საქართველო-რუსეთი

რუსი ოპოზიციონერი: არ შემომიშვეს, მითხრეს, საქართველოსა და რუსეთის მტერი ხარო

მაქსიმ ივანცოვი

საქართველოში არ შემოუშვეს რუსი აქტივისტი, მაქსიმ ივანცოვი, რომელიც საგანმანათლებლო ინიციატივა Frame-ის კოორდინატორია. ის მიიჩნევს, რომ ქვეყანაში შეშვებაზე მიღებული უარი დაკავშირებულია რუსი ოპოზიციონერი ბორის ნადეჟდინისთვის საპრეზიდენტო კანდიდატობის ხელმოწერების შეგროვების კამპანიის მხარდაჭერასთან. აქამდე ეს ვარაუდი გამოთქვა Free Russia Foundation-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმაც, ეგორ კუროპტევმაც.

"არ შემომიშვეს, რადგან ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების ფართი გამოვნახეთ. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ, პრობლემები მხოლოდ მე არ შემქმნია. დიდი ხანია რაც შეიმჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება რეაგირებს არამხოლოდ საქართველოს პოლიტიკაზე გაკეთებულ კომენტარებზე, არამედ რუს ანტიპუტინისტ აქტივისტებზეც." – წერს ივანცოვი.

აქტივისტის თქმით, საქართველოში ჩამოფრენის დროს მას საზღვარზე პასპორტში ბეჭედი ჩაურტყეს, თუმცა შემდეგ უკან დააბრუნეს საპასპორტო კონტროლის ზონაში.

"მათ მომცეს ფურცელი საქართველოში არშემოშვებაზე, ხელი მკრეს და უხეშად მელაპარაკებოდნენ, ცვლის ხელმძღვანელმა და რამდენიმე პოლიციელმა თვითმფრინავამდე მიმიყვანეს." – თქვა ივანცოვმა.

ივანცოვის თქმით, მას შემდეგ, რაც მან საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, დაემუქრნენ, რომ მოსკოვში გაგზავნიდნენ.

"მეუბნებოდნენ, რომ მე რუსეთისა და საქართველოს მტერი ვარ, ხოლო საქართველო - თავად არიან." – წერს რუსი ოპოზიციონერი.

ივანცოვი უნგრეთში გაფრინდა.

"მე ისევ და ისევ შევეცდები საქართველოში შემოსვლას. გავასაჩივრებ თავად გადაწყვეტილებასა და ჩემს მიმართ მოპყრობას, მივაღწევ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე." – თქვა ივანცოვმა.

ივანცოვმა ასევე აღნიშნა, რომ "იგრძნო, რომ რაღაც უცნაურად იყო", როცა, ნადეჟდინისთვის ხელმოწერების შეგროვების დროს, სუს-ის თანამშრომლებმა გახშირებული გამოჩენა დაიწყეს.

აქამდე ეგრო კურაპტევი ამბობდა, რომ გახშირდა შემთხვევები, როცა საქართველოში ოპოზიციურად განწყობილ და აქტიურ პირებს ხელმეორედ აღარ უშვებენ. მისივე ცნობით, გასულ კვირაში ქვეყანაში შეშვებაზე უარი ორ პირს უთხრეს.

ბორის ნადეჟდინი, რომელსაც რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურდა, მხარდამჭერთა ხელმოწერებს თბილისსა და ბათუმშიც აგროვებდა. საქართველოში მან 5 000 ხელმოწერა შეაგროვა, თუმცა ისინი რუსეთის ცესკოს აღარ გადასცეს, რადგან ეშინოდათ, რომ მათ არასანდოდ ჩათვლიდნენ. საბოლოო ჯამში ნადეჟდინმა რუსეთის ცესკოსგან არჩევნებზე რეგისტრაციის უფლება ისედაც ვერ მიიღო.

 

კომენტარები