რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სნაიდერი: სტალინივით, პუტინიც გენოციდს სჩადის იმის გადაწყვეტით, თუ ვინ მიიღებს საკვებს

Julia Reinhart/Getty Images

ამერიკელმა ისტორიკოსმა ტიმოთი სნაიდერმა Ukrainska Pravda-სთან ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და გენოციდზე, რომელსაც რუსეთი სჩადის. 

ტიმოთი სნაიდერი ხსნის, რომ გენოციდი სამართლებრივი შეფასებაა, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება. პირველი კომპონენტია მიზანი: სურს თუ არა აქტორ სახელმწიფოს სხვა ერის სრული განადგურება. სნაიდერის თქმით, აქ ისტორიულად უცნაური მდგომარეობაა: ყოველდღიურად რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები აჟღერებენ, რომ მათი მიზანი სწორედ ესაა და თუნდაც, იმის მტკიცება, რომ უკრაინელი ერი არ არსებობს თავისი ბუნებით გენოციდურია. თუმცა ტიმოთი სნაიდერი საკვების მიწოდების შეზღუდვას ასევე გენოციდურ აქტად მიიჩნევს. 

"პარადოქსულად ჟღერს, თუმცა მე ვფიქრობ, დასავლეთი თავს არიდებს სიტყვა "გენოციდს", რადგან მათ იციან, რომ რაც უკრაინაში ხდება გენოციდია. და თუ ისინი ამ პროცესს გენოციდად შეაფასებენ, მაშინ ეს მოითხოვს მათგან უფრო მასშტაბურ კონტრიბუციას" - თქვა ამერიკელმა ისტორიკოსმა, ტიმოთი სნაიდერმა. 

ტიმოთი სნაიდერი მიმდინარე ომს ჰოლოდომორს ადარებს და იხსენებს 2000-იანი წლების ისტორიკოსთა კონფერენციებს, სადაც რუსი ისტორიკოსები აქტიურად ამტკიცებდნენ, რომ ჰოლოდომორი ადმინისტრაციული ხარვეზი იყო და არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ ყველა შიმშილობდა.

სნაიდერის აზრით, შიმშილის ომის იარაღად გამოყენება რუსული პრაქტიკაა. რუსეთის გააქტიურება აფრიკაში ასევე საკვების მარაგებს უკავშირდება - პუტინის რეჟიმი აფრიკულ ქვეყნებს შიმშილით ემუქრება და ალტერნატივად რუსეთის მიერ საკვების მიღებას სთავაზობს. ამ შემთხვევაშიც შიმშილით სიკვდილი პოლიტიკური იარაღია პუტინის ხელში. 

ტიმოთი სნაიდერი იკვლევს აღმოსავლეთ ევროპის ისტორიას და კითხულობს კურსს "თანამედროვე უკრაინის შექმნა" იელის უნივერსიტეტში. ამასთან, მისი საკვლევი ინტერესებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გენოციდის დანაშაულის ფენომენი. 

კომენტარები