ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

დაგვაღალატეთ – იერუსალიმის უნივერსიტეტის წერილი ჰარვარდისა და სტენფორდის პრეზიდენტებს

ისრაელზე ჰამასის თავდასხმებზე სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტების "შოკისმომგვრელად სუსტი" გამოხმაურებების პასუხად, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, აშერ კოენმა, რექტორმა, თამირ შეაფერმა და პროფესორმა, ბარაკ მედინამ აღნიშნული სასწავლებლების ხელმძღვანელებს წერილი გაუგზავნეს. მასში მკაცრი ფორმულირებითაა ნათქვამი, რომ ჰამასის სასტიკი თავდასხმის ფონზე "ბალანსის" შენარჩუნება და ტერორისტების ქმედებების რაიმე სახით გამართლება მიუღებელია.

"7 ოქტომბერს ჰამასმა, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც ღაზის სექტორის დე ფაქტო მმართველია, ისრაელის ებრაელი მოსახლეობის გენოციდისთვის ათასზე მეტი მებრძოლი გამოაგზავნა. ჩვენთვის შემაძრწუნებლად, ჰამასმა თავისი ავი მოტივი ძალზე წარმატებულად განახორციელა. სულ მცირე, 1 000 ისრაელელი და უცხოელი მოკლეს, კიდევ ათასობით მძიმედ დაიჭრა (მათ შორის ქალები და ახალგაზრდა გოგოები, ვინც მხეცურად გააუპატიურეს), ასობით კი მძევლად წაიყვანეს (მათ შორის, თოთო ბავშვები და 80 წელს გადაცილებული მოხუცი ქალები)... ეს აქტივობები უტოლდება და გარკვეულწილად აღემატება კიდევაც წინა წლებში ISIS-ის მიერ ჩადენილს.

ჰამასის ლიდერების მკაფიო განცხადებები, ისევე, როგორც მათი ქმედებები, ცხადყოფს, რომ მასობრივი მკვლელობები ისრაელში ებრაელების განადგურებას ისახავდა მიზნად. არ არის აუცილებელი საერთაშორისო სამართლის ექსპერტი იყო, რომ გააცნობიერო გენოციდის ამ დანაშაულის უკიდურესი ამორალურობა. მხოლოდ საბაზისო საღი აზრი და მინიმალური პატიოსნებაა საჭირო.

თქვენს განცხადებაში ვერ შეძელით ამ ყველაფრის ასახვა... პატივისცემის მიუხედავად, სიბრძნის შუქურისგან მსოფლიოს მეტი სჭირდება, თუნდაც თქვენი საზოგადოების ზოგიერთ წევრს ამ სისასტიკეებზე ამორალური პოზიცია ჰქონდეს.

ისრაელის სახელმწიფო თავდასხმებს პასუხობს სამხედრო კამპანიის წამოწყებით, რომელიც მიზნად ისახავს ჰამასის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, როგორც პრევენციულ ღონისძიებას. როგორც ნებისმიერ სამხედრო ოპერაციაში, როგორიც არ უნდა იყოს ის, პრევენციული ღონისძიებები ექვემდებარება მოთხოვნას, მშვიდობიან მოსახლეობაში, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ, არასაჭირო მსხვერპლი გამოირიცხოს. შეიძლება ვინმემ ისრაელს თავისი მოვალეობები შეახსენოს და გააკრიტიკოს, თუ აღმოაჩენს რომ ის ამ ვალდებულებას არღვევს. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა გადაიჭრას მაშინ, როდესაც შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება. ეს ფაქტობრივი გაურკვევლობა ჰამასის მიერ მოწყობილი ხოცვა-ჟლეტისადმი მორალურად ფარდობითი მიდგომის გამართლება ვერ იქნება". - ვკითხულობთ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტების პრეზიდენტებისთვის, კლოდინ გეისა და რიჩარდ სალერისთვის გაგზავნილ წერილებში.

წერილის ბოლოს ავტორები აღნიშნავენ, რომ უნივერსიტეტებმა ისინი დააღალატეს "არა მარტო როგორც ისრაელელები, რომლებიც გენოციდს დაქვემდებარების გარდაუვალი საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ, არამედ, როგორც აკადემიური ინსტიტუტების მმართველები, რომლებიც კოლეგებისგან უფრო მაღალ მორალურ სტანდარტსა და მეტ გამბედაობას მოელიან".

ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰარვარდისა და სტენფორდის უნივერსიტეტებმა დამოუკიდებელი განცხადებები გაავრცელეს, რომლებშიც ტერორისტების ქმედებები მკაცრად დაგმობილი არ იყო.

ამასთან, მიმდინარე კვირაში ჰარვარდის პროპალესტინელი სტუდენტების ჯგუფმა დამოუკიდებელი განცხადებაც გაავრცელა, სადაც თავდასხმაში ისრაელი დაადანაშაულა. წერილს უნივერსიტეტის ათობით სტუდენტი აწერდა ხელს. მოგვიანებით, ზოგიერთმა მათგანმა ხელმოწერა უკან წაიღო.


ღაზას სექტორიდან ჰამასის ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით ტერორისტებმა ასობით რაკეტა ისროლეს, პარალელურად კი სამხრეთით მდებარე ქალაქებში შეიჭრნენ. 

თავდასხმა ერთდროულად ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან განხორციელდა. ისრაელისთვის ეს სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. 

თავდასხმის თარიღამდე ერთი დღით ადრე შესრულდა იომ კიპურის ომის (ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის) 50 წლისთავი - ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევითობა არ არის.

ჰამასის ტერორისტებმა დახოცეს ისრაელის ასობით მოქალაქე, მათ შორის, ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ტყვედ აიყვანეს ისრაელის ჯარისკაცები და სამოქალაქო პირები. ტერორისტები ტყვეებს, მათ შორის, ბავშვებს არაადამიანურად ეპყრობიან. მათი ნაწილი ღაზის სექტორში ბრბოს თვალწინ, აღლუმით ჩამოატარეს და ვიდეოები გაავრცელეს. 

საპასუხოდ ისრაელმა ჰამასის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშების მიტანა დაიწყო.

8 ოქტომბერს ისრაელმა საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოაცხადა. პრემიერმინისტრი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ჰამასი "ძლევამოსილი შურისგებისთვის" უნდა მოემზადოს. ღაზის სექტორში მცხოვრებლებს ისრაელი ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები