იტალია

75 წლის იტალიელმა ქალმა შვილებს, რომლებსაც ცალკე ცხოვრება არ უნდოდათ, სასამართლო დავა მოუგო

75 წლის იტალიელმა ქალმა, ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პავიადან, საკუთარ 40 და 42 წლის ვაჟებს სასამართლოში დავა მოუგო. დედამ შვილებს მას შემდეგ უჩივლა, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მათ დამოუკიდებლად ცხოვრებაზე უარი თქვეს.

შვილები უარს ამბობდნენ ცალკე გადასვლასა და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე მიუხედავად დედის თხოვნისა. ამასთან, ორივე მათგანი დასაქმებულია და საკუთარი შემოსავალი აქვთ, თუმცა, ისინი უარს ამბობდნენ დედის დახმარებაზეც და ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯს ხანდაზმული ქალი წევდა.

"არც ერთ მათგანს არ სურდა ცალკე გადასვლა". - უთხრა ქალმა ადგილობრივ გაზეთს. 

მოსამართლე სიმონა კატერბიმ ხანდაზმული ქალის საჩივარი დააკმაყოფილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მშობლების ვალდებულებისა იზრუნონ შვილებზე, 40 წლის ადამიანი ბავშვი უკვე აღარ არის. სასამართლომ მათ დედის სახლის დატოვების ვადა 18 დეკემბრამდე განუსაზღვრა.

2022 წელს იტალიაში 2 მილიონზე მეტი 30 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანი მშობლებთან ერთად ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სასამართლოსთვის მიმართვა იშვიათია მთელს მსოფლიოში, იტალიაში ეს უჩვეულო არ არის.

კომენტარები