საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირისგან ახალ გადაწყვეტილებას ველით, რიგში არც ისე წინ ვართ

საქართველო-ევროკავშირი

ევროკავშირისგან ახალ გადაწყვეტილებას ველით, რიგში არც ისე წინ ვართ

რამდენადაც ირონიულად არ უნდა ჟღერდეს, საბჭოთა კავშირის ლიდერები – დაწყებული სტალინიდან დამთავრებული ბრეჟნევით – ღირსნი არიან მედლებით დაჯილდოვდნენ ევროინტეგრაციისთვის გაწეული სამსახურისთვის. იგივე შეიძლება ითქვას კონტინენტის უმეტეს ავტორიტარზე მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული. ევროპა ყოველ ჯერზე მხოლოდ ომმა, შიშმა ან ომის შიშმა გააერთიანა. ასე იყო ევროკავშირის შექმნის დროს და მისი შემდგომი გაფართოების პერიოდშიც.

ახლაც, თუ ჩვენი ფანჯრიდან გადავხედავთ, უმეტესობამ, ვინც ბლოკის კარზე აკაკუნებს, მოსაცდელ ოთახში დაჯდომის უფლება ჯერ იუგოსლავიის სისხლიანი ომების (დასავლეთ ბალკანეთი), შემდეგ კი სულ ახლახან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის ფონზე მიიღო (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო).

უკრაინაში რუსეთის აგრესიამ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ერთი შეხედვით მკვეთრად შეცვალა. მეორე ამბავია, ეს ცვლილება მხოლოდ ერთი შეხედვით გვეჩვენება ასეთად, თუ მართლაც უნდა ველოდოთ რაიმე განსხვავებულს. ის, რაც ადრე ევროპელი ბიუროკრატებისთვის მარტივად იფარებოდა დაბალი რისკის გადაწყვეტილებებით და ტექნოკრატიული პროცესებით, 2022 წლის ზაფხულში თავდაყირა დადგა. ბლოკმა განაცხადის შეტანიდან 3 თვის შემდეგ უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს ე.წ. ევროპული პერსპექტივა (რაც, გაგიკვირდებათ და, ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის სახელმძღვანელოებში ცალკე ეტაპად არსადაა მოხსენიებული).

ევროკავშირმა სტატუსის მინიჭების შემდეგ გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინას 7, ხოლო  მოლდოვას 9 მოთხოვნა წაუყენა. პარალელურად, საქართველომ 12 პირობა მიიღო, თუმცა ამ შემთხვევაში წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ლოგიკურია, რომ გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე რუსეთის მიჯნაზე მოქცეული ამ სამი სახელმწიფოსთვის მსგავსი გადაწყვეტილების მიღება პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო, თუმცა ეს არ ცვლის იმ ფაქტს, რომ თითოეულ ქვეყანას წევრობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ მრავალი პირობის დაკმაყოფილება მოუწევს. თანაც, უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ყოველთვის იქვე აღარ იქნება.

არსებობს მოსაზრება, რომ ომთან ადაპტირებული ევროკავშირისთვის უკრაინა და მოლდოვა უკვე შეუერთდნენ კანდიდატების "მოსაცდელ ოთახს", სადაც თურქეთი და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები უკვე ათწლეულებია იმყოფებიან. სანამ ამ დერეფნებში ახლახან შესულ ე.წ. ასოცირებულ ტრიოზე გადავალთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ამჟამინდელი კანდიდატი ქვეყნისთვის საქმე ერთ პრობლემასთან გვაქვს – თითოეულისთვის პოლიტიკური კონტექსტი განსხვავებულია, შესაბამისად აბსოლუტური კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღების წესის მქონე ევროკავშირისთვის მათი გაწევრიანება ტექნიკურზე მეტად პოლიტიკური გადაწყვეტილებების დღის წესრიგის ნაწილია. ადრე თუ გვიან, ეს მნიშვნელოვანი საკითხი გახდება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვისაც.

