საპრეზიდენტო არჩევნები ტაივანში

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის კანდიდატმა გაიმარჯვა

ლაი ჩინგ-ტეს მხარდამჭერები ტაივანში 
Lam Yik Fei for The New York Times

დღეს,13 იანვარს, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი პარტიის, დემოკრატიული პროგრესული პარტიის (DPP) კანდიდატმა და ქვეყნის ამჟამინდელმა ვიცეპრეზიდენტმა, ლაი ჩინგ-ტემ გაიმარჯვა

ლაი და მისი პარტია ტაივანის დამოუკიდებელ იდენტობას უჭერენ მხარს და ჩინეთის ტერიტორიულ პრეტენზიებს მტკიცედ უარყოფენ, რის გამოც ჩინეთმა ისინი გააკრიტიკა. არჩევნებამდე, ჩინეთის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ლაი სახიფათო სეპარატისტია, რომელსაც ტაივანის ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადება სურს და ამის გამო ომი შეიძლება დაიწყოს, ხოლო ტაივანელ ამომრჩევლებს  მოუწოდეს, მისთვის ხმა არ მიეცათ.

ტაივანის ახალარჩეული პრეზიდენტის თქმით, რეგიონში მშვიდობას, სტაბილურობასა და სტატუს ქვოს შეინარჩუნებს. ლაი ამბობს, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის და "მიზანდასახულია, დაიცვას ტაივანი ჩინეთისაგან უწყვეტი საფრთხისა და დაშინებისგან". 

DPP-ის გამარჯვების შედეგად მმართველმა პარტიამ თანმიმდევრობით სამი არჩევნები მოიგო, რაც ტაივანის ამჟამინდელი საარჩევნო სისტემისათვის უპრეცედენტოა. ლაის ორი მთავარი კონკურენტი ჰყავდა: ნაციონალისტური კუომინტანგის (KMT) კანდიდატი, ხოუ იუ-იჰი, რომელიც ჩინეთთან კომპრომისულ პოლიტიკას უჭერს მხარს და ტაივანის სახალხო პარტიის წევრი, ტაიპეის ყოფილი მერი, კო ვენ-ჯე. ორივემ აღიარა, რომ დამარცხდა და არჩევნებში ლაიმ გაიმარჯვა. 

მანამდე, ტაივანის პრეზიდენტმა, ცაი ინგ-ვენმა 3 დეკემბერს ამომრჩევლებს მოუწოდა გასამართ არჩევნებში ხმის მიცემისას დაფიქრდნენ იმაზე, რა დაემართა ჩინეთის მიერ კონტროლირებად ჰონგ-კონგს და აღნიშნა, რომ მშვიდობის მხარდაჭერა მხოლოდ თავდაცვის გაძლიერებით არის შესაძლებელი. 

AP News-ის ინფორმაციით, ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაცია ყოფილი მაღალჩინოსნებისგან შემდგარი არაოფიციალური დელეგაციის კუნძულზე გაგზავნას გეგმავს.

არჩევნებში ბაიდენის ადმინისტრაციას ღიად მხარი არცერთი პოლიტიკური პარტიისთვის ან კანდიდატისთვის არ დაუჭერია. თავის მხრივ, პეკინმა ცხადყო, რომ არ სურდა დამოუკიდებლობის მომხრე მმართველი დემოკრატიული პროგრესული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ლაი ჩინგ-ტეს, იგივე უილიამ ლაის გამარჯვება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ტაივანთან გაფორმებული აქვს უსაფრთხოების შეთანხმება, რის საფუძველზეც ვაშინგტონი კუნძულს ჩინეთის მხრიდან პოტენციური შეიარაღებული თავდასხმის შესაჩერებლად საჭირო ტექნიკითა და ტექნოლოგიით ამარაგებს. ბოლო წლებში, პეკინის მხრიდან ტაივანზე სამხედრო და დიპლომატიური ზეწოლის ზრდასთან ერთად, შეერთებულმა შტატებმა ტაიპეის და მისი დემოკრატიულად არჩეული მთავრობის მხარდაჭერა გააძლიერა.

აშშ-ს მთავრობა კუნძულის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით პოზიციას არ იკავებს, თუმცა მიიჩნევს, რომ უთანხმოება მშვიდობიანად უნდა მოგვარდეს. ჯო ბაიდენმა აშშ-ში ვიზიტით მყოფ ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს უთხრა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ტაივანის სრუტეში სტატუს კვოს ნებისმიერ ცვლილებას ეწინააღმდეგება.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები