა ეროვნული დღე აშშ-ში, 1909 წლის 28 თებერვალს იზეიმეს. ღონისძიება მიზანმიმართულად კვირა დღეს დაიგეგმა, რათა ქალ მუშებს დასწრება შესძლებოდათ. ამის შემდეგ, ამერიკაში ქალთა დღეს თებერვლის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავდნენ, რაც 1913 წლამდე გაგრძელდა.

ქალთა დღემ უფრო დიდი პოპულარობა მოიპოვა ევროპაში - მისი, როგორც დღესასწაულის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომუნისტმა კლარა ცეტკინმა, რომელმაც 1910 წელს კოპენჰაგენში მშრომელ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა საერთაშორისო დღის იდეა პირველად წარადგინა. 

ცეტკინის თქმით, ქალთა დღე ყველა ქვეყანაში ერთსა და იმავე დროს უნდა აღენიშნათ და მშრომელი ქალების მოთხოვნები ერთად გაეხმოვანებინათ, რასაც 17 ქვეყნიდან კონფერენციაზე შეკრებილი 100 ქალი დეპუტატიდან ყველამ დაუჭირა მხარი. თუმცა, დეპუტატებს ქალთა დღედ რომელიმე კონკრეტული თარიღი არ დაუთქვამთ. 

1911 წლის 18 მარტს, პარიზის კომუნის მე-40 წლისთავზე, ქალთა საერთაშორისო დღე ევროპაში პირველად აღინიშნა. გამოსვლები ჩატარდა გერმანიაში, დანიაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში. ვენაში დემონსტრანტი ქალები წითელ დროშებს ატარებდნენ, რათა კომუნისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივი მიეგოთ. 

რუსეთში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის პრაქტიკა ბოლშევიკი ალექსანდრა კოლონტაის თაოსნობით 1913 წლიდან დაიწყო - ამერიკელების მსგავსად, ისინიც თებერვლის ბოლო კვირა დღეს იკრიბებოდნენ. 

ამ დროს ქალთა დღისთვის მნიშვნელოვანი იყო ქალი მშრომელების სოციალისტური მოთხოვნები და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის პროტესტი. მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის თებერვლის რევოლუცია ქალთა საერთაშორისო დღის დემონსტრაციის შემდეგ დაიწყო. 

1917 წელს, ძველი სტილით 23 თებერვალს (ახალი სტილით 8 მარტს), ქალთა საერთაშორისო დღეს, გაფიცული ქალი მშრომელები ბინებისა და საკვების ფასის ზრდასა და უმუშევრობას აპროტესტებდნენ. მდგომარეობა მალევე დაიძაბა და ამბოხებული ქალები პირველი მსოფლიო ომისა და ავტოკრატიის დასრულებას ითხოვდნენ.

სწორედ ამ დღის პატივსაცემად აღინიშნება ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტს. 

ძველი სტილით 25 თებერვალს ნიკოლოზ მეორემ გენერალ ხაბალოვს მიწერა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ქალთა ჯანყი იარაღის გამოყენებით ჩაეხშო. 26 თებერვალს სამხედრო დანაყოფთა ნაწილი აჯანყდა და 27 თებერვალს დუმა 25 000-მა ჯარისკაცმა დაიკავა, 28 თებერვალს კი ნიკოლოზ მეორეს გადადგომა მოუწია. 

"23 თებერვალს (რედ. - ახალი სტილით 8 მარტი) ქალთა საერთაშორისო დღე იყო. სოციალ-დემოკრატიულ წრეებში მისი აღნიშვნა ჩვეული წესით იგეგმებოდა: შეკრებებით, სიტყვებით, ბუკლეტებით. წინა დღეს არავის თავში აზრად არ მოსვლია, რომ ქალთა დღე რევოლუციის პირველი დღე შეიძლება გამხდარიყო. [...] მაგრამ მეორე დილას, ყველანაირი დირექტივების მიუხედავად, რამდენიმე ქარხნის ქალი მქსოველები გაიფიცნენ და მეტალურგებთან დელეგატები გაგზავნეს, რომლებიც მათ გაფიცვის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ". - წერდა ლევ ტროცკი თავის წიგნში, „რუსული რევოლუციის ისტორია“.

