ცვლილებები რეგლამენტში

პაპუაშვილი: ღია კენჭისყრის პროცესი ხელს შეუწყობს პარლამენტის გამჭვირვალობას

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილების თანახმად, კონსტიტუციით გათვალისწინებული შემთხევევის გარდა, კენჭისყრა ღია წესით ჩატარდება. დახურული კენჭისყრის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის დროს იქნება გამოყენებული - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ღია კენჭისყრის პროცესი ხელს შეუწყობს საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობას. 

"იცით, რომ ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გავხსენით კენჭისყრა. ასე რომ, თუ შეხედავთ სიას, მაგალითად, ფარულია საქსტატი, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრების არჩევა რატომღაც ფარულია, კომუნიკაციის კომისიის არჩევა არის ღია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევა ფარულია და უზენაესი სასამართლოს არჩევა – ღია. ანუ, ლოგიკა არ არის და ამიტომაც, ვფიქრობ, ეს პირიქით, წაადგება გამჭვირვალობას.

ეს არგუმენტი არ არის ვალიდური, ვინაიდან მაშინ რა ლოგიკით არის ფარული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლის არჩევა, ანუ აქ უნდა დავიცვათ დეპუტატი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს არ სჭირდებათ დაცვა? არ არის ეს ლოგიკა აქ ჩადებული, ამიტომაც ეფუძნება კონსტიტუციურ ლოგიკას, რაც კონსტიტუციაშია ფარული, იქნება ფარული". - თქვა შალვა პაპუაშვილმა. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ცვლილებების მიხედვით, თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება პარლამენტში ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია წესით მოხდება.

ამასთან ერთად, მათივე ცნობით, ღია კენჭისყრის წესი, მათ შორის, თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზეც გავრცელდება.

კომენტარები