სად არიან ისინი, სად ვართ ჩვენ

ევროკომისიის შეფასების სქემა: (1) პირობა შესრულებულია; (2) მიღწეულია კარგი პროგრესი; (3) მიღწეულია გარკვეული პროგრესი; (4) მიღწეულია მცირე პროგრესი; (5) პროგრესი საერთოდ არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი თითქმის წელიწად-ნახევრის წინ მიიღეს, ევროკავშირში გაწევრიანების ძირითადი მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა. შესაძლოა, მოლაპარაკებების დასაწყებად რეკომენდაცია ევროკომისიამ 2023 წლის ოქტომბერში გასცეს, თუმცა ამისთვის ქვეყნებმა წინაპირობები უნდა დააკმაყოფილონ:

ევროკავშირის პირობები უკრაინას:

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმა;
  2. მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა;
  3. ანტი-კორუფციული რეფორმა;
  4. ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რეფორმა;
  5. დეოლიგარქიზაცია;
  6. მედიის თავისუფლება;
  7. უმცირესობების უფლებების დაცვა.

2023 წლის ზაფხულში ევროკომისიის შუალედური შეფასებით, უკრაინამ 7-დან სრულად შეასრულა 2 პირობა – გაატარა მართლმსაჯულების რეფორმა და მიიღო მედიისთვის საჭირო კანონმდებლობა. ამასთან, უკრაინამ კარგი პროგრესი აჩვენა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმაში და ჰქონდა გარკვეული პროგრესი დარჩენილ 4 პუნქტშიც.

ევროკავშირის პირობები მოლდოვას:

  1. სასამართლო რეფორმა;
  2. ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნების გათვალისწინება;
  3. კორუფციასთან ბრძოლა;
  4. დეოლიგარქიზაცია;
  5. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა;
  6. საჯარო ადმინისტრირების რეფორმა;
  7. საჯარო შესყიდვების რეფორმა;
  8. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  9. ადამიანის უფლებების დაცვა

ევროკომისიის შუალედური შეფასებით, მოლდოვამ 9-დან სრულად შეასრულა 3 პირობა –  მართლმსაჯულების რეფორმაში გაითვალისწინა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები, გააფართოვა პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და გააძლიერა ადამიანის უფლებების დაცვა. ამასთან, მოლდოვამ კარგი პროგრესი აჩვენა სასამართლო რეფორმაში, დეოლიგარქიზაციისა და საჯარო შესყიდვების/ფინანსების მენეჯმენტის პირობების შესრულებისას. ევროკომისია ზაფხულში თვლიდა, რომ მოლდოვამ ასევე გარკვეულ პროგრესს მიაღწია დარჩენილი 3 პირობის შესრულებაშიც.

ევროკავშირის პირობები საქართველოს:

  1. პოლიტიკური დეპოლარიზაცია;
  2. სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, საარჩევნო სისტემა;
  3. სასამართლო რეფორმა;
  4. ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა;
  5. დეოლიგარქიზაცია;
  6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა;
  7. მედია გარემოს გაუმჯობესება;
  8. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა;
  9. გენდერული თანასწორობა;
  10. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა;
  11. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია;
  12. სახალხო დამცველის ინკლუზიური პროცესით დანიშვნა.

ევროკომისიის შუალედური შეფასებით, რომელიც სექტემბერში თბილისში ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაიმეორა ვიცეპრეზიდენტმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს 12-დან მხოლოდ 3 პირობა აქვს შესრულებული – მათ შორისაა გენდერული თანასწორობა, და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია და სახალხო დამცველის არჩევა. მათივე შეფასებით, საქართველომ გარკვეულ პროგრესს მიაღწია 7 პირობის შესრულებაში, მათ შორისაა (1) პოლიტიკური პოლარიზაცია, (2) სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება, (3) სასამართლო რეფორმა, (4) ანტი-კორუფციული ბიუროს შექმნა, (5) ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, (6) მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა და (7) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ დეოლიგარქიზაციის პუნქტის შესასრულებლად ძალიან მცირე პროგრესს მიაღწია, ხოლო მედია პლურალიზმის ხელშესაწყობად პროგრესი საერთოდ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ პირობებში მცირე და ნულოვანი პროგრესის ნიშნულით კომისიამ მხოლოდ საქართველო შეაფასა.

უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევებში ნათლად ვხედავთ, რომ სამართლებრივად ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების პროცესი შედარებით მარტივი პროცესია – მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლებისთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩოების მიღება პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა სხვა ამბავია პირობები, სადაც ჩართულია ბიზნეს და სამოქალაქო სექტორი.

