2024 წელი

უნივერსალური კრიტერიუმი ბედნიერებისთვის

2024 წელი

უნივერსალური კრიტერიუმი ბედნიერებისთვის

დღესასწაულების მილოცვისას ადამიანები ერთმანეთს ბედნიერებას გამორჩეული სიხშირით ვუსურვებთ. ამას ძირითადად ისე შაბლონურად ვაკეთებთ, იშვიათად თუ ვუფიქრდებით, არსებობს კი მეტ-ნაკლებად უნივერსალური კრიტერიუმები, რომლებიც ბედნიერებად გვაქცევს?

გაზარმაცებული მოსაზრებით, ადამიანებს მათივე ინდივიდუალური სურვილების ახდენა უნდა ვუსურვოთ და გვჯეროდეს, რომ ყველას მეტ-ნაკლებად ესმის, რა აბედნიერებს. თუმცა, გრძელვადიანად, არც თუ იშვიათია აცდენა "მინდა"-სა და "მჭირდება"-ს შორის. 

ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვიცოდეთ იმის შესახებ, რა უნდა ვუსურვოთ საკუთარ თავსა და სხვებს. ჩვენს ბედნიერებაზე გავლენას ახდენს ფინანსური, ფიზიკური თუ მენტალური ფაქტორები, მაგრამ  კვლევები ცხადყოფს, რომ სტატისტიკურად არაფერი გვაქცევს უფრო ბედნიერად და ჯანმრთელად, როგორც ურთიერთობები.

The Harvard Study of Adult Development ყველაზე გრძელვადიანი კვლევაა ბედნიერების შესახებ, რაც კი ოდესმე ჩატარებულა. უკვე 80 წელიწადზე მეტია, მკვლევარები ცდილობენ, გაარკვიონ, მაინც რა განაპირობებს ადამიანების კეთილდღეობას - ბედნიერ და ჯანმრთელ სიბერეს.  

კვლევა 1938 წელს დაიწყო და მასში ჰარვარდის 268 ბიჭი სტუდენტი და ბოსტონის ყველაზე გაჭირვებული და დაუცველი უბნების მცხოვრები 456 ბიჭი მონაწილეობდა. წლებთან ერთად, ამ რიცხვს მონაწილეთა პარტნიორები, შემდეგ კი, მათი შვილებიც დაემატნენ - ჯამურად 3 000-მდე მონაწილე.  ჰარვარდის კვლევის სტუდენტებს შორის ერთერთი, ამერიკის პრეზიდენტი - ჯონ ფიცჯერალდ კენედიც კი იყო.   

თავდაპირველი მონაწილეების უდიდესი უმრავლესობა დღეს უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მათი ცხოვრება მთლიანად არის დოკუმენტირებული. სხვა კვლევებისგან განსხვავებით, ეს კვლევა მთლიანად ცოცხალ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებს 80 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მკვლევარებმა მათზე იცოდნენ ყველაფერი - სამედიცინო ისტორია, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, ოჯახური მდგომარეობა, კარიერა, რელიგიური თუ პოლიტიკური მრწამსი, ცხოვრების სირთულეები და მიღწევები. ახლა კვლევაში უკვე მათი შვილები მონაწილეობენ და, შედეგად, სახეზე გვაქვს ყველაზე სიღრიმისეული, თაობებზე გადაჭიმული კვლევა.

ამ გრძელვადიანმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანების კეთილდღეობისთვის  და ჯანმრთელობისთვის უდავოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი, განსაკუთრებით კი ვარჯიში, მაგრამ ჩვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უდიდესი გავლენა სოციალურ კავშირებს აქვთ. ამ მიგნებას  სხვა კვლევებიც ადასტურებს. ასევე აღსანიშნავია, რომ მარტოსულობა ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის ბედნიერების განცდასა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. 

ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრიის პროფესორი, რობერტ ვალდინგერი, ამ კვლევის რიგით მეოთხე დირექტორი 2005 წელს გახდა. ის ერთ-ერთ ინტერვიუში მარტოსულობას მწეველობასთან აიგივებს და აღნიშნავს, რომ როგორც სიგარეტი, ისე მარტოსულობაც, კლავს. მარტოსულობის პრობლემა არა მხოლოდ დასავლეთში, საქართველოშიც დგას - როგორც PISA-ს ახლადჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, 15 წლის ქართველი მოსწავლეებიდან ყოველი მეათე თავს გარიყულად გრძნობს, კიდევ ერთი მეათედი კი - მარტოსულად. ამასთან, NDI-ს ბოლო კვლევას თუ დავუჯერებთ, შფოთვა და დეპრესია მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას დიდ გამოწვევად მიაჩნია. 

