დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი: აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს შეიძლება გეგმავდეს

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთის ანალიზის მიხედვით, აზერბაიჯანი მათ წინააღმდეგ "სრულმასშტაბიან ომს" შეიძლება გეგმავდეს. 

15 თებერვალს ფაშინიანმა სამთავრობო შეხვედრაზე თქვა, რომ ერევანი ბაქოს საბჭოთა კავშირის დროინდელი საზღვრების დაწესებასა და სამხედროების გაყვანას სთავაზობს, მაგრამ, მისი თქმით, ბაქო არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს.

"აზერბაიჯანი, როგორც ჩანს, ამ ვარიანტს გაურბის. ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ საამისოდ მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება იყოს - საზღვრის გარკვეულ ნაწილებში სამხედრო ქმედების დაწყება, სამხედრო ესკალაციის შემდგომ სომხეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომში გადაზრდის პერსპექტივით". - თქვა ფაშინიანმა.

ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას სომხეთის ტერიტორიაზე პრეტენზიების ქონა უარყო და თქვა, რომ, პირიქით, სომხეთს აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე პრეტენზიები.

"ჩვენ სომხეთზე არანაირი ტერიტორიული პრეტენზიები არ გაგვაჩნია და მათ თავიანთი პრეტენზიები უნდა უარყონ. ჩვენთან შანტაჟის ენაზე საუბარი ძვირად დაუჯდებათ". - თქვა ალიევმა.

სომხეთის მთავრობის ამავე სხდომაზე ფაშინიანმა 13 თებერვალს საზღვართან მომხდარი შემთხვევის შესახებ თქვა, რომ აზერბაიჯანი კვლავ ცდილობს სომხეთის მიმართ სამხედრო იძულების პოლიტიკის გატარებას.


მანამდე, 13 თებერვალს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში აღნიშნეს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ "შურისძიების ოპერაცია" ჩაატარეს. მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა მათ პროვოკაცია მოუწყვეს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო განცხადების მიხედვით, აზერბაიჯანის ქმედებებს ემსხვერპლა 4 სომეხი ჯარისკაცი. აქამდე წერდნენ, რომ დაიღუპა 2 სამხედრო. მათივე ცნობით, დაჭრილია კიდევ ერთი სამხედრო მოსამსახურე.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო 10:16-ზე წერდა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მათი მიმართულებით ცეცხლი შეწყვიტეს. რაც შეეხება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ სომეხმა სამხედროებმა გასულ საღამოს მათ პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს, სომხეთის თავდაცვის უწყება დეზინფორმაციას უწოდებს. აქამდე წერდნენ, რომ შემთხვევას გამოიძიებდნენ და დაადგენდნენ, რომელიმე სამხედრომ ბრძანება ხომ არ დაარღვია.

უკვე დიდი ხანია, რაც სომხეთისა და აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონებში მსგავსი შეტაკებები, რომლებიც გასულ წელს ხშირი იყო, არ მომხდარა.

კომენტარები