ოკუპირებული აფხაზეთი

გვარამია: უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფო

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას თქმით, სომხეთის პრემიერით, ნიკოლ ფაშინიანით აღფრთოვანებულია, რადგან აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებით და შემდეგ არჩევნებში მისი ხელახალი გამარჯვებით სომეხმა ერმა "ისტორიული ტრავმა" ჩამოიშორა.

"გულწრფელად გეტყვით, აღფრთოვანებული ვარ ფაშინიანით. ფაშინიანის ამბავი არის ძალიან უცნაური და ისტორიული ამ ერისთვის. არცახი, მთიანი ყარაბაღი საერთაშორისო სამართლის მიხედვით არ არის სომხეთის ტერიტორია. ზოგადად, ისტორიული პანდორას ყუთების გახსნა ძალიან საშიში თემაა, ამიტომ ვილაპარაკოთ იქიდან, როგორი იყო სტატუს კვო, გაეროს აღიარებული ფარგლებით, ეს არის აზერბაიჯანის ტერიტორია. რა მოიტანა სომხეთისთვის ამან, ამ ისტორიულმა თვითკმაყოფილებამ, რომ მათი გააზრებით, ყოველ შემთხვევაში, ეს ისტორიული ტერიტორია დაიბრუნეს. ათწლეულების განმავლობაში ამან უზრუნველყო ის, რომ სომხეთი არის ჩიხი, რუსეთს მიბმული ჩიხი მთლიანად, დამოკიდებულია ბოლომდე რუსეთზე... მე სომეხი მეგობრები მყავს, პოლიტიკოსები მათ შორის, წლების წინ, როდესაც პარლამენტში ვიყავი, მაშინ ჩუმად საუბრობდნენ, რომ ეს არის კიბო, ჩვენს სხეულზეო - არცახი და დასავლეთზე გასვლის შესაძლებლობას არ გვაძლევს, რუსეთს მიგვაჯაჭვაო". - ამბობს გვარამია კავკასიის ეთერში.

ამის შემდეგ გვარამიამ საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთზე განაგრძო, განმარტებით, რომ "პარალელი მთლად კორექტული არ არის", რადგან ის ჩვენი ტერიტორიაა და რომ "აქაც საკმაოდ წითელი ხაზია მანევრირებისთვის, არ უნდა გადაიკვეთოს - არც უნდა დაგავიწყდეს, მაგრამ ტრავმაც არ უნდა მოახვიო თავს საზოგადოებას".

"ტრავმა არ იძლევა განვითარების საშუალებას, მუდმივად გექაჩება უკან, მეხსიერების დაკარგვა, რა თქმა უნდა, ცუდია, იმიტომ რომ წარსულის დაკარგვა მომავალზე უარსაც იწვევს, მაგრამ წარსულში ჩარჩენაც მომავალზე უარია, ამიტომ ჩვენ რაღაც უნდა ვიპოვოთ და უნდა ვაღიაროთ ის, რომ ეს არის ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფო, ეს ასეა, იმიტომ რომ ის ხალხი იქიდან ვერ წავა. ამის აღიარება მოგვიწევს - ისე არ გამომივიდეს, რომ სტატუსის აღიარებაზე ვლაპარაკობ". - თქვა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები