აზია

ფილიპინები აშშ-სთან და პარტნიორებთან ერთად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნებს ატარებს

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთსა და ფილიპინებს შორის დაძაბულობის ფონზე, აშშ ფილიპინებთან და სხვა პარტნიორებთან ერთად საზღვაო სამხედრო წვრთნებს ატარებს. 

წვრთნებში, სახელად Sama Sama 2023, აშშ-სა და ფილიპინების გარდა ჩართულია მალაიზია, გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი და იაპონია. 

"ერთად ჩვენ შეგვიძლია ვიზრუნოთ უსაფრთხოების მიმართულებით გამოწვევების მთელ სპექტრზე და გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გამომდინარე იქიდან, რომ წრთვნბში ჩართულია იმაზე მეტი ქვეყანა, ვიდრე ოდესმე იყო ჩართული, ჩვენ შეგვიძლია შემოვიღოთ მეტი ინოვაცია და შევქმნათ გამზადებული, ერთიანი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონში სტაბილურობას". – ამბობს აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანი.

ფილიპინებსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც  ფილიპინებმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სკარბოროს შელფთან ჩინეთის აღმართული 300 მეტრის სიგრძის მცურავი ბარიერი გაარღვია. ჩინეთმა ფილიპინების ქმედება გააკრიტიკა და მოუწოდა, შეეშვას პროვოკაციებსა და პრობლემების შექმნას. 

"ჩინეთი მყარად იცავს ჰუანგიანის კუნძულის (სკარბოროს შელფი) სუვერენიტეტსა და საზღვაო უფლებებს. ჩვენ ვურჩევთ ფილიპინებს, არ შექმნას პროვოკაციები და პრობლემები". – თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ვანგ ვენბინმა.

ფილიპინების სანაპირო დაცვის სპიკერის, კომოდორ კაი ტარიელას მიხედვით, ჩინეთის მიერ აღმართული ბარიერები ფილიპინურ სათევზაო ნავებს შელფთან მისვლის საშუალებას არ აძლევს და ხელს უშლის თევზაობაში.

"მათ შესაძლოა კვლავ დააბრუნონ მცურავი ბარიერები და გააგრძელონ სახიფათო ქმედებები". – ამბობს ტარიელა CNN-თან. 

სკარბოროს შელფი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ერთ-ერთი მთავარი სათევზაო ტერიტორიაა, რომელიც ფილიპინებისგან 370 კილომეტრში მდებარეობს და საერთაშორისო საზღვაო კანონის მიხედვით, ფილიპინების ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას ეკუთვნის.

თუმცა, წლების მანძილზე აღნიშნული შელფი ტერიტორიული დავის საგნად არის ქცეული. ჩინეთი, ცნობილი "9-პუნქტიანი ხაზის" ფარგლებში სამხრეთ ჩინეთის ზღვის დიდ ნაწილს, მათ შორის სკარბოროს შელფსაც, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.

კომენტარები