რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვა ჩამოვარდნილ Ил-76-ზე: არ ვიცით, ბორტზე ვინ იმყოფებოდა

ჩამოგდებული თვითმფრინავი, ИЛ-76
pravda.com.ua

რუსეთში სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავის, Ил-76-ის, ჩამოვარდნის ფონზე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ განცხადება გაავრცელა.

უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა, რომ 24 იანვარს ტყვეთა გაცვლა არ შემდგარა, მაგრამ დაამატა, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე ტყვეების ყოფნის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობდნენ.

„დღეს უნდა შემდგარიყო ტყვეების გაცვლა, რომელიც არ შემდგარა. რუსული მხარის მტკიცებით, ეს მოხდა რუსული თვითმფრინავის, Ил-76-ის, ჩამოვარდნის შედეგად, რომელსაც, მათი თქმით, ჩვენი ტყვეები გადაჰყავდა. ახლა ჩვენ არ ვფლობთ სანდო და ამომწურავ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ზუსტად ვინ და რა რაოდენობით იმყოფებოდა თვითმფრინავზე“. - წერს უკრაინის დაზვერვა.

განცხადებაში წერია, რომ უკრაინამ გაცვლის მოსამზადებლად, თავის მხრივ, ყველა შეთანხმება შეასრულა.

„რუსი სამხედრო ტყვეები დროულად იყვნენ მიყვანილნი გაცვლის  შეთანხმებულ ადგილას, სადაც უსაფრთხოდ იმყოფებოდნენ“. - წერს დაზვერვა.

როგორც უკრაინის დაზვერვა განცხადებაში აღნიშნავს, უკრაინელი ტყვეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა რუსული მხარის ვალდებულებას წარმოადგენდა, რომელიც მათ არ შეასრულეს.

დაზვერვამ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს უკრაინისთვის ტყვეების გადაადგილების საშუალებისა და მარშრუტის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მიუწოდებია. ტყვეების გადაადგილება, როგორც საავიაციო, ისე სარკინიგზო და საავტომობილო, ტრანსპორტით არის შესაძლებელი.

„უკრაინული მხარე არ იყო ინფორმირებული დროის გარკვეული მონაკვეთის განმავლობაში ბელგოროდის ქალაქის საჰაერო სივრცის დაცვის საჭიროების შესახებ, როგორც ეს წარსულში ხდებოდა“. - წერს უკრაინის დაზვერვა.

განცხადებაში დასკვნის სახით ნათქვამია, რომ ეს ყველაფერი შესაძლოა რუსეთის მხრიდან უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის დასასუსტებლად და მისი დესტაბილიზაციისთვის მიზანმიმართულ და  დაგეგმილ ქმედებებზე მიუთითებდეს.  

„ეს შეიძლება რუსეთის მხრიდან ტყვეების სიცოცხლისა და უსაფრთხოებისათვის საფრთხის შექმნაზე მიმართულ განზრახ ქმედებებს მოწმობდეს. სატრანსპორტო თვითმფრინავის 30-კილომეტრიან საომარ ზონაში დაშვება ვერ იქნება უსაფრთხო და ნებისმიერ ვითარებაში უნდა განიხილოს ორივე მხარის მიერ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთლიანად გაცვლის პროცესს საფრთხეს უქმნის“. - წერს უკრაინის დაზვერვა.

მანამდე, უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალურმა შტაბმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ ხარკოვსა და სხვა ქალაქებში რუსეთის მხრიდან მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების აღსაკვეთად და უკრაინის დასაცავად ყველა ზომას მიიღებს. გენერალური შტაბის თანახმად, საფრთხის შესამცირებლად არა მხოლოდ საჰაერო სივრცის კონტროლი, არამედ რაკეტების წარმოების ლოჯისტიკისა და მათი გაშვების წერტილების ცოდნაც არის საჭირო. 

"იერიშების დაფიქსირებული ინტენსივობა პირდაპირ კავშირშია სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების მატებასთან, რომლებიც ბოლო დროს ბელგოროდის აეროდრომში მიემართებოდა. ამის გათვალისწინებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები მომავალშიც გააგრძელებს მიწოდების საშუალებების განადგურებასა და ტერორისტული საფრთხის გასანადგურებლად საჰაერო სივრცის კონტროლს, მათ შორის ბელგოროდ-ხარკოვის მიმართულებით". - დაწერა უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალურმა შტაბმა. 

დღეს, 24 იანვარს, ბელგოროდის ოლქსი რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-76 ჩამოვარდა.

რუსეთის თავადცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ Ил-76 უკრაინულმა მხარემ ჩამოაგდო და ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 65 უკრაინელი ტყვე, რომლებიც გასაცვლელად მიჰყავდათ. 

კომენტარები