საქართველოს შემთხვევაში საქმე სხვა სცენართან გვაქვს. ქართული ოცნების ხელისუფლებას უწევდა და უწევს გადადგას ნაბიჯები დასავლური ინტეგრაციისკენ და ამტკიცოს, რომ პროდასავლურია, რადგან ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას სწორედ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია სურს, შესაბამისად, ეს ნაბიჯებიც ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება.

მაგრამ რა ხდება, როცა დასავლეთი და ამ შემთხვევაში ევროკავშირი იმგვარ პირობებს გიყენებს, რომელთა აღსრულებაც შენი ძალაუფლების დაკარგვას ნიშნავს? ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში: გვყავს რუსული რეჟიმი, ვითხოვთ კანდიდატის სტატუსს

თუ პოლიტიკურ კონტექსტს ცოტა ხნით გვერდზე გადავდებთ და ჭეშმარიტი პრაგმატულობით შევხედავთ, მაგალითად უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება ბლოკისთვის ბოლო ათწლეულის უდიდესი ნაბიჯი იქნება. უკრაინა მოლდოვაზე და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე გაცილებით დიდი მასშტაბის და შესაძლებლობების მქონე ქვეყანაა, თუმცა აქვს პროპორციული საჭიროებებიც.

ევროკავშირს პოლონეთის შემდეგ თითქმის 40-მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა ბლოკში 2000-იანი წლების დასაწყისის შემდეგ აღარ მიუღია, თანაც მას მოჰყვება უზარმაზარი სოფლის მეურნეობის სექტორი და დიდი ინდუსტრიული პოტენციალი. შესაბამისად, უკრაინის მისაღებად ევროკავშირს მოუწევს გადახედოს მის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას და დაიწყოს ინდუსტრიული სექტორის რეფორმა. ეს დიდ გავლენას მოახდენს ფინანსური რესურსების და სუბსიდიების გადანაწილებაზე წევრ ქვეყნებს შორის. რამდენიმე ქვეყანა ბლოკის ბენეფიციარებიდან კონტრიბუტორის პოზიციაზე გადასვლას შეძლებს. სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით ძლიერი უკრაინის გაწევრიანება ხელს შეუწყობს ევროკავშირს, გააუქმოს არსებული ფართობზე დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო სუბსიდიები, რაც დიდ სარგებელს მოუტანს მიწის მსხვილ მესაკუთრეებს და დიდ აგროინდუსტრიულ კონგლომერატებს. გაფართოების შემდეგ, კავშირის წილი ხორბლის გლობალურ ექსპორტში დაახლოებით 30% იქნება, რაც ევროკავშირს მსოფლიო ბაზარზე დომინანტურ მოთამაშედ აქცევს. 

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეკონომიკური მოტივიც ექნება და სავარაუდოა, რომ ამ გზაზე მოლდოვაც მასთან იქნება, მეტწილად მისი მცირე მასშტაბისა და პროდასავლური ხელისუფლების გამო.

მეორე მხრივ, ბლოკისთვის სარგებლიანია საქართველოს გაწევრიანებაც – ყველაზე მეტად სატრანზიტო ფუნქციისა და შავი ზღვის მოცვის მასშტაბის ზრდის გამო. ტრანზიტის ფუნქციამ ახალი როლი შეიძინა ევროკავშირის მიერ შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის დაფინანსებითაც. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ აქ თავისი როლი აქვს შესაბამის სულისკვეთების მქონე ხელისუფლის არსებობაც.

