აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მაღალი თანამდებობის პირმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე პროპალესტინური სურათი გამოაქვეყნა, რომელშიც კაცი პალესტინის დროშით ხელში დგას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Financial Times-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, CIA-ში ანალიტიკურ საკითხებზე დირექტორის მოადგილემ Facebook-ის ფონის (ე.წ. cover-ის) სურათი 21 ოქტომბერს, ისრაელზე ჰამასის თავდასხმიდან ორი კვირის შემდეგ, შეცვალა და პალესტინის მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერა საჯაროდ გამოხატა.
ამავე პირმა ასევე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც წარწერა "თავისუფლება პალესტინას" არის გამოსახული.
"აღნიშნული თანამშრომელი კარიერით ანალიტიკოსია, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე ღრმა სამუშაო გამოცდილება აქვს და ამ პოსტის მიზანი კონფლიქტში პოზიციის დაკავება არ ყოფილა." - განაცხადა საკითხთან დაახლოებულმა პირმა.
The Financial Times-ი თანამდებობის პირის ვინაობას მიზანმიმართულად არ ასაჯაროებს, რადგან, სადაზვერვო სააგენტოს თქმით, მის ჯანმრთელობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. გამოცემა უშედეგოდ შეეცადა მასთან დაკავშირებას, რის შემდეგაც მან სოციალური ქსელიდან პროპალესტინური პოსტები წაშალა.
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია, რომ "CIA-ს თანამშრომლები ანალიტიკური ობიექტურობის მიმართ ერთგულები არიან, რაც სააგენტოს საქმიანობის ქვაკუთხედია. CIA-ს თანამშრომლებს შესაძლოა პირადი ხედვები ჰქონდეთ, მაგრამ ეს მიუკერძოებელი ანალიზის მიმართ მათ ვალდებულებას არ ამცირებს".
მომხდარის შესახებ სადაზვერვო სამსახურის ყოფილმა თანამშრომლებმა გაკვირვება გამოთქვეს. მათი თქმით, CIA-ს ისრაელთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს და, ამასთანავე, სააგენტოს დირექტორი ბილ ბერნსი კატარში ჰამას-ისრაელის კონფლიქტზე მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული. შესაბამისად, სააგენტოს თანამშრომლის მსგავსი ქმედება "განსაცვიფრებლად ცუდი განსჯის უნარზე მეტყველებს".
მსგავსი სურათის გამოქვეყნებამ გამოხატა "მიკერძოებულობა ისეთი ადამიანისგან, რომელიც ფუნდამენტურად მიუკერძოებელი უნდა იყოს." - თქვა ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა.
ისრაელის ჰამასთან ომის ფონზე, აშშ-ში კონფლიქტთან მიდგომის საკითხი ღრმად პოლარიზაციის გამომწვევი აღმოჩნდა. ღაზაში მიმდინარე კონფლიქტში ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომის მიმართ უკვე ათობით დიპლომატმა ფორმალურად გამოხატა უთანხმოება. რამდენიმე საჯარო მოხელემ კი ღია და პირადი წერილებით ბაიდენს მიმართა, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასა და დამატებით ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას დაუჭიროს მხარი.
15 ნოემბერს გამოცემა Reuters-ის მიერ გამოქვეყნებული Ipsos-ის კვლევის შედეგების მიხედვით, "ისრაელის მხარდაჭერის" წინადადებას გამოკითხულთა მხოლოდ 32% ემხრობა, რაც ოქტომბრის კვლევის შედეგებთან შედარებით 9%-ით არის შემცირებული. ხოლო გამოკითხულთა 39% ამბობს, რომ ჰამას-ისრაელის კონფლიქტში აშშ-მ ნეიტრალური მედიატორის პოზიცია უნდა დაიკავოს. ამასთანავე, ისრაელის იერიშები დემოკრატების 62%-ისთვის არის გადამეტებული მაშინ, როცა იგივე აზრს რესპუბლიკელთა მხოლოდ 30% იზიარებს.