რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა არ გამორიცხა, რომ უნგრეთს უკრაინისგან "საკუთარი მიწების დაბრუნების" უფლება აქვს

ტაკერ კარლსონი და ვლადიმირ პუტინი ინტერვიუზე
კრემლი

9 თებერვლის გამთენიისას გამოქვეყნდა ინტერვიუ, რომელიც ამერიკელმა პოლიტიკურმა კომენტატორმა და FOX News-ის ყოფილმა წამყვანმა, ტაკერ კარლსონმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ჩამოართვა.

ინტერვიუს პირველი ნახევარი საათი პუტინმა, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზეზი დაესახელებინა, კარლსონისთვის რუსეთისა და უკრაინის "ისტორიის" მოყოლას დაუთმო. მან საუბარი დაიწყო მე-9 საუკუნიდან, კიევის რუსეთის დაარსებიდან და მივიდა მეორე მსოფლიო ომამდე. პუტინმა ისტორიის მოყოლის დროს გააჟღერა საკუთარი პროპაგანდისტული, ცრუ ნარატივებიც და გამოტოვა მნიშვნელოვანი ფაქტები. მან უკრაინას კიდევ ერთხელ უწოდა "სტალინის ნებით შექმნილი ხელოვნური სახელმწიფო" და თქვა, რომ უკრაინის შემადგენლობაში დღესაც შედის იმ ტერიტორიების ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სსრკ-მ რუმინეთსა და უნგრეთს ჩამოართვა.

ამ სიტყვებთან დაკავშირებით კარსლონმა პუტინს ჰკითხა: "როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა უნგრეთს უფლება დაიბრუნოს საკუთარი მიწები? და სხვა ერებს თუ შეუძლიათ საკუთარი მიწების, ან, იქნებ, უკრაინის 1654 წლის საზღვრებისთვის დაბრუნება?."

პუტინმა ამ შეკითხვას ირიბად უპასუხა და არ გამორიცხა, რომ უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს ამის უფლება ჰქონდეთ. მიზეზად სტალინის რეჟიმის რეპრესიულობა დაასახელა.

"არ ვიცი, როგორ იქნება 1654 წლის საზღვრებთან დაკავშირებით. სტალინის მმართველობის პერიოდს სტალინის რეჟიმს ეძახიან, ყველა ამბობს, რომ მაშინ ძალიან ხშირი იყო ადამიანის უფლებათა დარღვევა, სხვა სახელმწიფოების უფლებების დარღვევა. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია - რომ არ ვილაპარაკოთ აქვთ თუ არა უფლება, დაიბრუნონ საკუთარი მიწები, მაშინ, ნებისმიერ შემთხვევაში, გასაგებია..." – უპასუხა პუტინმა კარლსონს.

ამის შემდეგ კარლსონმა პუტინს ჰკითხა, უთქვამს თუ არა მას უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანისთვის, რომ მას "უკრაინის მიწების ნაწილის დაბრუნება შეუძლია".

"არასდროს მითქვამს. არასდროს, არცერთხელ. ჩვენ ამის შესახებ არანაირი საუბარიც კი არ გვქონია. თუმცა ჩემთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ უნგრელებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რა თქმა უნდა, სურთ საკუთარ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება". – თქვა პუტინმა.

უკვე წლებია, რაც პუტინის პროპაგანდა ეჭვქვეშ აყენებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას და მას სტალინისა და ლენინის მიერ შექმნილ სახელმწიფოდ მოიხსენიებს. ეს ნარატივი კრემლმა განსაკუთრებით გააქტიურა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინ.

ტაკერ კარლსონის ინტერვიუს აქტიურად არეკლამებდნენ რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული არხები და მედიასააგენტოები.

კომენტარები