თუ 2023 წლის ბოლოს საქართველო ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ქართული საზოგადოების დაახლოებით, 85%-ის პირდაპირი ნების აღსრულება იქნება, თუმცა ნამდვილად არ იქნება რეკომენდაციების შესრულების შედეგი. სავარაუდოა, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში საქმე ბოლო დროს ევროკავშირში გაფართოების პოლიტიკის სფეროში დაწყებულ შერბილებულ პოლიტიკურ იმპულსთან გვექნება. კანდიდატის სტატუსს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში გასულ წელს ბლოკმა ერთგვარად ფასი შეუმცირა, რაც სხვა არაერთ ფაქტორთან ერთად ნათლად გამოჩნდა ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის სტატუსის მინიჭებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას 2019 წელს მიღებული 14 პირობა სრულად ჯერ კიდევ არ შეუსრულებია. მეორე მხრივ, უფრო ფართო სურათში თუ შევხედავთ, დღეს უკვე კანდიდატის სტატუსი აქვს ყველა ქვეყანას, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი წარადგინა და ტექნიკურ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. გამონაკლისი საქართველოს გარდა მხოლოდ კოსოვოა, ხოლო თუ ამ ორი ქვეყნის განსხვავებულ საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს გავითვალისწინებთ, მოსალოდნელია, რომ კანდიდატობის მქონეთა მოსაცდელ ოთახს საქართველოც შეუერთდება. აქ მთავარი კითხვა ისაა, რამდენ ხანს მოუწევს საქართველოს ამ ოთახში ყოფნა.

კარამდე მიაღწიე, მაგრამ იქ რიგია

ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების (რასაც საქართველო ჯერ კიდევ ელოდება) შემდეგი ნაბიჯი, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან (acquis) ქვეყნის დაახლოებაა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები ყველა ჩარჩოში დასრულდება, ევროკომისია კიდევ ერთხელ წარადგენს აზრს გაწევრიანებისთვის ქვეყნის მზადყოფნის შესახებ. წევრი ქვეყნებისა და ევროპარლამენტის დასტურის შემდეგ ქვეყანას გაწევრიანების ხელშეკრულება ფორმდება, იგი უნდა რატიფიცირდეს ყველა წევრი სახელმწიფოს მიერ და საბოლოოდ ქვეყანა ევროკავშირში წევრიანდება. 

ევროკავშირის ამჟამინდელი 21 წევრის (დამფუძნებელი წევრების გარეშე) ბლოკში გაწევრიანების საშუალო დრო 9 წელია. რა თქმა უნდა, თითოეული ქვეყნის შემთხვევაში ვადები განსხვავებულია და დამოკიდებულია ქვეყნის მზაობაზე, საჭირო რეფორმების რაოდენობაზე, გლობალურ პოლიტიკასა და სხვა ფაქტორებზე. ევროკავშირის 9 წევრისთვის გაწევრიანებას 10 ან მეტი წელი დასჭირდა. კვიპროსისა და მალტისთვის პროცესი დაახლოებით 14 წელს გაგრძელდა, რაც ყველაზე გრძელვადიანი შემთხვევაა. მეორე მხრივ, ფინეთსა და ავსტრიას ამ გზის გასავლელად მხოლოდ 3 წელზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდათ.

ევროკავშირის წევრ ქვეყნების უმრავლესობას განაცხადის შეტანიდან კანდიდატობის მიღებამდე საშუალოდ 3-4 წელი დასჭირდათ (უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევა უპრეცედენტო იყო, იგივე მოლოდინები არსებობს საქართველოსთვისაც), ხოლო ამის შემდეგ დაწყებული გაწევრიანების მოლაპარაკებები საშუალოდ 4 წელს გრძელდებოდა. მოლაპარაკებებს 5 ან მეტი წელი დასჭირდა 11 წევრის შემთხვევაში. ყველაზე დიდხანს პროცესი პორტუგალიასთან – 6.7 წელს გაგრძელდა, მას მოსდევს ესპანეთი 6.3 წლით და ხორვატია 6.2 წლით. მეორე მხრივ, ყველაზე სწრაფი მოლაპარაკებების პროცესი ავსტრიის, ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში იყო და მას მხოლოდ 1.3 წელი დასჭირდა.

ევროკავშირის გაფართოების ტალღები და მასში ქვეყნების ინტეგრაცია საკმაოდ ასიმეტრიულია. ეს ჩანს არა მარტო არსებული წევრების გამოცდილების ანალიზით, არამედ მიმდინარე კანდიდატების ინტეგრაციის ქრონოლოგიის გადახედვითაც. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ევროკავშირი ბოლოს 2013 წელს, ისიც მხოლოდ ერთი წევრით გაფართოვდა, კიდევ ერთხელ იწევა წინა პლანზე ევროკავშირის გადაღლილობის კონცეფციაც. არსებობს მოლოდინი, რომ კანდიდატებს, რომლებიც ამჟამად ევროპის კონტინენტის ყველაზე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს წარმოადგენენ, შესაძლოა, კანდიდატის სტატუსის ქვეშ ყოფნა უფრო დიდ ხანს გაუგრძელდეთ.

