სკვითები

კვლევა: სკვითები ადამიანის კანისგან კაპარჭებისთვის ტყავს ამზადებდნენ

Sammy33 / Shutterstock

ახალი კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ სკვითები ადამიანის კანისგან ტყავს ამზადებდნენ. ამის შესახებ ძველ ბერძენი ისტორიკოსი, ჰეროდოტეც წერდა, მაგრამ სკვითებზე მისი მონათხრობი არასანდოდ მიიჩნეოდა, რადგან ჰეროდოტეს ხშირად ტყუილი ამბების გავრცელებაში ადანაშაულებენ. 

ჰეროდოტე წერდა, რომ სკვითები სისხლისმღვრელნი და შიშისმომგვრელნი იყვნენ. ის წერდა, რომ სკვითელი მეომრები მეფისთვის თავიანთი მიღწევების საჩვენებლად მტრებს თავებს აჭრიდნენ და სკალპს აცლიდნენ, რომელსაც შემდეგ ხელსახოცად იყენებდნენ და ცხენის აღვირზე ამაგრებდნენ. ისტორიკოსის თქმით, რაც უფრო მეტი ასეთი ხელსახოცი ეკიდა მეომარს ცხენზე, მით უფრო მეტად სახელოვანი იყო. გარდა ამისა, სკვითები ზოგჯერ მტრებს მთლიანად აცლიდნენ კანს და მისგან მოსაცმელს აკეთებდნენ. ჰეროდოტე ასევე წერდა, რომ სკვითები მტრის მარჯვენა ხელის კანისგან ტყავს ამზადებდნენ, რომელსაც კაპარჭებისთვის იყენებდნენ. ახალმა კვლევამ ამ უკანასკნელი ამბის პირველი მტკიცებულება წარმოადგინა. 

სკვითები ძვ.წ. 700-300 წლებში მცხოვრები ხალხი იყო, რომელიც ევრაზიის სტეპებში ბატონობდა. ისინი მომთაბარე ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, ამიტომ მათ შესახებ არქეოლოგიური მასალა შედარებით მცირეა. არქეოლოგები ძირითადად სკვითების მიერ დატოვებულ სამარხებში სხვადასხვა არტეფაქტებს იკვლევენ. 

მეცნიერებმა სკვითების 14 სამარხიდან ტყავის 45 ნარჩენი ახალი მეთოდის მეშვეობით გამოიკვლიეს, რომელიც საშუალებას აძლევთ ტყავში ცილები გაანალიზონ და მისი წარმომავლობა განსაზღვრონ. როგორც ირკვევა, ტყავის უმეტესობა ცხოველის კანისგან იყო დამზადებული, თუმცა ორ კაპარჭზე ადამიანის კანიც აღმოაჩინეს. ის კაპარჭების მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენდა და ზედა ნაწილს მოიცავდა, რაც, მკვლევრების აზრით, იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ადამიანის კანი იშვიათი იყო და უფრო მეტად ფასობდა. მეცნიერთა ვარაუდით, სკვითები საგნებს ყველანაირი ტყავისგან ამზადებდნენ, რომელზეც ხელი მიუწვდებოდათ და უფრო იშვიათ ტყავს ზედა ნაწილისთვის იყენებდნენ. 

“ჩვენი შედეგები აჩვენებს, რომ სკვითები ტყავის წარმოებისთვის ძირითადად მოშინაურებულ სახეობებს იყენებდნენ, როგორებიცაა ცხვარი, თხა, საქონელი და ცხენი, ხოლო ბეწვს ველური ცხოველებისგან ამზადებდნენ, როგორებიცაა მელია, ციყვიდა კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლები. მოულოდნელი აღმოჩენა ადამიანის კანის ორი ნიმუში არის, რაც პირველ მტკიცებულებას წარმოადგენს ბერძენი ისტორიკოსის, ჰეროდოტეს ცნობისთვის, რომ სკვითები მათი მტრების კანს ტყავის ტროფეების, მაგალითად კაპარჭთა გარსის, დასამზადებლად იყენებდნენ”. - წერია კვლევის აბსტრაქტში. 

მეცნიერთა თქმით, ადამიანთა კანისგან ტყავის დამზადების ფაქტი მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, თუმცა ცხოველთა ტყავის გამოკვლევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

“ჩვენი შედეგები გვეხმარება, რომ სკვითების მიერ ცხოველთა გამოყენების ეკონომიკის კვლევა დავიწყოთ – არამხოლოდ საკვების, ბოჭკოების, ზიდვისა თუ ტარების თვალსაზრისით, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ იშვიათად გათვალისწინებული მასალის  – ტყავის თვალსაზრისითაც”. - წერია კვლევაში.

კომენტარები