აშშ-ს ჯარების გაყვანა ავღანეთიდან

Axios: ბაიდენი ავღანეთიდან გასვლას იცავს და არ თვლის, რომ ვინმემ შეცდომა დაუშვა

გამოცემა Axios-მა მოიპოვა წიგნი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფიქრობს, რომ 2021 წელს ავღანეთიდან ამერიკის ქაოსური გამოსვლა სწორი გადაწყვეტილება იყო.

ამერიკული გამოცემის Politico-ს რეპორტიორის ალექსანდერ ვარდის წიგნში (სახელად "ინტერნაციონალისტები: ტრამპის შემდეგ საგარეო პოლიტიკის აღდგენისთვის ბრძოლა") წერია, რომ ავღანეთის შემდეგ, "გადადგომა არავის შეუთავაზებია, მეტწილად იმიტომ, რომ პრეზიდენტი ბაიდენი არ ფიქრობდა, რომ შეცდომა დაუშვა".

ავტორის თქმით, "ბაიდენმა მის მთავარ თანაშემწეებს, მათ შორის [ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველს ჯეიკ] სალივანს უთხრა, რომ მათ გვერდით იდგა და, რომ მათ რთულ სიტუაციას საუკეთესოდ გაართვეს თავი".

ამასთანავე, თეთრმა სახლმა წიგნის ავტორს უთხრა, რომ ადმინისტრაციაში თანამდებობაზე ვინმეს ჩანაცვლების შესაძლებლობა არ იყო.

2021 წელს ამერიკის ავღანეთიდან გამოსვლის პარალელურად, ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას 13 აშშ-ს სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, ხოლო ომის განმავლობაში ჯამში 2 400 ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა და 20 000 დაიჭრა.

ამას გარდა წიგნში წერია, რომ სახელმწიფო და თავდაცვის დეპარტამენტებს შორის ავღანეთიდან გამოსვლის საკითხზე უთანხმოებები და დაძაბულობა იყო.

წიგნის მიხედვით, 2021 წლის 8 მაისს, როდესაც სალივანის, თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის და გენერალური შტაბის ხელმძღვანელის მარკ მილის თანდასწრებით ავღანეთიდან ევაკუაციის ოპერაციისთვის რეპეტიცია ტარდებოდა, პენტაგონსა და სახელმწიფო დეპარტამენტს შორის ქაბულში აშშ-ს საელჩოს დახურვაზე უთანხმოება გამოიკვეთა.

თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციით, ამერიკის გამოსვლის შემთხვევაში ავღანეთში საელჩოს დატოვება ძალზე სახიფათო იქნებოდა. საპირისპიროდ, ბაიდენის ადმინისტრაციაში მენეჯმენტისა და რესურსების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ბრაიან მაკკეონმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატები "კარგად იქნებოდნენ" და გაიხუმრა, რომ "ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტში რისკისადმი უფრო მაღალი ტოლერანტობა გვაქვს, ვიდრე თქვენ [თავდაცვის დეპარტამენტში]".

ამის შემდეგ, ვარდის თქმით, "მილი თითქმის სკამიდან წამოხტა, მაგრამ თავი შეიკავა ეყვირა, რომ შეიარაღებულ ძალებში მსახურობისას ომში მეგობრები დაკარგა. ოსტინს ბრაზის ნიშნები არ უჩვენებია, მაგრამ მოგვიანებით კოლეგებს უთხრა, რომ მაკკეონის რეპლიკა შეურაცხმყოფელი იყო".

წიგნის ავტორის თქმით, ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის ძალების შესვლისა და ქაბულის აეროპორტში განვითარებული ქაოსური მოვლენების ფონზე, ბაიდენი არარეალისტურ დაპირებებს გასცემდა.

2021 წლის 18 აგვისტოს ბაიდენმა ABC News-თან განაცხადა, რომ იგი კვლავ ერთგული რჩება დაპირების, რომ ავღანეთიდან აშშ-ს მოქალაქეების გამოსვლამდე ქვეყანაში ამერიკელი სამხედროები უნდა დარჩნენ. ამასთან დაკავშირებით ვარდთან თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა: "აქ არავინ ფიქრობს, რომ ამ [ბაიდენის] დაპირებას შევასრულებთ".

ორი კვირის შემდეგ ბაიდენმა ავღანეთიდან აშშ-ს ჯარისკაცები სრულად გამოიყვანა, თუმცა, ავღანეთში 800 ამერიკელი მოქალაქე მაინც დარჩა. ასევე ავღანეთში დარჩა ათობით ათასი ავღანელი მოკავშირე, რომლებსაც აშშ-მ თავშესაფრით უზრუნველყოფის პირობა მისცა.

NPR/PBS NewsHoour/Marist-ის გამოკითხვით, აშშ-დან ამერიკის გამოსვლის ფონზე, 2021 აგვისტოს ბოლოს ბაიდენის მხარდაჭერა 43%-მდე დაეცა. ამავე წლის ივლისში იგივე მაჩვენებელი 49%-მდე იყო.

კომენტარები