8 მარტი, როგორც ქალთა საერთაშორისო დღე, სახელმწიფო დღესასწაულად პირველად რუსეთში, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 1922 წელს, ლენინის, კოლონტაისა და და ცეტკინის თაოსნობით გამოცხადდა, რის შემდეგაც ის კომუნისტურ დღესასწაულად იქცა. 8 მარტს სხვა ქვეყნის კომუნისტებიც ზეიმობდნენ, მაგალითად, ესპანეთსა და ჩინეთში, სადაც ის სახელმწიფო დღესასწაულად კომუნისტური მმართველობის დამყარების შემდეგ, 1949 წელს გამოცხადდა.

ამ დროს დასავლეთში ქალთა დღე მასშტაბურად აღარ აღინიშნებოდა, სავარაუდოდ, საბჭოთა კავშირთან ასოციაციის გამო. თუმცა, 1960-იანებში, ფემინისტურმა მოძრაობამ კვლავ წინა ფლანგზე წამოწია ქალთა დღის იდეა და 8 მარტს “ქალთა საერთაშორისო ბრძოლის დღეს” ზეიმობდა. ამ ფონზე, 1975 წელს ქალთა საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ (გაერო). გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელიც წევრ ქვეყნებს მათი ისტორიული და ეროვნული ტრადიციების შესაბამისად ქალთა უფლებებისა და საერთაშორისო მშვიდობის გაეროს დღის აღნიშვნისკენ მოუწოდებდა.

თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კომუნისტური წარსულიდან გამომდინარე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა გარკვეულწილად დავის საგანს წარმოადგენს. 

მაგალითად, როგორც კარენ კაპუსტა-პოფალი თავის სტატიაში წერს, 2004 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალთა დღის სახელმწიფო დღესასწაულად გამოცხადებას ოპოზიციური პარტიებისგან კრიტიკა მოჰყვა.

დღესასწაულის კრიტიკოსები მის კომუნისტურ ისტორიას უსვამდნენ ხაზს და მიიჩნევდნენ, რომ პოსტსოციალისტურ ქვეყანაში ადგილი არ ჰქონდა - ნაწილი ამტკიცებდა, რომ ის კომუნისტურმა რეჟიმმა შებღალა, ხოლო ზოგი ამბობდა, რომ თვითონ დღესასწაული არსობრივად კომუნისტური იყო. სამოქალაქო დემოკრატიული პარტიის (ODS) ერთ-ერთმა სენატორმა თქვა, რომ ქალთა დღე ყოველთვის მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის პროპაგანდას წარმოადგენდა. 

კონსერვატორი ჩეხი პოლიტიკოსები ქალთა საერთაშორისო დღის საპირწონედ დედის დღეს განიხილავდნენ და მიიჩნევდნენ, რომ ეს უკეთესი ალტერნატივა იყო. ამ თვალსაზრისის მომხრეები მას იმით ამყარებდნენ, რომ დედის დღე საბჭოთა კავშირში არ აღინიშნებოდა და ამიტომ, პოსტსოციალისტური ჩეხეთისთვის უფრო შესაფერის არჩევანს წარმოადგენდა. 

"მე დედის დღეს აღვნიშნავ. როცა ჩემს ქმარს ახსენდება, ყვავილებსაც ვიღებ. არ აღვნიშნავ ქალთა საერთაშორისო დღეს, ის კომუნისტური ეპოქის ნაშთია. პრეზიდენტის მიერ მისი დაკანონება მე ასე მესმის, რომ ალბათ მთავრობასთან ამდენად უმნიშვნელო რამეზე დაპირისპირება არ უნდოდა". - თქვა ODS-ის ერთ-ერთმა ქალმა სენატორმა. 

