კანონი მაუწყებლობის შესახებ

კახაძე მაუწყებლობის კანონზე: მედიის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს, ვერასოდეს

კადრი მთავარი არხის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ქართული ოცნების დეპუტატმა, ლადო კახაძემ მთავარი არხის ჟურნალისტთან კომენტარი გააკეთა მაუწყებლობის კანონზე, რომელმაც, შესაძლოა, მომავალში მედიის თავისუფლებას, ცენზურის სახით, საფრთხე შეუქმნას.

"ავტორებს ჰკითხეთ. მე არა ვარ ავტორი". – უპასუხა ოცნების დეპუტატმა ჟურნალისტის შეკითხვას კანონის შინაარსთან დაკავშირებით.

კახაძემ აღნიშნა, რომ ის "პროფესიონალების მიერ გამოტანილ" საკითხს ენდობა და პარალელი საკუთარ პროფესიასთან გაავლო.

"მომისმინეთ, როდესაც მე სამედიცინო დოკუმენტი გამომაქვს, იმდენი პასუხისმგებლობა მაქვს, რომ ჩემს ნათქვამსა და რეალიზმს შორის დელტა არ იყოს, ამიტომ მენდობა დარბაზი. მეც, როდესაც პროფესიონალებს გამოაქვთ ეგ საკითხი, თავისი სპეციალობით, მე მათ... [კანონპროექტს] კომიტეტი გავლილი აქვს, ნამსჯელია, ოპონენტებს ნამსჯელი აქვთ და ეს დოკუმენტი გამოდის". – თქვა კახაძემ.

კახაძემ მთავარი არხის ჟურნალისტი ტოტალური უნდობლობის დათესვის სურვილში დაადანაშაულა და ურჩია, არ შესულიყო "პოლემიკაში". 

"თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენ გინდათ დათესოთ ტოტალური უნდობლობა?... ჟურნალისტების მთავარი პრინციპი იცით რა არის? არ გეწყინოთ ოღონდ... ნებისმიერი საშუალებით ტივტივებდნენ საინფორმაციო ბადეში... მე ექიმი ვარ და ჟურნალისტებს არ დაგესიზმრებათ, ისეთი კითხვები მაქვს დასმული პაციენტებისთვის და რატომ, იცით? რომ მათში არსებული დაავადება აღმოვაჩინო და მასთან ერთად განვკურნო. თქვენ ეს არ გაინტერესებთ. თქვენ პირადად არ გიცნობთ, [ჟურნალისტების] დიდ ნაწილს [ვგულისხმობ]. ნუ შემოხვალთ პოლემიკაში, თორემ წააგებთ ყოველთვის. თავი არ შეირცხვინოთ". – უთხრა კახაძემ მთავარი არხის ჟურნალისტს.

როგორც ოცნების დეპუტატი განმარტავს, მან მხარი კანონპროექტს იმიტომ დაუჭირა, რომ დიდ დარბაზში კომიტეტის სახელით გამოვიდა.

"თუ მაგას მეტყვით, რატომ დავუჭირე მხარი დოკუმენტს, რომელიც პირადად წაკითხული არა გაქვს - ამხელა აუდიტორიაში გამოვიდა, კომიტეტის სახელით". – თქვა კახაძემ.

როგორც კახაძემ აღნიშნა, თავად აგებს პასუხს იმაზე, რასაც მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატმა თქვა, მან არ იცის მიაწოდეს თუ არა ოპოზიციას კანონპროექტი.

"ტრიბუნიდან გასცა ბატონმა, რომ მოგაწოდებთ (ოპოზიციონერებს კანონპროექტს) და ალბათ მიაწოდა, მე არ ვიცი... ამ დავალებას მე რატომ მაძლევთ ახლა, რომ მივიდე და შევამოწმო დოკუმენტი მივიდა თუ არ მივიდა? ამას მე მავალებთ ახლა? მე რასაც მივეცი ხმა, პასუხს ვაგებ... ჩემი პასუხისმგებლობა არის". – თქვა ოცნების დეპუტატმა.

როგორც კახაძე ირწმუნება, მედიის თავისუფლებას "ვერავინ, ვერასოდეს შეზღუდავს". მან უკმაყოფილება გამოთქვა ჟურნალისტის მაგალითზე, რომ მედია რუსეთში შეიზღუდა და თქვა, რომ ამ ქვეყანას საერთოდ არ ახსენებს, რადგან მას მიიჩნევს მტრად, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია წაიღო.

"მედიის თავისუფლებას ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ვერავინ, ვერასოდეს, ვერასოდეს! ... ცივილიზებულ, ნორმალურ ქვეყანას ვგულისხმობ. თქვენგან განსხვავებით, მე რუსებს საერთოდ არ ვახსენებ... რატომ ახსენებთ ამ სახელს?... მე ამის გარეშე ვფიქრობ, ჩემთვის ეს არის მტერი, რომელმაც ჩემი ქვეყნის ტერიტორია წაიღო". – თქვა კახაძემ.


მაუწყებლობის კანონპროექტით იცვლება "სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის" გავრცელებასთან დაკავშირებით თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი. კერძოდ, დაინტერესებულ პირს უფლება ექნება, თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაასაჩივროს. დარღვევის დადგენის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას უფლება ექნება, მაუწყებელი დააჯარიმოს.

გარდა ამისა, კანონის ახალ რედაქციაში ქართული ოცნების დეპუტატებმა "უხამსობის" პუნქტი მოქმედი კანონმდებლობის 56-ე მუხლიდან ამოიღეს, უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა) და კომუნიკაციების კომისიის განსჯას დაუქვემდებარეს.

"მაუწყებელს ეკრძალება შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებისა და შესაბამისი საეთერო დროის განსაზღვრის გარეშე ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში ისეთი მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვნის ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას, აგრეთვე მის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას და სოციალიზაციას.

იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროგრამა ან რეკლამა (გარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა შემლახავი პროგრამისა ან რეკლამისა) შეიძლება განთავსდეს მხოლოდ კოდირებული ფორმით, მომხმარებელთან ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.“ - წერია კანონპროექტში.

ქართული ოცნების დეპუტატების მტკიცებით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილების მიღებით, ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის მე-7 პუნქტი შესრულდება.

"2022 წლის დეკემბერში ევროკომისიამ გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ასახული იყო, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება იმისთვის, რომ საქართველოს პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მედიის ნაწილში მონაწილეობა გაეგრძელებინა." - თქვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა.

ვრცლად მაუწყებლობის კანონპროექტის შესახებ წაიკითხეთ აქ – ვინ გადაწყვეტს, რა ხამს და რა უხამს მაუწყებლებს.

კომენტარები