რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა გაავრცელა ჩანაწერი, რომელშიც გერმანელი ოფიცრები უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ

გერმანული შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა
AFP Contributor//Getty Images

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ რუსეთის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, რომელშიც გერმანიის არმიის ოფიცრები უკრაინის დახმარებაზე საუბრობენ, ავთენტურია.

"ჩვენი შეფასებით, საჰაერო ძალების დივიზიაში გამართული საუბარი ჩაიწერეს. ამ დროისთვის არ შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ, შეიტანეს თუ არა ცვლილებები გავრცელებულ ჩანაწერში ან ტრანსკრიპტში". - განაცხადა სამინისტროს სპიკერმა.

პარასკევს, 1-ელ მარტს, კრემლის პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა გერმანელ ოფიცრებს შორის 38-წუთიანი საუბრის აუდიოჩანაწერი Telegram-ზე გამოაქვეყნა. მოსმენილ პირებს შორის გერმანიის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალი ინგო გერჰარციც იყო.

აუდიოჩანაწერში გერმანელი ოფიცრები განიხილავენ, შეუძლია თუ არა შორ მანძილზე მოქმედი Taurus-ის ტიპის ფრთოსან რაკეტას ხიდის განადგურება, რაშიც ისინი სავარაუდოდ ქერჩის ხიდს გულისხმობენ, რომელიც უკრაინის თავდასხმების სამიზნე 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკვე რამდენჯერმე გახდა.

როგორც ირკვევა, ჩანაწერის წყარო საჰაერო ძალების ოთხ ოფიცერს შორის გამართული ვიდეო კონფერენციაა. გერმანული გამოცემა Der Spiegel-ის ცნობით, ვირტუალური შეხვედრა უსაფრთხო ხაზის ნაცვლად, Webex-ის პლატფორმაზე შედგა.

გავრცელებულ საუბარში ოფიცრები განიხილავდნენ, თუ როგორაა შესაძლებელი უკრაინისთვის სამიზნეებზე ინფორმაციის ისე მიწოდება, რომ არ გაჩნდეს განცდა, თითქოს გერმანია პირდაპირ არის კონფლიქტში ჩართული.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გერმანიაში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. ბუნდესტაგის საპარლამენტო ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ ფონ ნოცის თქმით, "თუკი ეს ამბავი სიმართლე აღმოჩნდა, ეს უაღრესად პრობლემური შემთხვევა იქნება". გერმანიის მწვანეთა პარტიაში კი თქვეს, რომ დასადგენია, "ეს ერთეული შემთხვევაა თუ სტრუქტურულ უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს".

ამას გარდა, ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირში განაცხადეს, რომ აუდიოჩანაწერის გავრცელებით რუსეთი ცდილობს, უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდების საკითხზე გერმანიაზე წნეხი გაზარდოს.

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კვირას განაცხადა, რომ საუბრებისთვის მოსმენა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის "საინფორმაციო ომის" ნაწილი იყო.

"ეს ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმაა, რისი მიზანიც ჩვენი დაყოფა, ჩვენი ერთიანობისთვის ძირის გამოთხრაა". - თქვა პისტორიუსმა.

ჩანაწერის გავრცელებას გამოეხმაურა გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი "ძალიან სერიოზული საკითხია".

"ახლა ამას ძალიან ფრთხილად, ძალიან აქტიურად და ძალიან სწრაფად გამოიძიებენ". - თქვა შოლცმა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ამ დრომდე თავს იკავებს უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გადაცემისგან. ამისთვის იგი სხვადასხვა მიზეზს ასახელებს. შოლცის თქმით, "მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება იმ იარაღზე, რომელიც 500 კილომეტრს აღწევს და თუ არასწორად იქნება გამოყენებული, მოსკოვში კონკრეტულ სამიზნეებსაც მიწვდება".

შოლცის თქმით, გერმანიამ უნდა იცოდეს, რა სამიზნეებზე მიიტანენ დარტყმებს ამ რაკეტებით.

"სწორედ ამიტომ, დიპლომატიური აბსტრაქტულობით ვიტყვი, სხვებიც დარწმუნდნენ, რომ ეცოდინებოდათ, თუ ზუსტად სად აღმოჩნდებოდა [გადაცემული რაკეტები]". – თქვა შოლცმა საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის SCALP/Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების გადაცემაზე.

ამას გარდა, კანცლერი ბოლო დღეებში ირწმუნებოდა, რომ თუ გერმანია უკრაინას Taurus-ებს გადასცემს, ბერლინს მათ გამოყენებაში ჩართულობა მოუწევს, რაც მისი აზრით "შეუძლებელია".

გასულ დღეებში შოლცმა Taurus-ის შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების გადაცემაზე უარი იმით გაამართლა, რომ მათი ოპერირება გერმანელ სამხედროებს მოუწევდათ, რაც, კანცლერის აზრით, ქვეყანას კონფლიქტის აქტიურ მონაწილედ აქცევდა. მისი თქმით, ბერლინი უკრაინელებს ვერ დაეხმარება რაკეტების კონტროლში, როგორც ამას, მისი მტკიცებით, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი აკეთებს. ამ სიტყვებს ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

კომენტარები