ამჟამად ევროკავშირს წევრობის 8 კანდიდატი ჰყავს. მათ შორის სტატუსი ყველაზე ადრე, 1999 წელს თურქეთმა მიიღო, შესაბამისად, ის ყველაზე სტაჟიანია, მაგრამ ამავე დროს ყველაზე უიმედო (ორმხრივად) კანდიდატია. მას მოჰყვა ჩრდილოეთ მაკედონია 2005 წელს, მონტენეგრო – 2010 წელს, სერბეთი – 2012 წელს, ალბანეთი – 2014 წელს. 2022 წელი ბოლო ათწლეულებში ევროკავშირის გაფართოების ისტორიისთვის უპრეცედენტო წელი იყო – ამ წელს კანდიდატის სტატუსი სამ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას მიენიჭა.

თურქეთისთვის გაწერვიანების მოლაპარაკებები 2005 წელს (კანდიდატის სტატუსის მიღებიდან 6 წლის შემდეგ) დაიწყო, თუმცა ათწლეულის განმავლობაში გაუარესებული ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა და პოლიტიკური პოზიციონირების გამო 2019 წელს ევროპარლამენტთან თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებები გაყინა.

ჩრდილოეთ მაკედონიისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებები 2022 წელს (კანდიდადატობის მიღებიდან 17 წლის შემდეგ) დაიწყო. მოლაპარაკებები იმავე წელს გაიხსნა ალბანეთისთვისაც (სტატუსის მიღებიდან 8 წლის შემდეგ). სერბეთმა და მონტენეგრომ მოლაპარაკებების დაწყება კანდიდატის სტატუსის მიღებიდან (2010-2012) 2 წელში შეძლეს, თუმცა თითქმის დეკადის გასვლის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პროცესის შემდგომ სისწრაფეში ნამდვილად არ ასახულა.

ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ დაწყებულა 2022 წელს სტატუს მინიჭებულ უკრაინასთან, მოლდოვასთან და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ მოლაპარაკებები, შესაძლოა, არც ისე ახლოს იყოს, რაც თავისთავად კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს გზის სიგრძესაც.

გადამწყვეტი ხმების მქონეთა პოზიციები

უკრაინაში ომის დაწყებიდან 1 წელი და 7 თვე გავიდა. ბრიუსელსა და ევროპის სხვა არაერთ დედაქალაქში პოლიტიკური მხარდაჭერა და გულმხურვალე გამოსვლები განელდა. აზრები განსაკუთრებით გაიყო 2023 წლის ზაფხულში ევროკომისიის შუალედური შეფასების წარდგენის შემდეგ, რომლის თანახმადაც უკრაინას 7-დან სრულად მხოლოდ 2 პირობა აქვს შესრულებული. როგორც ყოველთვის, პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები უკრაინისთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას ითხოვენ. ამავე პოზიციაზე არიან შვედეთი, ავსტრია და რუმინეთიც, პასიური ჩართულობისა და უკანასკნელის შემთხვევაში მოლდოვის კონტექსტის გამო. მეორე მხრივ, მაგალითად, გერმანიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში სულ უფრო მეტი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება რაციონალურ, ტექნიკურ კრიტერიუმებს უნდა ეფუძნებოდეს. ევროკავშირი ანონიმური წყაროები უკვე იმასაც კი ამბობენ, რომ მათ უკრაინელებისთვის "გიჟური მოლოდინები" შექმნეს, რადგან "მათ ჰგონიათ, რომ ევროკავშირის ნაწილი ომის დასრულებისთანავე გახდებიან".

