ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მთავრობას უმცირესობების დაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

2023 წლის 7 დეკემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" საქმის ჯგუფის აღსრულების გაძლიერებული ზედამხედველობის ფარგლებში გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მთავრობას ლგბტქ+ უფლებებისა და რელიგიური უმცირესობების დასაცავად  ძირეული რეკომენდაციები მისცა.

2015 წელს შეტანილი საქმე "იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის ვალდებულების დარღვევას ეხება.

მინისტრთა კომიტეტი ზემოხსენებული საქმის აღსრულების მონიტორინგს 4 სხვა საქმესთან ერთად ახორციელებს: აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ (2021), გლდანის კონგრეგაცია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (2007), მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (2022), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (2022). ჩამოთვლილი საქმეები ხელისუფლების მიერ ლგბტქ+ აქტივისტების და რელიგიური უმცირესობების მიმართ განხორციელებული არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისგან ადეკვატური დაცვის უზრუნველყოფას ეხება.

როგორც ანგარიშში წერია, მინისტრთა კომიტეტმა მიმდინარე წლის 5-7 დეკემბერს გამართულ 1483-ე შეხვედრაზე სახელმწიფოს, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარდგენილი ანგარიშების განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო, სადაც საქმის აღსრულების პროცესს მიმოიხილავს და მომავალში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებზე მიუთითებს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კომიტეტმა გადაწყვეტილებაში ღრმა შეშფოთება გამოხატა ლგბტქ+ პირებისა და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის სერიოზულობასთან დაკავშირებით და აღსრულებულად არ მიიჩნია არცერთი საქმე.

ამავდროულად, დოკუმენტში კრიტიკულადაა შეფასებული ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების სტრატეგია ლგბტქ+ თემის საჭიროებებს არ პასუხობს. კომიტეტმა ხელისუფლებას სამოქმედო გეგმის აღსრულების დაჩქარებისკენ მოუწოდა და მიუთითა, რომ პროცესში ჩართოს ყველა შესაბამისი მხარე, რომ დოკუმენტი განსაზღვრავდეს ყოვლისმომცველ და ინკლუზიურ ზომებს ლგბტქ+ ადამიანებისა და რელიგიური უმცირესობების საჭიროებებისთვის.

კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს მტკიცე მიდგომა გამოიჩინოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ, ყველა ფორმის დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობითა და ძალადობის ორგანიზატორებისა და წამქეზებლების დაუყოვნებლივ პასუხისგებაში მიცემით.

ამასთან, კომიტეტი გადაწყვეტილებაში სახელმწიფოს მოუწოდებს პოლიციის მიერ ეფექტური ორგანიზაციული და პრევენციული ზომების მიღების გზით შესაბამისი შეკრებების უსაფრთხო წარმართვის უზრუნველსაყოფად აჩვენოს, რომ ლგბტქ+ თემისთვის  მშვიდობიანი შეკრების უფლებით სრულად სარგებლობა სახელმწიფოსთვის აშკარა პრიორიტეტია.

კომიტეტი დადებითად აფასებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებაზე პოლიციის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის დაგეგმილ ზომებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააგრძელოს ევროსაბჭოს გამოცდილების გაზიარების საფუძველზე გამომძიებლების სპეციალიზაციისთვის ტრენინგების ჩატარებაზე მუშაობა. ამასთან, მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოს ავალებს, შესაფასებლად წარუდგინოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სპეციალიზებული სისტემის მოდელის შესახებ ინფორმაცია.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია საქმე "იდენტობა და სხვები საქართველოს" წინააღმდეგ რჩება მინისტრთა კომიტეტის გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშ და კომიტეტი იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს და მის მიერ გაცემულ ზემოთ ნახსენები რეკომენდაციების შესრულებას 2024 წლის სექტემბრის პერიოდში კიდევ ერთხელ შეაფასებს.

კომენტარები