დღესასწაულის მომხრეები კი იმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, რომ ქალთა დღე აშშ-ში დაიბადა და 8 მარტს გაერო და მრავალი დასავლური დემოკრატიული სახელმწიფოც აღიარებდა. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ქალთა დღეს აუცილებლად სოციალისტური დატვირთვა არ უნდა ჰქონდეს და შეიძლება, მას კომუნისტური იდეოლოგია ჩამოსცილდეს.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რომ 8 მარტი ჩეხეთში საბჭოთა რეჟიმის დაცემის შემდეგ პირველად რადიკალმა მემარცხენე ანარქოფემინისტებმა აღნიშნეს, რომლებიც „სექსიზმს, ფაშიზმს, რასიზმსა და კაპიტალიზმს“ აკრიტიკებდნენ.

"ჩვენ ვცხოვრობთ სისტემაში, რომელიც უთანასწორობასა და ექსპლუატაციას ეფუძნება. უარს ვამბობთ მოგების გულისთვის ხოხვაზე, დაუნდობელ კონკურენციაზე, სოციალურ უთანასწორობასა და ცხოვრების კონსუმერისტულ წესზე. მოვითხოვთ საზოგადოებას, რომელიც თანასწორობასა და სქესის, ასაკის, ეთნოსის, ეროვნებისა თუ სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად სოციალურ სამართლიანობას ეფუძნება". - ეწერა 8 მარტის ღონისძიებაზე მათ მიერ დარიგებულ ბროშურებზე. 

ამ იდეოლოგიური პოზიციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია, რომ ისინი სოციალისტებად თუ არა, სულ მცირე, რადიკალ მემარცხენეებად მაინც მოვიაზროთ. ამდენად, სადავოა, რამდენად პოლიტიკურად ნეიტრალურია და მკაფიოდ არასოციალისტურია დღესდღეობით 8 მარტის სიმბოლიზმი. 

თანაც, უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ ქალთა საერთაშორისო დღის ისტორიას, მეტად დავრწმუნდებით მის სოციალისტურ წარმომავლობაში. მართალია, ის პირველად აშშ-ში იზეიმეს, მაგრამ ქალთა დღის აღნიშვნის ინიციატივა აშშ-ს სოციალისტურ პარტიას, კერძოდ სოციალისტ აქტივისტს, თერეზა მალკილს, ეკუთვნოდა. 

მეტიც, როდესაც ქალთა ეროვნული დღე პირველად აღინიშნა, ღონისძიება ფრანგული რევოლუციის ცნობილი სიმღერით, „მარსელიეზას” სიმღერით დაიწყო, ხოლო სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამდნენ ქალთა უფლებების მოძრაობისთვის გერმანელი სოციალისტი ქალები, მათ შორის კლარა ცეტკინი. 

მართალია, ნაწილობრივ შეიძლება ითქვას, რომ მე-19 საუკუნის მიწურულს, ევროპასა და აშშ-ში სოციალისტები სუფრაჟისტებისა და ქალების ხმებს ნაკლებ ყურადღებას უთმობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მუშათა კლასის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე აქცენტი უფრო მომგებიანი იყო, ვიდრე ქალთა პოლიტიკურ თანასწორობაზე აპელირება, თუმცა, მეორე ინტერნაციონალში მყოფი ქალები მაინც აქტიურად ცდილობდნენ, ეს ორი პროგრამა ერთმანეთთან დაეკავშირებინათ და ქალთა პოლიტიკური თანასწორობისთვის ბრძოლა სოციალიზმთან გადაეჯაჭვათ.

ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, ისტორიული თვალსაზრისით, 8 მარტის სულის ჩამდგმელნი ქალთა უფლებების დამცველობასთან ერთად სოციალისტები და კომუნისტები იყვნენ და ულტრამემარცხენე იდეოლოგიას მისდევდნენ. 

კომენტარები