ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეომ რუსეთისგან ბიჭვინთის აგარაკებზე საპროტესტო ნოტა მიიღო

ბიჭვინთა

ოკუპირებული აფხაზეთის მედიებში გავრცელდა ცნობა, რომ მარიონეტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო საპროტესტო ნოტა, რომელიც ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკებთან დაკავშირებით მიღებულ ე.წ. კანონში შეტანილ ცვლილებას ეხება.

"არაოფიციალური ინფორმაციით, სამი დღის წინ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო საპროტესტო ნოტა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც კრძალავს სახელმწიფო აგარაკების მესამე პირისთვის გადაცემას, ვიღაც ძალიან კონკრეტულს არ აწყობს. მაგრამ საკითხი არა ეს, არამედ ისაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას მალავს. არც საიტზე, არც ტელეგრამზე ეს ინფორმაცია არაა". – დაწერა აფხაზმა ჟურნალისტმა, იზიდა ჭანიამ.

შემდეგში ეს ინფორმაცია დაადასტურეს მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციაში მყოფმა ძალებმაც: პარტია "აფსნიმ" და "აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმმა", სამოქალაქო ორგანიზაცია "არუაამ", "აფხაზეთის ეროვნულმა მოძრაობამ" და "ჩვენმა დედაქალაქმა".

"ჩვენს ხელთ აღმოჩნდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა, რომელშიც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეუბნებიან გადაწყვიტოს თავისი პოზიცია - დაადასტურონ დებულებებისადმი ერთგულება რაც გამომდინარეობს შეთანხმებიდან, ან რატიფიცირებამდე მიღებული საკანონმდებლო აქტებით. ამასთან დაკავშირებით, ვითხოვთ, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარი თქვას ჩვეულ კულუარულ მუშაობაზე და გამოაქვეყნოს ნახსენები ნოტა. ასევე, საზოგადოების სრული უნდობლობის გათვალისწინებით, მოვითხოვთ მოვითხოვთ, რომ აფხაზური მხარის პასუხი წინასწარ იყოს შეთანხმებული პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მიერ დაინტერესებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ჩართულობით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირადად აფხაზეთის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას და საგარეო საქმეთა მინისტრს, ინალ არძინბას". – ნათქვამია ოპოზიციის განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 2023 წლის 27 დეკემბერს რიგგარეშე სხდომაზე მოახდინა რუსეთისთვის ბიჭვინტის სახელმწიფო აგარაკების გადაცემის ხელშეკრულების რატიფიკაცია. ამას გარდა, ე.წ. დეპუტატებმა შეთანხმებაში შეიტანეს შეზღუდვა, რომელიც მესამე პირებზე ობიექტების, აკვატორიის მონაკვეთის, მიწის ნაკვეთების, აშენებული შენონებისა და ნაგებობების გადაცემას კრძალავდა. ამას გარდა, აკრძალულია ობიექტებისა და ნაკვეთების გადაცემა ე.წ. ხელშეკრულების დენონსაციის შემთხვევაში. მარიონეტული რეჟიმის ოპოზიციის ნაწილმა, ამ ცვლილებების ფონზე, ე.წ. დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა.

ბიჭვინთის სახელმწუფო აგარაკების კომპლექსი აშენდა 1958-61 წლებში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი ნიკიტა ხრუშოვის ბრძანებით.

2022 წელს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმდა ე.წ. ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საკუთრებაში გადადიოდა სახელმწიფო აგარაკები, თავისი მოძრავი და უძრავი ქონებით, ნაკვეთებისა და აკვატორიის გარდა. ე.წ. შეთანხმების ძალაში შესვლიდან 6 თვეში მარიონეტულმა რეჟიმმა მოსკოვს ობიექტი უსასყიდლოდ უნდა გადასცეს. მხარეების შეთანხმების მიხედვით, ხელშეკრულება 49 წლის ვადით იდება და გაგრძელდება 15 წლით, თუ ვადის გასვლის შემდეგ არც ერთი მხარე შეწყვეტას არ მოითხოვს.

რაც შეეხება ნაკვეთებსა და აკვატორიას, ხელშეკრულება რუსეთისთვის 186 ჰექტარი მიწისა და 115 ჰექტარი აკვატორიის რუსეთისთვის 49 წლით იჯარით გადაცემას ითვალისწინებს. თუმცა იჯარის საფასური მინიმალურია - 1 წელში 1 რუბლის საფასური.

რუსეთის ფედერაციას ბიჭვინთის აგარაკის მიღება ჯერ კიდევ 1995 წელს სურდა, როდესაც ტერიტორიის გადმოფორმების ე.წ. შეთანხმება გააფორმეს.

შეთანხმებამ ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციასა და გარკვეულ წრეებში უკმაყოფილება გამოიწვია. გაიმართა საპროტესტო აქციებიც. შემდეგში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ თქვა, რომ შეთანხმებაში გარკვეული ცვლილებები შევიდოდა.

კომენტარები