ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ

ODISHINEWS

ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების (იპმრ) მექანიზმის შეხვედრებისთვის ზონას ამზადებენ. ამის შესახებ ოპუირებული გალის რაიონის ე.წ. ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ფილიამ ისაუბრა. 

აქამდე, ოქტომრის დასაწყისში სოხუმში მპრი-ის ფორმატის შეხვედრების განახლების სურვილი გამოთქვეს. ქართულ მხარეს ინიციატივაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, კონსტანტინე ფილიას თქმით, აფხაზური მხარე ამ საკითხთან დაკავშირებით "წინ წაიწია".

"ვამზადებთ ზონას, რომელიც ენგურის ხიდის გადაღმა, ჩვენს გამშვებ პუნქტამდე მდებარეობს. პირველი პუნქტი, სადაც მხოლოდ შემოწმება მიმდინარეობს, საბაჟო სტრუქტურების გადმოკვეთამდე. ზემოთ მზადდება ზონა, იქ იქნება საკონფერენციო დარბაზი და ჩატარდება ხოლმე შეხვედრები. როგორც გამოდის, ტერიტორია აფხაზურია, მაგრამ ისინი ჩვენთან ბოლომდე არ შემოდიან. ვეცდებით ამ ფორმატში დავაკმაყოფილოთ პრეტენზიები... დავიწყოთ ნორმალური დიალოგი". – თქვა ფილიამ.

აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ქართული მხარე შეხვედრების წარმომადგენლებს სთხოვდა, ენგურის ხიდი გადმოეკვეთათ პირადობის მოწმობით, ხოლო მარიონეტებს სურდათ პასპორტების გამოყენება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საუბრობდა შესაძლებლობაზე, "გამოენახათ რაღაც ნეიტრალური ტერიტორია" მდინარე ენგურთან, შემდეგ "გაეშალათ კარავი და ჩატარებულიყო შეხვედრები".

"ჩვენ მზად ვართ კეთილმეზობლობისთვის, მზად ვართ თანაბარი დიალოგისთვის". - თქვა ფილიამ Чегемская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

"აი, ამ ჟენევის დისკუსიებმა, მოდი, აქ გადმოინაცვლოს. ჟენევა შორსაა და ყველას არ ესმის... იქ, ჟენევაში ვერაფერი გადაწყდება". - დაამატა ფილიამ.

ფილიას თქმით, "საქართველოში არსებობენ ძალები, რომელთაც ესმით, რომ ეს ფურცელი უნდა გადაშალონ" და საქართველოს ხელისუფლება "გზავნის სიგნალებს, რომ არ სურს მეორე ფრონტის გახსნა, არ სურს იყოს რუსეთის წინაააღმდეგ", მაგრამ, მისივე თქმით, არსებობს "დასავლეთის მიერ დაფინანსებული, ძალიან სერიოზული" ოპოზიცია, რომლის "ხელშიცაა მცირე მოვლენები".

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის ფარგლებში შეხვედრები, გაეროსა და ეუთოს შუამავლობით, პერიოდულად იმართება ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მიმართებით.

ოკუპირებულ აფხაზეთთან ეს ფორმატი, რომელიც 2009 წელს შეიქმნა, 2012-ში შეწყდა. განახლების მცდელობა და მორიგი შეხვედრა 2016 წელს გაიმართა.

კომენტარები