კანდიდატის სტატუსი

ევროპული საბჭო: EU საქართველოსთან გააგრძელებს თანამშრომლობას რეფორმების მხარდაჭერის გზაზე

2023 წლის 26-27 ოქტომბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაქვეყნეს დასკვნითი დოკუმენტი, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. 

"ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მჭიდრო მუშაობას და ევროპულ გზაზე მათი რეფორმების მხარდაჭერას". - ნათქვამია ევროპული საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო გმობს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და მხარს უჭერს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

"ევროკავშირი გააგრძელებს ძლიერ ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიურ მხარდაჭერას უკრაინასა და მის ხალხის მიმართ მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება". - წერია განცხადებაში.

ევროპული საბჭოს დოკუმენტში ნახსენებია ისიც, რომ ევროკავშირი მოლდოვას უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შედეგად მის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარება.

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, რიკარდ იოზვიაკმა 25 ოქტომბერს X-ზე დაწერა, რომ სამი ქვეყნის, უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მხარდაჭერაზე ჩანაწერი დასკვნით დოკუმენტში თავდაპირველად გათვალისწინებული არ ყოფილა და გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაემატა.


TV პირველის ცნობით, რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბერს განიხილავენ.

"ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნებას ბრიუსელში 8 ნოემბრისთვის განიხილავენ. 31 ოქტომბრიდან ნოემბრისთვის გადაიტანეს. ხედავთ, რომ თარიღი მუდმივად ცვალებადია. გავიგე, რომ ევროკომისია რეკომენდაციას აღარ გასცემს და გადაწყვეტილების მიღებას დეკემბერში სრულად ევროკავშირის 27 ქვეყნის ლიდერს მიანდობს. ანგარიშის მიხედვით იტყვიან, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით წინ უნდა წავიწიოთ. ეს არის ვარიანტი. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ევროკომისია ევროკავშირს მიმართულებას მაინც მისცემს. 

საქართველოსთან მიმართებაში, ყველა ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით ყველაფერი გარკვეულია. თითქმის ყველა ქვეყანა ამბობს, რომ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყონ. საქართველოზე ამბობენ, რომ ჯერ გაურკვეველია, ვნახოთ რა მოხდება". - TV პირველის ცნობით, აღნიშნა იოზვიაკმა.

გარდა ამისა, როგორც 24 ოქტომბერს Reuters-ი ევროკავშირის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერდა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს.

2022 წლის ზაფხულში ევროკავშირმა ევროკომისიის რეკომენდაციის საფუძველზე უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს - არა. ევროკომისია რეკომენდაციას უწევს, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, რაც 12-პუნქტიანი პირობები შესრულდება. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ანტიკორუფციული რეფორმა, მედიის თავისუფლება. 

რეკომენდაციების გაცემიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოში ვიზიტისას აღნიშნა, რომ 12 რეკომენდაციიდან სრულად მხოლოდ 3 შესრულდა, დანარჩენი 9 პროცესშია.

კომენტარები