ადამიანები, რომლებსაც მჭიდრო კავშირი აქვთ მეგობრებთან, ოჯახთან და საზოგადოებასთან, არა მხოლოდ უფრო ბედნიერები, არამედ უფრო ჯანმრთელებიც არიან და, შესაბამისად, უფრო დიდხანსაც  ცოცხლობენ,  განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ. ცხადია, ადამიანი მუდმივად ბედნიერი ვერ იქნება - აქ საუბარი გრძელვადიან და სიღრმისეულ ბედნიერებაზეა და არა წამიერ სიამოვნებებზე. ვარაუდობენ, რომ მჭიდრო ურთიერთობების პოზიტიური მოქმედების მექანიზმი სტრესთან ეფექტიან გამკლავებას უკავშირდება, რადგან ურთიერთობები გვეხმარება სტრესის მართვაში - როდესაც ადამიანს შენს სტრესს უზიარებ, ორგანიზმი მშვიდდება. მარტოსულობა სტრესის ჰორმონების - კორტიზოლის - გამოყოფას ზრდის და ანთებით პროცესებს აუარესებს, რასაც ნეგატიური ეფექტი აქვს ჯანმრთელობაზე და ამ ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა  დიაბეტი, ართრიტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ა.შ. ამას ადასტურებს სხვა კვლევებიც

თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ და სხვა კვლევის მიხედვით, მნიშვნელოვანი არა ურთიერთობების რაოდენობა, არამედ ამ ურთიერთობების ხარისხია.  Შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, ინტროვერტი ხართ თუ ექსტროვერტი, დაქორწინებულები თუ დაუქორწინებლები, მთავარია, იმგვარი ხარისხიანი ურთიერთობები ააშენოთ, რომლებიც უსაფრთხოების და დაცულობის განცდას მოგგვრით. მარტო ყოფნა და მარტოსულობა ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს - სავსებით შესაძლებელია, ინტროვერტი ადამიანი ძალიან ბედნიერი იყოს, მცირე, მაგრამ ძალიან ახლო ადამიანების გარემოცვაში, ხოლო  ექსტროვერტი ადამიანი  ძალიან მარტოსულად გრძნობდეს თავს მრავალი ადამიანის გარემოცვაში. პრობლემა თავს მაშინ იჩენს, როცა ადამიანი იმაზე მეტად იზოლირებულია, ვიდრე მას სურს, სხვანაირად რომ ავხსნათ - ჩვენს შინაგან აღქმაზეა დამოკიდებული, ვართ თუ არა მარტოსულები და არა ადამიანების რაოდენობაზე ჩვენ გარშემო. სწორედ ამიტომ, დაქორწინება არ ნიშნავს ავტომატურად ბედნიერ და ხანგრძლივ ცხოვრებას, რადგან ცუდ ქორწინებაშიც შეიძლება, თავი მარტოსულად იგრძნო. მარტოსულობა არის ის აცდენა, რომელიც ჩვენ მიერ ნასურვებ და რეალურად არსებულ ურთიერთობას შორის არსებობს.

მჭიდრო კავშირები ჩვენს ტვინებზეც კარგად მოქმედებს. ვალდინგერი ცნობილ Ted Talk-ში აღნიშნავს, რომ ადამიანებს, რომლებიც კმაყოფილები იყვნენ საკუთარი ურთიერთობებით, ასაკში უკეთესი მეხსიერება და მეტი სისხარტე ჰქონდათ შენარჩუნებული, ვიდრე მათ, ვისაც მჭიდრო კავშირები არ აუშენებიათ. 

მისივე თქმით, როცა უკვე 80 წელს გადაცილებულ მონაწილეებს ჰკითხეს, თუ რითი ამაყობდნენ ისინი ყველაზე მეტად, უმეტესობამ არა პროფესიული მიღწევები, არამედ ურთიერთობები გაიხსენა  - "მე ვიყავი კარგი მენტორი", "მე გავზარდე კარგი შვილები", "მე ვიყავი კარგი ქმარი" იყო ის, რაც მათ ეამაყებოდათ. 

ყველაფრის გათვალისწინებით, წინასაახალწლო, სტატისტიკურად სწორი მილოცვის ამგვარი ფორმულირება შეგვიძლია: "გისურვებთ მეტ მჭიდრო, გრძელვადიან და ხარისხიან ურთიერთობას".

კომენტარები