საქართველოს შემთხვევაში ცალკე გამოსაყოფია უნგრეთის ფაქტორიც. განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებს შორის კავშირები გააქტიურდა, რაც, ერთი მხრივ, საქართველოს დემოკრატიული და დასავლური ღირებულებებისთვის კარგის მომასწავებელი ნამდვილად არ არის, თუმცა, მეორე მხრივ,  არსებობს მოსაზრება, რომ ვიქტორ ორბანის მთავრობა ევროკავშირში მისი მსგავსი იდეოლოგიის მქონე ახალი მოკავშირისთვის სტატუსის მინიჭებას აქტიურად დაუჭერს მხარს, თანაც უკრაინისა და მოლდოვის წინსვლის მხარდაჭერით ვაჭრობის გზით.

არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ტრიომდე უკვე ათწლეულია მოსაცდელ ოთახში დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები არიან და ახალბედა კანდიდატებამდე მათი გვერდის ავლით მოსვლა თითქმის შეუძლებელი იქნება. დასავლეთ ბალკანეთის კანდიდატების შემთხვევაში პრობლემები მრავალგვარია, მაგრამ ძირითადად საქმე წევრ ქვეყნებს შორის კონსენსუსის არარსებობასა და ნაციონალისტურ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე. გარდა შეუსრულებელი პირობების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების გრძელი პროცესისა, მაგალითად, ჩრდილოეთ მაკედონიის ინტეგრაციას ბულგარეთი აფერხებს; სერბეთის შემთხვევაში ერთდროულად პრობლემა გვაქვს დემოკრატიის სტანდარტებთან და ევროკავშირში კოსოვოს შესახებ გაყოფილ (22/5) აზრთან; ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა ჩვიდმეტი წლით გაიწელა საბერძნეთის, საფრანგეთისა და ბულგარეთის ვეტოების გამო. იგივე პროცესი მიმდინარეობს თურქეთს, კვიპროსსა და საბერძნეთს შორისაც და ასე შემდეგ.

შიდა პრობლემები ასევე გრძელდება მონტენეგროში, ალბანეთში და ბოსნია-ჰერცეგოვანში. ბლოკის დიდი ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანების საკითხის გაყოფა რთული იქნება, ხოლო ევროკავშირს ყველა მათგანის ერთიანად მიღების რესურსი არ გააჩნია.

გარდა ლოკალური პოლიტიკური დაპირისპირებისა, კანდიდატი ქვეყნების სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტექსტის გათვალისწინებით მათი შემდგომი ინტეგრაციის შესახებ აზრთა ერთიანობა შეინიშნება ევროკავშირის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებში. მაგალითად, 2022 წელს YouGov-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის მოსახლეობა მეტწილად ემხრობა უკრაინის, მონტენეგროსა და ჩრდილოთ მაკედონიის ბლოკში გაწევრიანებას. მეორე მხრივ, იმავე ქვეყნების მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა სერბეთის, ალბანეთისა და თურქეთის უფრო ღრმა ინტეგრაციას.

აქ ჩნდება მთავარი კითხვა, როდის იქნება, ან თუ იქნება ევროკავშირი მზად, რომ 27-დან 35 წევრამდე ავიდეს. ამას პირველ რიგში შეეწინააღმდეგებიან ბლოკში კონტრიბუტორი ქვეყნები, რადგან ევროკავშირის კრიზისების ერთ-ერთი მთავარი წყარო უკვე დიდი ხანია არის რესურსებისა და სარგებლის განაწილების ასიმეტრიულობა.


2023 წლის ოქტომბრის ბოლოს ევროკომისია წევრობის კანდიდატი და აპლიკანტი ქვეყნების პროგრესის შესახებ მორიგ დასკვნასა და რეკომენდაციას წარადგენს. კომისიის შეფასებაზე დაყრდნობით წლის ბოლოს ევროპული საბჭო კენჭს უყრის ქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებას. 

ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, საქართველოსთვისაც შეიძლება მოვლენები სხვადასხვა სცენარით განვითარდეს, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ კონტინენტზე გეოპოლიტიკური სიტუაციის და ევროკავშირის შიდაპოლიტიკური ცვლილებების გამო (და არა რეკომენდაციების შესრულების) საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, რასაც ქვეყნის მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება. მეორე მხრივ, ამ პირობებში მნიშვნელოვანია გააზრებული გვქონდეს რა ხდება ქვეყნის შიგნით და გარეთ მას შემდეგ, რაც მოსაცდელი ოთახის კარს საბოლოოდ შევაღებთ.

კომენტარები