პოლონეთი

პოლონეთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

Getty Images

პოლონეთში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა კოალიციურ შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

"შეთანხმება არის სახელმძღვანელო მითითებები ჩვენი თანამშრომლობისთვის, მას შემდეგ რაც ქვეყნის პრეზიდენტისგან მთავრობის ფორმირების შესაძლებლობას მივიღებთ". - თქვა სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა და პრემიერმინისტრის პოსტზე სავარაუდო კანდიდატმა დონალდ ტუსკმა.

გარდა ამისა, კოალიციაში შევიდნენ პარტიები – მესამე გზა და ახალი მემარცხენეები. 

კოალიციურ შეთანხმებაში საუბარია "უპრეცედენტო საფრთხეზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომითაა გამოწვეული" და რომლის წინაშეც პოლონეთი დგას. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია NATO-სადა EU-ში პოლონეთის პოზიციების გაძლიერების მნიშვნელობა.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 16 ოქტომბერს ჩატარდა. საბოლოო შედეგების მიხედვით, პირველ ადგილზე გასულმა მმართველმა პარტიამ კანონი და სამართლიანობა ხმების 35.4% მიიღო, მთავარმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ სამოქალაქო კოალიციამ 30.7%, მესამე ძალამ - 14.4%, ახალმა მემარცხენეებმა - 8.6%ხოლო კონფედერაციამ - 7.2%.

პოლონეთის ეროვნული საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კანონი და სამართლიანობა პარლამენტის ქვედა პალატაში 194 მანდატს მიიღებს, სამოქალაქო კოალიცია 157-ს, მესამე გზა 65-ს, ახალი მემარცხენეები 26-ს, კონფედერაცია კი 18-ს.

შედეგები ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზე გასვლის მიუხედავად იაროსლავ კაჩინსკის პარტიას  კანონი და სამართლიანობა სეიმში უმრავლესობის შესაქმნელად მანდატები არც დამოუკიდებლად და არც ულტრამემარჯვენე კონფედერაციასთან კოალიციით არ ეყოფა.

მიუხედავად ამისა, 7 ნოემბერს პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ მთავრობის ფორმირება ამჟამინდელ პრემიერს, მატეუშ მორავიეცკის დაავალა.

"მშვიდი მსჯელობისა და კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტე, პრემიერმინისტრ მატეუშ მორავიეცკის დავავალო მთავრობის ფორმირების მისია. გადავწყვიტე გავაგრძელო საპარლამენტო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, უპირველეს ყოვლისა, [არჩევნებში] გამარჯვებულ პარტიას ეძლევა მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა". - თქვა დუდამ 

რაც შეეხება ოპოზიცურ პარტიებს, წინასაარჩევნოდ დონალდ ტუსკის სამოქალაქო კოალიცია, ცენტრისტული მესამე გზა და ახალი მემარცხენეები საჭირო რაოდენობის მანდატების დაგროვების შემთხვევაში კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. არჩევნების შედეგად ზემოხსენებულმა გაერთიანებებმა ჯამში 248 მანდატი მოიპოვეს, რაც მთავრობის ფორმირებისთვის საკმარისია.

ამავდროულად, ოპოზიციურმა ძალებმა უმრავლესობის მოპოვება შეძლეს პოლონეთის პარლამენტის ზედა პალატაშიც. სენატში მათ ჯამში 66 მანდატი მოიპოვეს, კაჩინსკის პარტიამ კი - 34.

ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანო პირველ სხდომას 13 ნოემბერს გამართავს.

მორავეცკიმ 2 კვირის ვადაში პრეზიდენტს უნდა წარუდგინოს კაბინეტის შემადგენლობა. შემდეგი ორი კვირის განმავლობაში კი სეიმის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. თუ ამას ვერ შეძლებს, პრემიერის კანდიდატის დასახელების უფლება სეიმის ხელში გადავა.

კომენტარები