გაფანტული სკლეროზი

კვლევა: გაფანტულ სკლეროზთან დაკავშირებულ გენს ადრე დამცველობითი ფუნქცია ჰქონდა

Sayo Studio

მეცნიერები პრეისტორიულ პერიოდში მცხოვრები ადამიანების ძვლებისა და კბილების გენეტიკური ანალიზის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ გენები, რომლებიც გაფანტული სკლეროზის გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული, შესაძლოა ბრინჯაოს ხანაში მონადირე-შემგროვებლებსა და მესაქონლეებს მოშინაურებული ცხოველების პათოგენებისგან იცავდა. ამის შესახებ ახლად გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

პროექტი 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 175 საერთაშორისო ექსპერტი მონაწილეობდა. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა, მათი თქმით, გარდაცვლილი ადამიანების დნმ-ის უდიდესი მონაცემთა ბაზა შეადგინეს, რომელიც 34 000 წლის წინად შუა საუკუნეებამდე დასავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიის ნაწილებში მცხოვრები ადამიანების გენეტიკურ მასალას მოიცავს. საკვლევი მასალისთვის მეცნიერებმა უკვე ცნობილი გენომები და ევროპის სხვადასხვა მუზეუმიდან თუ დაწესებულიდან ახლად აღებული ჩონჩხების სეკვენირებული დნმ გამოიყენეს. 

მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მკვლევრებმა შეძლეს, ენახათ, გარკვეული გენეტიკური ვარიანტების გავრცელება მოსახლეობის მიგრაციისა და გარემოში დრამატული გარდაქმნების შედეგად როგორ იცვლებოდა. 

კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნება გაფანტულ სკლეროზს უკავშირდება, ნერვული სისტემის ავტოიმუნურ დაავადებას, რომელიც მსოფლიოში 2.5 მილიონ ადამიანს სჭირს. ეს არის კომპლექსური დაავადება, რომელზეც სხვადასხვა გენეტიკური და გარემოებითი ფაქტორი მოქმედებს და მრავალ შესაძლო სიმპტომთან ასოცირდება, მათ შორის მხედველობის, ხელებისა და ფეხების მოძრაობის, შეგრძნებისა და ბალანსის პრობლემებთან. 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, გაფანტული სკლეროზი ჩრდილოეთ ევროპაში მცხოვრებ ადამიანებს შორის უფრო მეტად არის გავრცელებული, თუმცა ამის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. მონაცემთა ბაზის გამოყენებით, მეცნიერებმა გაფანტული სკლეროზის გენეტიკური წარმომავლობა გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მისი გაზრდილი რისკი კორელაციაშია პრეისტორიული პასტორალისტების შთამომავლობასთან, რომლებმაც დაახლოებით 5 000 წლის წინ ევროპაში პირველი მოშინაურებული ცხოველები შეიყვანეს. 

ეს მომთაბარე მესაქონლეები და მეცხვარეები, რომლებიც იამნაიას კულტურასთან ასოცირდებიან, სათავეს შავი და კასპიის ზღვის ველიდან იღებდნენ და პირველ ცხენოსნებად არიან მიჩნეულნი. კვლევა ამბობს, რომ ევროპაში გადაადგილებისას მათ რეგიონში ახალი სპეციფიკური გენეტიკური ვარიანტები შეიტანეს, რომლებიც მომთაბარეებს მოშინაურებული ცხოველების პათოგენებისგან იცავდათ. შესაძლოა, ამ გენებმა მოგვიანებით ევროპული მოსახლეობის მიერ მონადირე-შემგროვებლური წესიდან მიწათმოქმედებაზე გადასვლას შეუწყო ხელი. 

მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს გარემოება გაფანტული სკლეროზის გაზრდილ რისკთან დაკავშირებულია. მათი თქმით, რადგან იამნაიადან მომთაბარეები ძირითად ჩრდილოეთ ევროპაში გადაადგილდნენ, იქ მცხოვრები ადამიანების გენომში პასტორალისტური მემკვიდრეობის მაღალი პროპორცია დაავადების გავრცელებასთანაც უნდა იყოს კავშირში.

"ამ შედეგებმა ყველა გაგვაოცა. ეს მსხვილი ნახტომია ჩვენს მიერ გაფანტული სკლეროზისა და სხვა ავტოიმუნური დაავადებების ევოლუციის გაგებისთვის. იმის ჩვენება, თუ როგორ იმოქმედა ჩვენი წინაპრების ცხოვრების წესმა თანამედროვეობაში დაავადების რისკზე ხაზს უსვამს, რამდენად ვართ თანამედროვე სამყაროში უძველესი იმუნური სისტემის მემკვიდრეები". - თქვა უილიამ ბარიმ, კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა.

ერთ-ერთმა თანაავტორმა, ასტრიდ ივერსენმა, აღნიშნა, რომ ის ბენეფიტები, რომლებიც გენეტიკურ ვარიანტებს უძველეს დროში ჰქონდათ, თანამედროვე ცხოვრებაში ნაკლებად სარგებლიანია.

"ჩვენ ახლა ჩვენი წინაპრებისაგან ძალიან განსხვავებული ცხოვრებით ვცხოვრობთ, ჰიგიენის, დიეტისა და სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობების მხრივ. ამის გაერთიანება ჩვენს ევოლუციურ ისტორიასთან ნიშნავს, რომ შესაძლოა უფრო მიდრეკილები ვიყოთ გარკვეული დაავადებებისაკენ, ვიდრე ჩვენი წინაპრები, მათ შორის ავტოიმუნური დაავადებებისაკენ, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი". - თქვა ივერსენმა. 

კომენტარები