რუსეთი

რუსეთმა "მასობრივი ბირთვული თავდასხმის" წვრთნები ჩაატარა

ბირთვული შესაძლებლობის მქონე მოძრავი სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი

რუსეთმა "მასობრივი ბირთვული თავდასხმის წვრთნები ჩაატარა – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ აღნიშნა, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადი ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, წვრთნები ჩატარდა "რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმის შესაბამისად, მოამზადონ მასობრივი ბირთვული დარტყმა მტრის ბირთვული დარტყმის საპასუხოდ".

ოფიციალური ცნობების თანახმად, Ярс-ის ტიპის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა არხანგელსკის რეგიონის პლესეცკის კოსმოდრომიდან კამჩატკის კურას პოლიგონზე გაუშვეს. გარდა ამისა, წვრთნების ფარგლებში Синева-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა ბარენცის ზღვიდან ბირთვული წყალქვეშა ნავიდან, Тула-დან გაუშვეს.

რუსეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის თქმით, სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნებში მონაწილეობდა ТУ-95МС-ის ტიპის ორი ბომბდამშენი. 

აქამდე, რუსეთის სახელმწიფო დუმის შემდეგ ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას მხარი რუსეთის ფედერაციულმა საბჭომაც დაუჭირა, 156 ხმით.

ფედერალური საბჭოს მტკიცებით, ახალი კანონი მათ "ბირთვული იარაღის კონტროლის სფეროში ვალდებულებების თანასწორობის აღსადგენად" მიიღეს. მიღებული დოკუმენტით, რუსეთს შეუძლია რატიფიცირებული შეთანხმება გააუქმოს, თუმცა, "ამავდროულად, დარჩეს ხელშეკრულების მონაწილე, ყველა გამომდინარე უფლებითა და ვალდებულებით".

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებულია. რუსეთმა ხელშეკრულებას 1996 წელს მოაწერა, რატიფიცირება კი 2000 წელს მოხდა.

5 ოქტომბერს, კლუბ ვალდაის სხდომაზე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების რატიფიკაციის უკან გაწვევაზე ისაუბრა. მომდევნო დღეს სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ პარლამენტის ქვედა პალატა რატიფიკაციის გაუქმებას განიხილავდა. შემდეგში დუმამ შეთანხმების დატოვებას მხარი დაუჭირა.

კომენტარები