აშშ

ამერიკელების 86% მიიჩნევს, რომ ბაიდენი მეორე ვადისთვის ზედმეტად მოხუცია

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი
Drew Angerer/Getty Images

ABC News/ipsos-ის ახალი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების 86%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ზედმეტად ასაკოვანია.

წინასაარჩევნოდ გამოკითხული ამერიკელებიდან უმრავლესობა (59%) თვლის, რომ დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი, ასაკით ორივე ზედმეტად მოხუცია, რათა ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს. თუმცა, გამოკითხვის მიხედვით, 27%-ს ეს მოსაზრება მხოლოდ ჯო ბაიდენზე აქვს, მაშინ, როცა მხოლოდ ტრამპის ასაკზე ბევრად ნაკლები (3%) ამახვილებს ყურადღებას.

ბაიდენის ასაკზე ამერიკელების წუხილი ბოლო თვეებში გაიზარდა. სექტემბრის ABC News/Washington Post-ის გამოკითხვით, ამერიკელების 74%-ს მიაჩნდა, რომ ბაიდენი ზედმეტად ასაკოვანია მეორე ვადით პრეზიდენტობისთვის, ხოლო იმავეს ტრამპზე მხოლოდ 49% ფიქრობდა.

ამასთანავე, გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელებს განსხვავებული შეხედულებები აქვთ შიდა პოლიტიკაში ბაიდენისა და ტრამპის ეფექტურობაზე. უფრო მეტ ამერიკელს სჯერა, რომ ტრამპი უკეთ გაართმევდა თავს აშშ-ს სამხრეთ საზღვარზე იმიგრაციის კრიზისს, ინფლაციასა და დანაშაულს. მეორე მხრივ, უფრო მეტ ამერიკელს სჯერა, რომ ჯანდაცვის, კლიმატის ცვლილებებისა და აბორტის საკითხებში ბაიდენი უფრო ეფექტურია.

კვლევის ფარგლებში 18 წელს გადაცილებული 528 ზრდასრული გამოჰკითხეს.


2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატების, უფრო მეტად კი ჯო ბაიდენის, ასაკი თანდათან უფრო განხილვადი საკითხი ხდება. 9 თებერვალს რობერტ ჰურმა, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის საიდუმლო დოკუმენტებთან მოპყრობის საქმის პროკურორი იყო, ანგარიში გამოაქვეყნა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტი "ეროვნული უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს" და დაამატა, რომ ბაიდენი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის არის "მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით".

ჰურის ანგარიშში ბაიდენის მეხსიერებასთან დაკავშირებით ეწერა რამდენიმე მნიშვნელოვანი შენიშვნა. მის მიხედვით, აშშ-ს პრეზიდენტის მეხსიერება "მნიშვნელოვნად შეზღუდულია", რის საფუძვლადაც 2023 წელს პროკურორის მიერ მასთან ჩატარებული ინტერვიუებია დასახელებული. ბაიდენის ასაკი და მსგავსი დახასიათება ნაფიც მსაჯულებს, საფუძვლიან ეჭვს მიღმა, კიდევ უფრო გაურთულებდა დარწმუნება, რომ ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტები განზრახ გაასაჯაროვა. 

"ჩვენ ასევე ჩავთვალეთ, რომ სასამართლო პროცესზე ბატონი ბაიდენი ნაფიც მსაჯულთა წინაშე სავარაუდოდ წარდგებოდა ისე, როგორც ეს ჩვენი ინტერვიუს დროს გააკეთა, როგორც კეთილგანწყობილი, მოხუცი კაცი ცუდი მეხსიერებით. მასთან ჩვენი უშუალო ურთიერთობისა და დაკვირვების საფუძველზე, ის არის პირი, ვისთვისაც ბევრ ნაფიც მსაჯულს ენდომება გონივრული ეჭვის დადგენა. რთული იქნება ნაფიც მსაჯულთა დარწმუნება, რომ ის დაადანაშაულონ, ამ დროისთვის ყოფილი პრეზიდენტი მის ოთხმოციან წლებში, იმ მძიმე დანაშაულისთვის, რომელიც განზრახვის არსებობის ფსიქიკურ მდგომარეობას მოითხოვს". – წერია ანგარიშში.

ჰურის ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ პრეზიდენტის მეხსიერება ინტერვიუების დროს იყო უარესი, ვიდრე 2017 წლის საუბრების დროს. 

"მას არ ახსოვდა, როდის იყო ვიცეპრეზიდენტი, ინტერვიუს პირველივე დღეზე დაავიწყდა, როდის დასრულდა მისი ვადა ("2013 იყო თუ სწორად მახსოვს? როდის დავასრულე ვიცეპრეზიდენტობა") და ინტერვიუს მეორე დღეზე არ ახსოვდა, როდის დაიწყო მისი ვადა ("2009 წელს კვლავ ვიცეპრეზიდენტი ვიყავი?". – წერია ანგარიშში და მოყვანილი აშშ-ს პრეზიდენტის ციტატები.

ბაიდენის მომხრეებმა პრეზიდენტის მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები გაამართლეს ფაქტით, რომ მისი დაკითხვა ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმის მოვლენების პარალელურად ხდებოდა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, ის ინტერვიუების დროს "საერთაშორისო კრიზისის მოგვარებაზე" ზრუნავდა.

 

კომენტარები